Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეხვედრა უკვე შედეგია“


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ორი საათის განმავლობაში, მათი თქმით, ღია და მეგობრულ ატმოსფეროში საუბრობდნენ პრეზიდენტთან ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ირგვლივ.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უწოდა „უაღრესად საინტერესო“ და ინფორმატიული. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები პოლიტიკოსს შესაძლებლობას აძლევს არ დაკარგოს კავშირი საზოგადოებასა და ხალხთან და დეტალურად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორში. გიორგი მარგველშვილმა 2 -საათიანი შეხვედრის დროს განხილული საკითხები გლობალურად დააჯგუფა:

პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს შეხვდა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00
გადმოწერა

„იყო დეტალები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც მე არ ვიცოდი. გლობალურად, ეს იყო ადამიანის უფლებები, ის დემოკრატული პროცედურები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება; რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო გარემო; რა თქმა უნდა, მცდელობა ამ წინასაარჩევნო სისტემების გაუმჯობესების, ეკოლოგიური საკითხები - ეს იყო წრე იმ საკითხების, რომლებზეც ვისაუბრეთ“.

„მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტული შედეგებით დასრულდა ეს შეხვედრა, შეხვედრა უკვე არის შედეგი, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ტიპის შეხვედრებს მიეცემა რეგულარული ხასიათი“, თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ, რომელმაც გიორგი მარგველაშვილთან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევასთან დაკავშირებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, იყო სხვა თემებიც:

„ვისაუბრეთ სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ასევე ვისაუბრეთ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, ასევე მოწმის დაკითხვის წესის გადავადებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის შეფასებით, ეს იყო უშუალო საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაშია:

„ვისაუბრეთ უმცირესობების უფლებების დაცვაზე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსზე და, ზოგადად, ამ პროცესში პერზიდენტის როლზე. ვისაუბრეთ, ზოგადად, ადამიანის უფლებებზე და იმ როლზე, რა როლიც ეკისრება პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. საუბარი იყო სამართალდამცავ ორგანოებზე და, ზოგადად, აქ არსებულ პრობლემაზე, მოსმენაზე და მიყურადებაზე, ანუ აბსოლუტურად ყველა თემა იყო მოცული“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, დიდია პრეზიდენტის როლი საკანონმდებლო პროცესზე გავლენის თვალსაზრისით და მომავალში გამოჩნდება მოახდენს თუ არა, თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორი გავლენას პრეზიდენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, პრეზიდენტი არ დაეთანხმა წარსულში ჩადენილ დანაშაულებათა გამოსაძიებლად სპეციალური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას:

„მან განაცხადა, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი და სახელმწიფო ბიუჯეტი, სავარაუდოდ, არ ეყოფა ამ კომპენსაციას და ამიტომ ის არ ეთანხმება იმას, რომ, შერჩევით, 2004 წლიდან არსებული საქმეები გადაიხედოს“.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებლის ლევან ავალიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ნაკლები ბერკეტები აქვს საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად ჩასართველად, ის მაინც, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც რეკომენდაციების მიცემა შეუძლია სამთავრობო გუნდისთვის, მნიშვნელოვანი პირია. შესაბამისად, მისთვის ინფორმაციის მიწოდება და ამა თუ იმ საკითხისადმი მისი დამოკიდებულების შეტყობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ასეთი შესაძლებლობა სამოქალაქო სექტორს, ესაუბრა პრეზიდენტთან პირისპირ, აქამდე არ მისცემია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG