Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურიდან თანამშრომლები მიდიან თუ თავისუფლდებიან?


მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ უწყებაში საკადრო რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ თანამშრომლებზე ზეწოლას გამორიცხავს - ასე გამოეხმაურა პროკურატურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პროკურატურიდან ითხოვენ 2012 წლის შემდეგ, არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს, დანიშნულ თანამშრომლებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ რამდენიმე პროკურორმა მიმართა, რომელთა თქმითაც, მათ სამსახური, მართალია, პირადი განცხადების საფუძველზე, მაგრამ ზეწოლის შედეგად დაატოვებინეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი პროკურორი ლევან გზირიშვილი ერთ-ერთია, ვინც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. ის პროკურატურაში 1983 წლიდან მუშაობდა, მოგვიანებით კი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო. არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ განცხადება შეიტანა პროკურატურაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დაინიშნა. ლევან გზირიშვილის სიტყვებით, ის ახალი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის კაბინეტში დაიბარეს და განუცხადეს, რომ უწყებაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო:

„ამ შემთხვევაში ან უნდა დაგისაბუთოს, რატომ უნდა წახვიდე სამსახურიდან, ან უნდა შემოგთავაზოს, როტაციის წესით, შესაბამისი თანამდებობა, თუ არაფერი დაგიშავებია და წარმატებულად იმუშავე. არც ერთი და არც მეორე რომ არ იყო და რიგით თანამშრომლად თუ წახვალთო? ამას ჩვენ ვერ გაკადრებთო, მაგრამო, ანუ ძალიან ზოგადი ფორმით იყო ნათქვამი. ასეთი, მე ვიტყოდი, არასერიოზული საუბრის შემდეგ მე თვითონ გადავწყვიტე, რომ იქ აღარ უნდა მემუშავა და ამის მერე ვუთხარი, რომ მე ასე გავიგე, რომ უნდა დავწერო განცხადება და მითხრეს, სწორად გაიგეო. მე ვუთხარი, რომ მზად ვარ ხელი არ შეგიშალოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში-მეთქი, წარმატებები ვუსურვე და წამოვედი და დავწერე განცხადება“.

",პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნას, თუმცა ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ პირადი განცხადება უნდა დაიწეროს მუშაკის საკუთარი ნამდვილი ნების და არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ლევან გზირიშვილი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას არ აპირებს - ამბობს, უწყებაში, სადაც თანამშრომელთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულება აქვთ, მუშაობის გაგრძელების სურვილი არა მაქვსო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, „რომ საკადრო ცვლილებები პროკურატურაში, ისევე როგორც სხვა უწყებაში, შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა ეს მხოლოდ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს. მართალია, ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნას, თუმცა ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ პირადი განცხადება უნდა დაიწეროს მუშაკის საკუთარი ნამდვილი ნების და არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ“.

საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის თაობაზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ლაპარაკობს. ეს ცნობები მის ანგარიშშიც შევა, რომელსაც ის მარტში წარუდგენს პარლამენტს. მანამდე კი პროკურატურიდან თანამშრომელთა დათხოვნის საკითხს სპეციალურად შეისწავლის.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი, საკითხის გარკვევის ერთადერთი, სამართლებრივი გზა არსებობს. შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პრემიერსაც და იუსტიციის მინისტრსაც საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს:

საკადრო ცვლილებები ხორციელდება და ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს პროკურატურას. ბუნებრივია, ეს ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, თუ რა წუხილებიც არსებობდა პროკურატურის მიმართ, გამოსწორდეს, შეიცვალოს და ახალმა ხელმძღვანელობამ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე დგას...
ეკა ბესელია
„ეს არის, ასე ვთქვათ, წმინდა შრომითი კონტრაქტის თაობაზე შენიშვნები. ეს სასამართლოს ძალით შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა იქ დარღვევა. სხვა რაიმე რეაგირება არის ძალიან რთული“.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კონკრეტული პირების საჩივარს არ იცნობს, თუმცა ამბობს, რომ საკადრო რეორგანიზაცია პროკურატურაში უკავშირდება იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ უწყების მიმართ, რომელიც ბოლო პერიოდში მკაფიოდ გამოიკვეთა:

„საკადრო ცვლილებები ხორციელდება და ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს პროკურატურას. ბუნებრივია, ეს ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, თუ რა წუხილებიც არსებობდა პროკურატურის მიმართ, გამოსწორდეს, შეიცვალოს და ახალმა ხელმძღვანელობამ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე დგას. კონკრეტული ფაქტი ჩემთვის არ არის ცნობილი. თუ იქნება, მზად ვარ, რომ დავინტერესდე“.

ის, რომ პროკურატურის მიმართ პრეტენზიები არსებობდა გამოუძიებელი საქმეების გამო, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე არსებულ საქმეების, ასევე ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ სუსტი ბრალდებების მომზადების თვალსაზრისით, არ უნდა იწვევდეს ადამიანების თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებას, ამბობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე:

„ბუნებრივია, პროკურატურის ხელმძღვანელობის შეცვლაც, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ მათი იმ წლის მუშაობა არ იყო ეფექტური და მოლოდინიც არის, რომ პროკურატურა უფრო ეფექტური გახდება ახლა, მაგრამ ასეთი არაკანონიერი მეთოდებით პროკურატურის რეფორმირება თუ მისი მუშაობის გაუმჯობესება და ეფექტურობა არ მოგვცემს არანაირ შედეგს ნამდვილად, იმიტომ რომ პროკურატურა ის ორგანოა, რომელიც თვითონ უწევს ზედამხედველობას კანონმდებლობის შესრულებას და თვითონ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ კანონი დაიცვას. ამიტომ პროკურატურა ვალდებულია გამჭვირვალე გახადოს ის ცვლილებები, რომელიც მიმდინარეობს, ის საკადრო გადაადგილებები, და დაუსაბუთოს საზოგადოებას, თუ რატომ ხდება ეს“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაწერეს განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, სამართლებრივი დავა გაჭირდება. „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის სიტყვებით კი, პროკურატურიდან თანამშრომელთა დათხოვნა უწყებაში პოლიტიკური პროცესის დაწყების მანიშნებელია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG