Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2 სექტემბერი, 2016 წ.


გასულ კვირაში დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები ცენტრალური ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში, ევროპის მომავალი „ბრექსიტის“ ფონზე.

ვლადიმირ პუტინის იარაღის ჟღარუნმა დააშინა უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთის მხრიდან შესაძლო სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის მოლოდინი გააჩინა, რასაც ნატოს მხრიდან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ცივი ომის შემდგომ უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზება მოჰყვა. „ნიუსვიკის“ თანახმად, კიევისა და ნატოსათვის ბოლო თავსატეხად იქცა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონებში სექტემბერისათვის სამხედრო მანევრების დაგეგმვა, რასაც წინ უსწრებდა 25 აგვისტოს დაწყებული არაგეგმიური სამხედრო მანევრები უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარშემო. „თუ მოსკოვი დაინტერესებულია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, მაშინ ეს სამხედრო სწავლებებით არ მიიღწევა“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული სამხედრო სწავლება ჩაატარა, მაშინ როცა ნატოს წევრ ქვეყნებს, გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ცივი ომის შემდეგ არც ერთი სამხედრო მანევრები არ გაუმართავთ.

სექტემბერში რუსეთი აპირებს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი ყოველწლიური სამხედრო სწავლებები, „კავკაზ -2016“, რომლის სცენარის თანახმად იგეგმება ჯარებისა და ტექნიკის გადასროლა უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქები, შავი ზღვის სამხედრო ფლოტი და კასპიის ზღვის ფლოტილია. შარშან ანალოგიურ სწავლებებში 95 ათასი ჯარისკაცი, 7000-მდე ჯავშანტექნიკა და 150 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. „რთულ საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში მნიშვნელოვანია შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები სამხრეთ-აღმოსავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - შეგვახსენებს „ნიუსვიკი“ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ ამ სამხედრო სწავლებების თაობაზე ჯერ კიდევ იანვარში ნათქვამ სიტყვებს.

ანალიტიკურ პორტალ „პროჯეკტ სინდიკატის“ კვლევის საგანია „ბრექსიტი“ და ევროპის მომავალი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უცნობია, თუ როდის წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მომზადებულ თავის გეგმას. გაირკვა, რომ ასეთი გაურკვევლობის პირობებში, რამდენიმე ევროპელმა მკვლევარმა შეიმუშავა წინადადებათა პაკეტი, ევროპის კონცეფცია 10-20 წლის პერსპექტივით. ეს კოცეფცია გულისხმობს კონტინენტალური თანმშრომლობის განვითარებას, რამაც ახალი ბაზა უნდა შექმნას დიდ ბრიტანეთთან გრძელვადიან ეკონომიკურ, საგარეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობისათვის. „კონცეფციის ძირითადი იდეაა შეიქმნას თანამშრომლობის ისეთი მოდელი, რომელიც იქნება მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად ღრმა, ვიდრე ევროკავშირის წევრობაა, მაგრამ გაცილებით უფრო მჭიდრო, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. ევროპა ამით შეძლებს არა მხოლოდ შეინარჩუნოს ბრიტანეთთან ეკონომიკური კავშირი, არამედ შექმნის თანამშრომლობის ახალ მოდელს ევროპასა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კავშირში გაწევრიანებას უმოკლეს დროში ვერ შეძლებენ: ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, თურქეთთან, უკრაინასთან და, საბოლოო ჯამში, სამხრეთ-ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან“, - ნათქვამია „პროჯეკტ სინდიკატში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ჟურნალი „ნეიშენალ ინტერესტი“ ვრცელ ანალიტიკურ მასალას უძღვნის კოსოვოს, „არშემდგარ სახელმწიფოს, რომელიც დასავლეთმა შექმნა“.

წინასიტყვაობის სახით, ანალიტიკურ მასალაში ხაზგასმულია, რომ 1999 წლიდან, ანუ კოსოვოში ნატოს ინტერვენციის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოებისგან კოსოვომ პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური სისტემის აღორძინებისათვის, საშუალოდ, იმაზე უფრო დიდი ფინანსური დახმარება მიიღო, ვიდრე მანამდე რომელიმე განვითარებულმა ქვეყანამ, მათ შორის, პოსტკონფლიქტურმა ავღანეთმა, რომელიც მოსახლეობითა და ტერიტორიით ბევრად აღემატება კოსოვოს. მეტიც, საერთაშორისო დონეზე დასავლეთი კოსოვოს განიხილავდა როგორც წარმატების მაგალითს იმის დასამტკიცებლად, რომ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის ლოზუნგით შექმნილი ყველა სახელმწიფოებრივი მოდელის პროექტი როდია წარუმატებლობისათვის განწირული. თუმცა დასავლეთის მიერ წლების განმავლობაში გაწეულმა ასეთმა დიდმა დახმარებამ ნაყოფი ვერ გამოიღო.

„2014 წლის ოქტომბერსა და 2015 წლის მარტში, დაახლოებით, 70 ათასმა ადამიანმა, რომელთა შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ძმაც იყო, ქვეყანა დატოვა და თავშესაფრის მისაღებად ევროკავშირს მიმართა. განაცხადების უმრავლესობა არ იქნა დაკმაყოფილებული, მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებლები სისხლის სამართლებრივ დევნას კი არა, უმუშევრობას გაურბოდნენ. სტატისტიკის თანახმად, 24 წლამდე ასაკის კოსოვოელთა 60.2 % უმუშევარია, რაც, მსოფლიო ბანკის თანახმად, ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია. უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი კი კოსოვოში 35.1 %-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ევროკავშირში, ჯამში, 10.1 %-ს შეადგენს. ამას ემატება უცხოური ინვესტიციების კლება და რომ არა ის 600 მილიონი ევრო, რომელსაც ყოველწლიურად გზავნის სამშობლოში საზღვარგარეთ მცხოვრებ კოსოვოელთა დიასპორა, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა“, - წერს ჟურნალი „ნეიშენალ ინტერესტი“ .

ევროპული მედიის ყურადღება მიიპყრო სექტემბრის დასაწყისში დონეცკელ სეპარატისტთა წარმომადგენლობის გახსნის მცდელობამ ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში.

ამ ნაბიჯს მალევე მოჰყვა პროტესტი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ოფისის დახურვას მოითხოვს, თუმცა დონეცკელ სეპარატისტთა მხარდამჭერი, ჩეხეთის უკიდურესად მემარჯვენე მოძრაობა „სახალხო ლაშქრის“ წევრები არ აპირებენ ჩეხეთის ოფოციალური მოთხოვნების შესრულებას. ისინი არ იზიარებენ ჩეხეთის ხელისუფლების პოზიციას და უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, კრემლის პროპაგანდისტული კლიშეს ანალოგიით, „ხუნტად“ მოიხსენიებენ. ჩვენ გვსურს „ხელი შევუწყოთ ურთიერთობის დამყარებას დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის“, რასაც სასიკეთოდ წაადგება ერთ დროს დაძმობილებულ ქალაქებს, დონეცკსა და ოსტრავას შორის სამრეწველო ურთიერთობების აღდგენა, - ამბობს ჩეხეთის „სახალხო ლაშქრის“ მოძრაობის წევრი ნელა ლიკსოვა, რომელიც თავის თავს ოსტრავაში დაფუძნებული დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლობის „საპატიო კონსულს“ უწოდებს.

ჩეხეთის პარლამენტისა და ევროპარლამენტის წვერმა, ცნობილმა ჩეხმა პოლიტიკოსმა იარომირ შტეტინამ ჩეხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დააპატიმრონ და ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლონ ლისკოვა, რომელმაც, ჩეხი პოლიტიკოსის თქმით, „სასაცილოდ აიგდო ჩეხეთის დიპლომატია“. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 სექტემბერს პირობა დადო, რომ დაიხურება დონეცკელ სეპარატისტთა მიერ თვითგამოცხადებული წარმომადგენლობა, რომლის უკანაც რუსეთის ხელს ხედავს ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელობა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG