Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიჭური ოკუპაცია


ცხინვალი
ცხინვალი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აპირებს უჩივლოს და სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციის ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორ კომპანიას, რომელიც სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონების დარღვევით საქმიანობს. კომისიის მიერ ჩატარებულმა რადიომონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია რუსეთში რეგისტრირებული კომპანიის საბაზო სატელეფონო სადგურები. საკითხავია, როგორ ითვისებენ რუსეთის ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს და როგორ უპირისპირდება მათ საქართველოს ხელისუფლება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 1 ნოემბერს ჩატარებულმა რადიომონიტორინგმა დაადასტურა სოფლების ერგნეთის, დიცის, დვანის, ნიქოზის, არბოს, მერეთისა და თერგისის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის მუშაობის ფაქტი. კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმით, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა კომპანიის იდენტიფიცირება, თუმცა ამ მიმართულებით კომისია განაგრძობს მუშაობას და მისი წარმომადგენელიც იმედოვნებს, რომ ისევე როგორც წლების წინ, ამჯერადაც მოხერხდება დამნაშავის გამოვლენა და დასჯა.

„კომისიამ ხუთჯერ დააჯარიმა რუსული მობილური ოპერატორი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის გამო. გარდა ამისა, ოთხი ტელეკომპანია ორ-ორჯერ, ხოლო ერთი რადიომაუწყებელი ერთხელ დააჯარიმა. კომისიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმ წლების ყველა მასალას მისცა მსვლელობა, აცნობა საერთაშორისო კომპანიებს, აცნობა თავად რუსეთის ფედერაციას და აცნობა ადგილობრივ დონეზე მთავარ პროკურატურას“, - უთხრა ხატია ყურაშვილმა რადიო თავისუფლებას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული კომპანიების მიერ უკანონო საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაიგზავნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) და ჯი-ეს-ემ ასოციაციაში (GSM Association)...
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„რუსულ მობილურ ოპერატორ „მეგაფონს“ 2008-2009 წლებში კომისიამ სანქცია ხუთჯერ დააკისრა და ბოლო სანქციის ოდენობამ ერთი მილიონი ლარი შეადგინა. „რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რუსეთის ფედერაციის ტელერადიოკომპანია „Россия“-ს და ტელეკომპანიებს „НТВ“, „НТВ+“ და „ТВ-Центр“ კომისიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობისთვის სანქცია ორ-ორჯერ დააკისრა. პირველი ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იყო, ხოლო მეორე ჯარიმის ოდენობამ თითოეული კომპანიისთვის 500 000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, კომისიამ საქმის მასალები თავად რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის სამინისტროს გადაუგზავნა და მოსთხოვა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი მეწარმე სუბიექტების უკანონო ქმედებების აღკვეთა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული კომპანიების მიერ უკანონო საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაიგზავნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) და ჯი-ეს-ემ ასოციაციაში (GSM Association )“.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის კომპანიების უკანონო მოქმედების გამო უკმაყოფილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა. ბიძინა ივანიშვილმა იმ კომპანიის ვინაობაც დაასახელა, რომელიც ცხინვალის რეგიონში ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ფუნქციონირებს:
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„პოლონელი ჟურნალისტებისგან მივიღე ინფორმაცია: როცა საზღვართან ახლოს მივიდნენ, რუსულმა ტელეფონმა აღნიშნა, რომ თქვენ მოხვედით რუსეთის ტერიტორიაზეო. ასეთი რამ მოხდა, საზღვარს რომ მიუახლოვდნენ 200 მეტრში. ეს ჩვენ ჩავინიშნეთ, ახლა ცდებს ვატარებთ და ვაპირებთ ვუჩივლოთ MTC-ს სადაც საჭიროა. ეს არის აღმაშფოთებელი. და მივმართავთ რუსეთის ხელისუფლებასაც, რომ თავი შეიკავოს“.

რომელი რუსული კომპანიები საქმიანობენ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე? ამ საკითხით რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი მურად გუკემუხოვიც დაინტერესდა. კითხვის პასუხად, თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა ალან ჯუსოევმა განაცხადა:

„ერთადერთი ოპერატორი, რომელიც დათანხმდა 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ემუშავა, „მეგაფონია“. საერთაშორისო კომპანია МТС-მა უარი განაცხადა, რადგანაც რუსეთის გარდა არც ერთმა მისმა დამფუძნებელმა არ ცნო სამხრეთ ოსეთი. „ბილაინი“ კი ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორია საქართველოს ბაზარზე. ჩვენ გამო შეეძლო ბიზნესის დაკარგვა. ასე რომ, მისი უარი შემოსულიყო სამხრეთ ოსეთში, სავსებით გასაგებია“.
5 წლის წინ წარმოვადგინე მტკიცებულებები და შესაბამისი საბუთები გადავუგზავნე საქართველოს პროკურატურას, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ მუშაობდნენ რუსული ოპერატორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მუშაობდა აფხაზური ოპერატორი „აკვაფონი“, რომელსაც ჰქონდა ქართული სიხშირე...
პაატა დავითაია

რუსეთში რეგისტრირებულ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ათვისებული აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაც, თუმცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ კომისია ამ მიმართულებითაც მუშაობს, მაგრამ შედარებით რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელება და უკანონოდ მოქმედი ოპერატორების გამოვლენა გაძნელებულია. პასუხად დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ყოფილი იუსტიციის მინისტრი პაატა დავითაია ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ წლების წინ შეისწავლა დეტალურად და მოკვლეული მასალები გადაუგზავნა პროკურატურას:

„5 წლის წინ წარმოვადგინე მტკიცებულებები და შესაბამისი საბუთები გადავუგზავნე საქართველოს პროკურატურას, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ მუშაობდნენ რუსული ოპერატორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მუშაობდა აფხაზური ოპერატორი „აკვაფონი“, რომელსაც ჰქონდა ქართული სიხშირე“.

პაატა დავითაიას თქმით, გარკვეული დროის შემდეგ „აკვაფონი“ გადავიდა რუსულ სიხშირეზე, თუმცა გამოუძიებელი დარჩა ის, თუ როგორ აღმოჩნდა ქართული სიხშირე ჯერ აფხაზური, ხოლო შემდეგ რუსული კომპანიის ხელში. პაატა დავითაია ეჭვობს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი დაინტერესება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის კერძო სექტორის უკანონო საქმიანობით, პიარის ნაწილია და არა ვითარების გამოსწორების რეალური მცდელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები უკვე გადადგამდნენ ქმედით ნაბიჯებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG