Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაძლიერდნენ თუ არა ”მაყურებლები” საპატიმროებში


სასჯელაღსრულების მინისტრი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სახალხო დამცველის დასკვნას, რომ საპატიმროებში ბოლო ხანებში გაძლიერდა ქურდული სამყაროს წარმომადგენლების, ე.წ. ”მაყურებლების”, პოზიციები. ომბუდსმენისა და მინისტრის კამათი დროში დაემთხვა ინფორმაციას პატიმრების მიერ სასიკვდილოდ ნაცემი ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში კიდევ რამდენიმე ბრალდებულის გამოვლენის თაობაზე.

პატიმარ კორტავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოებები მთავარმა პროკურატურამ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა. პროკურორმა კონსტანტინე კაციტაძემ საზოგადოებას კიდევ სამი ბრალდებულის - ”წარსულში განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პატიმრების” (დაშნიანის, გურეშიძის, უშხვანის) - შესახებ ამცნო:

”რომლებმაც 2013 წლის 12 მაისს, სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებაში ე.წ. კრიმინალური გარჩევისას, განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა, წარედგინათ ბრალდებები ქურდული სამყაროს წევრობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ლევან კორტავას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში მონაწილეთათვის წაყენებული ბრალი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 13 წლამდე. ამასთან, პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად. აქვე გავიხსენოთ, რომ, აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან კორტავას ცემის შედეგად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით 10-მდე პირი დააკავეს, მათ შორის გეგუთის კოლონიის ყოფილი თანამშრომლები და პატიმრებიც, რომლებმაც ლევან კორტავას 12 მაისს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მძიმე საგნების გამოყენებით, უმოწყალოდ ორჯერ სცემეს. 24 წლის პატიმარი სწორედ ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მიღებული მძიმე ტრავმების გამო გარდაიცვალა 2013 წლის 23 მაისს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. გამოძიებამ დაადგინა, რომ გეგუთის კოლონიაში (სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებაში) ახლად გადაყვანილ პატიმარ კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა პატიმრებს გადააბარა.

ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, იქ დაგვხვდნენ როგორც გავლენიანი ადამიანები, რომლებიც არიან „გადაკეტილები“ სხვაგან. ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს არის შემცირებული და ძალიან მალე აღარ იარსებებს...
სოზარ სუბარი
ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტმა იმთავითვე გაააქტიურა დისკუსია საპატიმროებში „მაყურებელთა“ ინსტიტუტის გაძლიერების თაობაზე და რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასეთი ვარაუდი იმხანად არაერთმა უფლებადამცველმა გამოთქვა. გეგუთის კოლონიაში ე.წ. ”მაყურებელთა“ ინსტიტუტის გაბატონების თაობაზე ლაპარაკი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშიც. გამოთქმული იყო ერთგვარი პროგნოზიც, რომ ”სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში”, მოსალოდნელია მსგავსი ტიპის ფაქტებმა, ანუ ”პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა, სისტემური ხასიათი მიიღოს”.

„მაყურებელთა“ ინსტიტუტის შესაძლო გაძლიერების თაობაზე გავრცელებულ ვარაუდებსა თუ პროგნოზებს არასოდეს იზიარებდა სასჯელაღსრულების მინისტრი და მას ამ საკითხზე არაერთი კომენტარის გაკეთება მოუხდა 10 დეკემბერსაც. სოზარ სუბარმა თქვა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან პატიმარ კორტავას საქმესთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება მეტ სიახლეს შეიტყობს და რომ ეს ყველაფერი სისტემაში შემორჩენილთა ნახელავია:

”ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, იქ დაგვხვდნენ როგორც გავლენიანი ადამიანები, რომლებიც არიან „გადაკეტილები“ სხვაგან. ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს არის შემცირებული და ძალიან მალე აღარ იარსებებს”.

მიღწეულ შედეგებს და „მაყურებელთა“ ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს არასაკმარისად მიიჩნევს სახალხო დამცველი და ეს მან 10 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებსაც გაუმეორა. უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება უფრო უნდა გააქტიურდეს:

”’მაყურებლების’ ინსტიტუტი არსებობდა წლების განმავლობაში, მაგრამ მიმდინარე წელს შეინიშნებოდა, რომ ეს ინსტიტუტი უფრო მეტად გაძლიერდა და ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. საჭიროა ამ გამოვლინებასთან ბრძოლა და ხელისუფლებამ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას იქითკენ, რომ კონკრეტული ფაქტები ამ ინსტიტუტის გაძლიერებისა უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს შესაბამისად”.

უჩა ნანუაშვილი ვერ დაასახელებს ვერც ერთ ფაქტს, რომელიც „მაყურებელთა“ ინსტიტუტის გაძლიერებაზე მეტყველებს, - ამბობს სახალხო დამცველის განცხადების პასუხად სასჯელაღსრულების მინისტრი. სოზარ სუბარის თქმით, უჩა ნანუაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გახმაურებულ ცრუ ბრალდებას ბრმად იმეორებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG