Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის სიტყვა გაეროს ტრიბუნიდან


21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტულ ასპექტებზე ილაპარაკა, ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციურ პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. გიორგი კვრიკაშვილის გამოსვლის ნაწილი დაეთმო ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის, ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობას. მისი თქმით, საქართველოს წვლილი შეაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობას და, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით.

პრემიერის სიტყვა გაეროს ტრიბუნიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:06:22 0:00
გადმოწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საუბარი საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის გაუმჯობესებული მაჩვენებლების ჩამოთვლით დაიწყო. აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასტიკი ბრძოლაა გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ, დაცულია საკუთრების უფლება და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. შიდა პოლიტიკური საკითხების კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებზე:

„ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია“.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებისა და სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნლობაზე. ამასთან, მისი თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. საქართველოს წვლილი შეაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით. ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა ერთმანეთს შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც საქართველო ახორციელებს თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ბიზნესის წარმოების რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება სწორია და ამისკენ მიისწრაფვის ქვეყანა უკანასკნელი ათეული წელია, ამბობს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია. თუმცა, მისი სიტყვებით, ეს არ არის მოკლევადიანი პერსპექტივა და ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ამ მიმართულებით ახლა იწყება, ახლო მომავალში შედეგის მომცემი ვერ იქნება:

„მართალია, ანაკლიის პორტი შენდება, აქტიური ტემპებითაც, თუმცა თუ მის ფაზებს გავითვალისწინებთ, როდესაც ის სრულფასოვნად უნდა ამოქმედდეს, ეს 10 და მეტ წელზეა გაანგარიშებული. შესაბამისად, ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც, რა თქმა უნდა, თუ დღეს არ დავიწყეთ, ვერ შესრულდება. ამიტომ ვამბობ, რომ მიმართულებები კარგია და სწორია, თუმცა ზედმეტ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და არ გვეგონოს, რომ ეს დღეს თუ არა, ხვალვე მოხდება“.

თავის მხრივ, ეკონომიკური თემების გარდა, პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლისას საგანგებო ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მისი სიტყვებით, „გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი“ და გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას:

„2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე. წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია. რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე. წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს, უბრალოდ, შუაზე ყოფს“.

როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნაა, ვინაიდან ასამბლეაზე წარმოდგენილია გაეროს წევრი 193-ვე სახელმწიფო. შესაბამისად, ამ ტრიბუნიდან ისეთი აქტუალური საკითხების წარმოჩენა, როგორიც არის კონფლიქტები, რუსეთის აგრესია, ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და დე ფაქტო ანექსია, განსაკუთრებული ყურადღებით აღიქმება:

„საქართველოს პოზიცია მეტ-ნაკლებად მკაფიოდ იყო გაჟღერებული, მათ შორის ის, რომ საქართველო არ აპირებს პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას, საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს გზით აპირებს პრობლემის მოგვარებას“.

როგორც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილე საქართველოს დელეგაციის წევრები აღნიშნავდნენ, პრემიერის სიტყვა კომპლექსური იყო და თავის თავში იტევდა ყველა იმ საჭირბოროტო თემას, რომელიც ახლა საქართველოს აწუხებს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, საგულისხმო იყო პრემიერის სიტყვაში დეოკუპაციის საკითხი და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, რამაც ამჟამად საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მხარეების სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა უზრუნველყოს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG