Accessibility links

ბუნებრივი აირის გადასახადით აღშფოთებულების პროტესტი გორის მერიასთან


გორში განახლდა საპროტესტო აქციები „სოკარჯორჯია - გაზის“ წინააღმდეგ

„შეწყდეს ხალხის ძარცვა“ - ამ მოთხოვნით გორში განახლდა საპროტესტო აქციები „სოკარჯორჯია - გაზის“ წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და საკითხით ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ისურვეს.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00
Direct link

რამდენიმე დღეა გორის საზოგადოების ერთი ნაწილი ბუნებრივი აირის მაღალი გადასახადის დაფიქსირებას აპროტესტებს. მათი თქმით ნოემბერთან შედარებით გადასახადი ორჯერ და რიგ შემთხვევაში უფრო მეტად არის გაზრდილი და ამ გადასახადს განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ვერ გადაიხდის. მათი აზრით „სოკარჯორჯია - გაზი“ მრიცხველების ჩვენებას ხელოვნურად ზრდის და ამ საქმით პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თეო ბზიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ისე სამართალდამცავი ორგანოები დაუყონებლივ ჩაერთონ მოკვლევის პროცესში.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ მხოლოდ ინდივიდუალური აბონენტების პრეტენზიების შესწავლა კი არა, არამედ ყველა აბონენტის გადამოწმება მოხდეს. დადგინდეს ბუნებრივი აირის ხარისხი და კალორიულობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ციცინო შოშიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც სხვა მოქალაქეების მსგავსად დაზარალდნენ და მაღალი გადასახადის კვლევის პროცესში ისინიც აქტიურად უნდა ჩაერთონ.

ადმინისტრაციულ შენობასთან აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე შეხვდა. მან შეკრებილ მოქალაქეებს მერთან მისვლა და საქმეში გარკვევა შესთავაზა, თუმცა ამ დროს შელაპარაკება მოხდა. მოქალაქეები მერის მათთან მისვლას მოითხოვდნენ.

გორში განახლდა საპროტესტო აქციები „სოკარჯორჯია - გაზის“ წინააღმდეგ
გორში განახლდა საპროტესტო აქციები „სოკარჯორჯია - გაზის“ წინააღმდეგ

საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ყველა მოქალაქეს ერთად შეხვდებოდა და მათ კითხვებს უპასუხებდა. აქციის მონაწილეები ბუნებრივი აირის გადასახადის დაანგარიშების სამართლიანობის გარკვევას ითხოვდნენ.

ქალაქის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა აქციის მონაწილეებს კითხვებზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ვითარების გარკვევაში თვითონაც დაინტერესებულია, მისი თქმით უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც არცერთ აბონენტს უყურადღებოდ არ დატოვებს.

საბოლოოდ აქციის მონაწილეები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადის საქმეში, მოკვლევის ყველა დეტალს გაასაჯაროებენ და საზოგადოებას საქმის კურსში მაქსიმალურად ჩააყენებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG