Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბალი კვალიფიკაცია, მაღალი პასუხისმგებლობა


პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას გამოცდების ეროვნული ცენტრი 10 აგვისტოს დაასრულებს. ნაწილობრივი შედეგებით კი გამოიკვეთა, რომ პედაგოგთა დიდმა ნაწილმა სავალდებულო ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო. გამოცდებმა მასწავლებელთა კვალიფიკაციის დაბალი დონე გამოავლინა. რა განაპირობებს ამ დონეს?

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები ამ ეტაპზე ისეთ დისციპლინებშია ცნობილი, როგორიცაა ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და სახვითი ხელოვნება. მათ შორის სავალდებულო 60 პროცენტიანი ბარიერი მათემატიკაში პედაგოგთა 86-მა პროცენტმა ვერ გადალახა, ქიმიაში - 91-მა პროცენტმა, ფიზიკაში - 96-მა პროცენტმა, ბიოლოგიაში - 77-მა პროცენტმა, სამოქალაქო განათლებაში - 83-მა პროცენტმა, სახვით ხელოვნებაში - 74-მა პროცენტმა. შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგებმა - მათი შედეგები, შესაბამისად, არის 57 და 49 პროცენტი. უახლოეს ხანში გამოქვეყნდება ქართულსა და უცხო ენაში გამოცდების შედეგები.
მე მგონია, თუკი რამე რესურსი აქვს სახელმწიფოს, უნდა სწორედ პედაგოგზე მიმართოს და მიმართოს არა მხოლოდ კონკრეტულ პედაგოგებზე, ვინც უშუალოდ ჩართულია გამოცდების პროცესში, არამედ, ზოგადად, ამ პროფესიის სტატუსის ამაღლებაზე...
ივა მინდაძე

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობისთვის 2013 წელს 26 000-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა. გამოცდაზე მათი 17-18 პროცენტი არ გამოცხადდა. გამოცხადებულებმა კი, ზოგადად, აჩვენეს შედეგი, რომლით უკმაყოფილებას გამოცდების ეროვნული ცენტრიც გამოხატავს. ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა კომპლექსურია, მაგრამ ამ კომპლექსში წამყვანი სახელმწიფოს მიდგომაა:

“მე მგონია, თუკი რამე რესურსი აქვს სახელმწიფოს, უნდა სწორედ პედაგოგზე მიმართოს და მიმართოს არა მხოლოდ კონკრეტულ პედაგოგებზე, ვინც უშუალოდ ჩართულია გამოცდების პროცესში, არამედ, ზოგადად, ამ პროფესიის სტატუსის ამაღლებაზე. ბევრი რესურსია, ჩემი აზრით, მისამართი მომავალი პედაგოგების მომზადებაზე“.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ნაჩვენებ დაბალ შედეგებს ორ მთავარ გარემოებას უკავშირებს საქართველოს პარლამენტის წევრი, უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი. მისი შეფასებით, პედაგოგთა დიდი ნაწილის მიერ სავალდებულო ბარიერის დაუძლევლობა, ერთი მხრივ, უკავშირდება მიმდინარე წელს სახელმწიფოს მიერ პედაგოგებისადმი გამოჩენილ უყურადღებობას, მეორე მხრივ კი, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების დისკრედიტაციას „ქართული ოცნების“ მიერ:

“ის, რაც ტარდებოდა წლების განმავლობაში - გადამზადება და მეთოდური დახმარება მასწავლებლების, წელს ეს დახმარება არ მოხდა. „ქართული ოცნება“ მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეწეოდა დისკრედიტაციას ამ გამოცდების და მან გააჩინა მოლოდინი, რომ ეს გამოცდები არ იქნებოდა იმდენად მკაცრი, როგორიც იყო წინა წლებში".

სერგო რატიანის პასუხად, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს უმოქმედობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრობლემა თვალშისაცემი იყო გასულ წლებშიც:

“მე, უბრალოდ, მიკვირს, წელს რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, როდესაც სამი წელია მუდმივად სტატისტიკურად ერთი და იგივე ციფრები გვაქვს. სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 9895-მა მასწავლებელმა მოახდინა სერტიფიცირება. ჩვენ არ მოგვწონს ხომ ეს რეალობა, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა. ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ, ვთქვათ, 60 წლის მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე. იქნებ ჯობია, ჩვენ ვიფიქროთ საუნივერსიტეტო პროგრამების სრულყოფაზე და იმაზე, სკოლის მოსწავლეს როგორ მოვანდომოთ მასწავლებლობა. ჩვენ თუ ამას დღეს დავიწყებთ, 10 წლის შემდეგ გვექნება შედეგი“.
თამარ მოსიაშვილი
თამარ მოსიაშვილი

თამარ მოსიაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს სტრატეგია სისტემაში ახალი მაღალკვალიფიციური კადრების მიზიდვისკენ უნდა იყოს მიმართული. რაც შეეხება არსებულ რეალობას და პედაგოგთა გამოცდებს, როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ხუციშვილი აღნიშნავს, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები წელს, გასულ წელთან შედარებით, რთული იყო და, ზოგადად, ტენდენციაც წლიდან წლამდე გართულებით ხასიათდება:

“ტენდენციურად, ყოველწლიურად რთულდება ტესტები და შემდეგ გამოდის ისე, რომ თავიდან ვინც ჩააბარა ეს გამოცდები, თურმე ისინი ყოფილან ძლიერები და შემდეგ და შემდეგ ვინც გავიდა გამოცდაზე, ის მასწავლებლები უკვე აღარ ვარგიან. ასე არ ხდება და ასე არ შეიძლება, მასწავლებელს რაღაც იარლიყი მიარტყა“.

თეა ხუციშვილი, საგამოცდო ტესტების სირთულის გარდა, გამოყოფს ასევე გამოსაცდელი მასალის დიდ მოცულობას და მის დასაძლევად არასაკმარის დროს. განსაკუთრებით წუხს იმაზე, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებზე მსჯელობა, ზოგადად, საგრძნობლად ლახავს პედაგოგის ავტორიტეტს.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. გამოცდები ნებაყოფლობითია, თუმცა, არსებული კანონმდებლობით, 2014 წლის ჩათვლით, სასერტიფიკაციო გამოცდები ყველა პედაგოგმა უნდა ჩააბაროს. 2014 წლის შემდეგ არასერტიფიცირებულ პედაგოგებს მასწავლებლობის უფლება ერთმევათ, მანამდე კი სერტიფიცირებული პედაგოგის უპირატესობა არასერტიფიცირებულთან სახელფასო დანამატში გამოიხატება. ქვეყნის მასშტაბით, 70 000-მდე პედაგოგიდან, 2012 წლის მონაცემებით, სერტიფიცირებული 10 000-მდე პედაგოგია.
XS
SM
MD
LG