Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგი სკოლას პროტესტის ნიშნად ტოვებს


51-ე საჯრო სკოლა
51-ე საჯრო სკოლა
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს თხოვნით, შეისწავლოს 51-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ლევან კიკვიძის მიერ სკოლის იძულებით დატოვების მართლზომიერების საკითხი. ისტორიის, სახელმწიფოსა და მოქალაქეობის მასწავლებელი ლევან კიკვიძე ამბობს, რომ სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო დაწერა. მისი განცხადებით, 27 მაისს მან მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური კოალიციის - ”ქართული ოცნების” -წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაში და სოციალური ქსლის მეშვეობით მეგობრებსაც მოუწოდა ღონისძიებას დასწრებოდნენ. 29 მაისს კი ის 51-ე სკოლის დირეტორმა დავით ლაგვილავამ დაიბარა, განმარტება მოსთხოვა და სკოლის დატოვების თაობაზე განცხადების დაწერა შესთავაზა.

51-ე საჯრო სკოლის პედაგოგის ლევან კიკვიძის განცხადებით, სკოლის დირექტორმა დავით ლაგვილავამ 29 მაისს ახსნა-განმარტება მოსთხოვა და სკოლის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესთავაზა იმის გამო, რომ მეგობრებს სოციალური ქსლის მეშვეობით პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აქციაში მონაწილეობის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ამასთან, 28 მაისს ლევან კიკვიძე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა ასევე სოციალურ ქსელში და ამ ფაქტს ”ხელისუფლების მორიგი უზნეო საქციელი” უწოდა.
დირექტორი მიბარებს კაბინეტში, მიწყობს დაკითხვას ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ყველაფერი ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი ...
ლევან კიკვიძე

ლევან კიკვიძის სიტყვებით, დირექტორმა მას ურჩია, დალოდებოდა ხელისუფლების შეცვლას და ახალი ხელისუფლების შემდეგ დასაქმებულიყო.
ლევან კიკვიძის სიტყვებით, ის სკოლის დატოვებას მაინც არა პირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ სკოლაში პედაგოგებიც აღარ ესალმებოდნენ, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მიიჩნია, რომ მისთვის სკოლაში შესაბამისი სამუშაო გარემო აღარ იყო და სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადებაც სწორედ ამ შინაარსის დაწერა, თუმცა, როცა სკოლაში განცხადების შესატანად მივიდა, ის იქ არ შეუშვეს:

”დირექტორი მიბარებს კაბინეტში, მიწყობს დაკითხვას ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ყველაფერი ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი. მე ეს ყველაფერი დავწერე განცხადებაში და იქვე მივუთითე, რომ პროტესტის ნიშნად ვტოვებ სკოლას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის მიუღებელია იქ მუშაობა, სადაც ადამიანს პირადი უფლება ეზღუდება. სკოლაში მე ვარ აპოლიტიკური, შესაბამისად, მე მის ამ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმები და ვერ დავწერდი განცხადებას, რომ მე წავალ. ხმაურის გარეშე არ წავედი. რა თქმა უნდა, ეს არის პროტესტი, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა.”

რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარს 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მხოლოდ ერთხელ უპასუხა და გვთხოვა მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა ამის შემდეგ ზარებისთვის აღარ უპასუხია. გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას კი დავით ლაგვილავამ განაცხადა, რომ „მასწავლებლის სისულელეებზე კომენტარს არ გააკეთებს“ და რომ მას, „როგორც ჩანს, პრობლემები ჰქონდა. კიკვიძე არაადეკვატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.“

იმის გამო, რომ სკოლის პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები” სამართლებრივ დავას ვერ იწყებს და თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიმართავს საქმის შესწავლის მოთხოვნით. ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადავოკატების“ დამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი ამბობს:

სკოლა არის ავტონომია, გადაწყვეტილებებს იღებს სამეურვეო საბჭო და სკოლის დირექცია და, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ კომპეტენციაში ჩავერიოთ ...
ნინო პოტრჟებსკაია

” ჩვენ ვფიქრობთ, რომ დირექტორი მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს შემთხვევა წარმოადგებს დისკრიმინაციას და თავად დირექტორმა, თავად ამ პიროვნებამ დაარღვია შრომითი ხელშეკრულება.”

არჩილ კაიაკაციშვილი შრომითი ხელშეკრულების დარღვევაზე საუბრისას გულისხმობს იმას, რომ ლევან კიკვიძეს სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 15 სექტემბრამდე ჰქონდა დადებული და რომ არსებობს საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ პედაგოგი პოლიტიკური მოტივით აიძულეს სკოლიდან წასულიყო. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ის ”ახალგაზრდა ადვოკატების” მიმართვის ადრესატია. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოტრჟებსკაია ამბობს, რომ სკოლა ავტონომიურია გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა მიმართვის შემთხვევაში შესაძლო რეაგირებაზეც საუბრობს:

”სკოლა არის ავტონომია, გადაწყვეტილებებს იღებს სამეურვეო საბჭო და სკოლის დირექცია და, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ კომპეტენციაში ჩავერიოთ. თუ მოგვმართავენ განცხადებით, ჩვენი გენერალური ინსპექცია შეისწავლის საკითხს.“

ნინო პოტრჟებსკაიას მიერ ნახსენები სკოლის ავტონომიურობის არ სჯერა სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს თეა თუთბერიძეს. მისი სიტყვებით, დღეს სკოლა იმაზე მეტად ცენტრალიზებულად იმართება განათლების სამინისტროს მიერ, ვიდრე ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა და სკოლის პოლიტიზების მასშტაბებზე საუბრისას ამბობს, რომ სკოლის პედაგოგთა 99% პროცენტს საკუთარი შეხედულებების გამოთქმის ნება არ აქვს:

”სკოლა არის იმდენად ცენტრალიზებული, რამდენად ცენტრალიზებული თვით საბჭოთა განათლების სისტემის დროს არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მე ვეჭვობ, რომ ეს სკოლები ვერ შეძლებენ თავისუფლად და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების აღზრდას და გამოშვებას, იმიტომ რომ თუკი სკოლის დირექტორი, პედაგოგი არ არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ის ვერასოდეს შეძლებს გაზარდოს ჩემი შვილი დამოუკიდებელ და თავისუფალ მოაზროვნედ.”

თეა თუთბერიძეს არა აქვს იმედი, რომ განათლების სამინისტროში დღეს რომელიმე პედაგოგი სამართალს იპოვის.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG