Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა


ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია შესაცვლელია და ის განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა ჩანაცვლდეს. ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ საქმესთან დაკავშირებით მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა შსს-ს მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილებასა და თბილისის პროკურორს.

მომხდარიდან სამი დღის შემდეგ თავისუფალი დემოკრატებისთვის არაფერია ცნობილი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც თანაპარტიელი მოინახულა. ალასანია საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ეუთოს წარმომადგენელთან, შვეიცარიის ყოფილ ელჩთან საქართველოში, გიუნტერ ბეხლერთან ერთად მივიდა. ირაკლი ალასანიას შენიშვნები აქვს თავად საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც: ის, სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების ნაცვლად, მკვლელობის მცდელობის მუხლით საქმის აღძვრას მოითხოვს. საქმეში მეტი სიცხადისთვის კი, თავისუფალი დემოკრატები პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ.

„ჩვენ გვინდა, რომ, როგორც დაზარალებულს, ბატონ პეტრიაშვილს ავუყვანოთ ადვოკატი, იმიტომ რომ ადვოკატი თავად გაეცნობა საქმის მიმდინარეობასაც. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. ეს არ ნიშნავს არანაირ უნდობლობას. უბრალოდ, მესამე დღე გავიდა და ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს. ეს არის მკვლელობის მცდელობა. რადგან ასეთი სისასტიკით მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა, არის შეკვეთილი და მუხლიც შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. მე პირადად და თავისუფალ დემოკრატებს არ მიგვიცია თავისთვის უფლება, რომ სპეკულაციებზე ვილაპარაკოთ, რომ გამოძიებას სწორი მიმართულებით წასვლაში არ შეეშალოს ხელი“.

რამდენადაც სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული, იმდენად თითოეულ მოქალაქეს დაცულობის გრძნობა ექნება. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კითხვის ნიშანი და დაუცველობის შეგრძნება ღრმავდება...
გიორგი აბაშიშვილი

პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმის უსწრაფეს გამოძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი:

„ეს არის პრინციპული საკითხი და ხაზი გადის იმაზე, რამდენად დაცულია თითოეული მოქალაქე. და რამდენადაც სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული, იმდენად თითოეულ მოქალაქეს დაცულობის გრძნობა ექნება. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კითხვის ნიშანი და დაუცველობის შეგრძნება ღრმავდება“.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიციის შიგნით „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე 26 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით კვლავ ორაზროვანი კომენტარები ისმის, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მომხდარს „ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები უსწრაფესად გამოვლინდებიან და დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით:

„კანონის მთელ სიმკაცრეზე ამ შემთხვევაში მე ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად, იმიტომ რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება, პარლამენტარები, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ მუხლებს და მერე ვსაზღვრავთ მუხლებს, ვითვალისწინებთ იმას, რომ როცა დანაშაული ხდება განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი“.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ აქვს და არც საქმის გამოძიებაშია ჩართული სახალხო დამცველი, მაგრამ, უჩა ნანუაშვილის თქმით, საქმისადმი ინტერესი ძალინ მაღალია:

„ჩვენ ჩართული არ ვართ. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ გავაკეთეთ განცხადება, რომ ცხელ კვალზე უნდა მოხდეს გახსნა და ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვით, მათ შორის, კვალიფიკაციასთან დაკავშირებით“.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 26 თებერვალს დაჭრეს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე. გასულ კვირაში პეტრიაშვილს გაუკეთეს ორი ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ, საქმესთან დაკავშირებით მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა შსს-ს მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილებასა და თბილისის პროკურორს და ახლა მათგან რეაგირებას და პასუხს ელის.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG