Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნამ ერთ აზრზე დააყენა


„თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვენ. მათ შეკითხვები აქვთ პროკურატურაში გასულ თვეში შექმნილ ახალ საგამოძიებო დეპარტამენტთან, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრადე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა შეისწავლოს. რატომ უყურებენ სკეპტიკურად „თავისუფალი დემოკრატები“ ახალი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნას, რატომ დადგნენ ისინი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთ აზრზე?

მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წარმომადგენელი, შალვა შავგულიძეა. ის პროკურატურაში ახალი საგამოძიები დეპარტამენტის შექმნისა და საქმიანობის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოწოდებას ითხოვს. საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც მარტის დასაწყისში შეიქმნა, 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას კისრულობს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროკურატურამ ამ დეპარტამენტის შექმნა „სამართლიანობის აღდგენის აქტად“ შეაფასეს. როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი დეპარტამენტის პრეზენტაციისას ამბობდა, უწყება გამოიძიებს ძალადობისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს. იმას, რომ ამ საქმეების გამოძიება საშური საქმეა, შალვა შავგულიძე ეთანხმება და ამ მხრივ გააქტიურებას მიესალმება. დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ „სამართლიანობის აღდგენა“, როგორც წინასაარჩევნო დაპირება, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს და ამ პროცესზე კონტროლი საკანონმდებლო ორგანომაც უნდა გასწიოს, თუმცა როგორ და რა გზით აპირებს ხელისუფლება დანაპირების ასრულებას, რა პირობებში, რა კრიტერიუმებით შეეცდება ხელისუფლება, მაგალითად, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, იღებს თუ არა ქვეყნის ბიუჯეტი მატერიალურ პასუხისმგებლობას მიყენებულ ზიანზე და ა.შ. -სწორედ ამ მიმართულებით უჩნდება შალვა შავგულიძეს კითხვები პროკურატურასთან და ახლად შექმნილ დეპარტამენტს სკეპტიკურად უყურებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დახურული შეხვედრის ფორმატში მოისმინა საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ნადარეიშვილის სიტყვა უწყების ფუნქციონირების შესახებ.

„როგორც ირკვევა, არავითარი პოლიტიკური ნება არ არსებობს იმისა, რომ, მაგალითად, თუკი ეს დეპარტამენტი დაადგენს, რომ ადამიანს უკანონოდ ჩამოერთვა ქონება, ეს გადაწყვეტილება რაიმე დოზით საკმარისი გახდეს ამ ქონების დაბრუნებისთვის, რომ ბიუჯეტი მზად არის რაღაც გაიღოს. არავითარი ამგვარი ინფორმაციის შესახებ დეპარტამენტის უფროსი ინფორმირებული არ იყო“, - ამბობს შალვა შავგულიძე.

როგორც შალვა შავგულიძე საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ამბობს, დეპარტამენტის გამოძიების შედეგს არ ექნება არანაირი დამატებითი ბერკეტი და დატვირთვა, რაც „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, შალვა შავგულიძე ამ დეპარტამენტის შექმნას საზოგადოებისათვის „თვალებში ნაცრის შეყრას“ უწოდებს.

მთავარი პროკურორის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. მათ მთავარ პრეტენზიაზე პროკურატურის მიმართ რადიო თავისუფლებასთან აკაკი მინაშვილი ლაპარაკობს. ის ამბობს, დღეს პროკურატურა ქცეულია იმ ორგანოდ, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოიყენებაო:

თუკი ისინი მოდიან ამაზე და ამაზე არ მოდის დღევანდელი უმრავლესობა, როგორ უნდა შევაფასო ეს პროცესი? ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ხოლო ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად...
შალვა შავგულიძე

„ამის პირველი მწვანე შუქი თავად ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა აანთო, როდესაც თქვა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეარბილებს რიტორიკას, რიგები პროკურატურის წინ გაგრძელდება. ამის შესახებ მან 2012 წლის ბოლოს თქვა. მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ეს არის კლანური მმართველობის მეთოდი, რომელიც თვალს დახუჭავს ყველანაირ კანონზე, ყველანაირი სამართლის პრინციპზე, პროკურატურას გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური გუნდის ინტერესებისათვის და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ“.

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო მოთხოვნას, პროკურორი მივიდეს პარლამენტში, პრეტენზიები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რასაც შალვა შავგულიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეხმიანება. როგორც ის ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია პროკურორის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით მოსაწონია და ის ამის მიზეზსაც განმარტავს:

„თუკი ამაზე მოდის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამბობს, რომ, კი ბატონო, მოდით, ერთხელ და სამუდამოდ ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდეს, რა დოზით დააშავა ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ... თუკი ისინი მოდიან ამაზე და ამაზე არ მოდის დღევანდელი უმრავლესობა, როგორ უნდა შევაფასო ეს პროცესი? ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ხოლო ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოზიციების თანხვედრა არ იწვევს ჩვენში შიშს“, - ამბობს შალვა შავგულიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის ორი მნიშვნელოვანი ძალის აზრთა თანხვედრამ არაერთ საკითხში (მათ შორის, მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ საყდრისის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე), ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს ამ ორი ძალის გაერთიანება? - ამ კითხვაზე პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია პასუხობს, მიუხედავად იმისა, რომ, იდეოლოგიური ღირებულებების მიხედვით, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, ვიდრე „თავისუფალი დემოკრატები“ და „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ზოგიერთი პარტია, ამ ორი ძალის გაერთიანება მაინც არ არის მოსალოდნელი, რადგან, საზოგადოებრივი განწყობებიდან გამომდინარე, ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოუტანოს „თავისუფალ დემოკრატებს“ მომავალი საპარლაენტო არჩევნების დროსო:

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ რაღაც საკითხების გარშემო, ანუ თემატური თანამშრომლობა, ალბათ, დასაშვები იქნება, მაგრამ, მთლიანობაში, მე მაინც მგონია, რომ მათი ზედმეტად დაახლოება არ იქნება მოსალოდნელი“.

ყველა რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ ეს დეპარტამენტი შექმნილიყო ცალკე, ხელისუფლების შტოებისგან დამოუკიდებელ სამსახურად. სწორია, რომ პარლამენტარებმა მოითხოვეს მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა და ანგარიშის ჩაბარება...
გიორგი კლდიაშვილი

რაც შეეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის პოზიციას პროკურორის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით, როგორც პროკურატურის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რადგან საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გასულ კვირაში ამომწურავად უპასუხა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ დეპუტატებს, გიორგი ბადაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საჭიროება არ ჩანს. ანალოგიურად ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. მისი სიტყვებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ისედაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს ახლად შექმნილ დეპარტამენტთან.

რაც შეეხება არასამთავრობი სექტორს, გიორგი კლდიაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ ამგვარი დეპარტამენტის შექმნა მხოლოდ დროის გაწელვის მცდელობა და ზედმეტი თანხის ხარჯვაა:

„ყველა რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ ეს დეპარტამენტი შექმნილიყო ცალკე, ხელისუფლების შტოებისგან დამოუკიდებელ სამსახურად. სწორია, რომ პარლამენტარებმა მოითხოვეს მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა და ანგარიშის ჩაბარება. ამ შემთხვევაში ის კონკრეტულ პასუხებს გასცემს არა მარტო პარლამენტარებს, არამედ ჩვენც, რადგან საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა“, - მიაჩნია გიორგი კლდიაშვილს.

რაც შეეხება ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც პროკურატურის ახალი საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გასულ კვირაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ დეპუტატებს გააცნო, დეპარტამენტი ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებსა და ქონების ჩამორთმევის ფაქტებს შეისწავლის. ამ ფაქტებზე პროკურატურაში შესული განცხადებების რაოდენობა კი, ჯამში, 4 192-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG