Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი ხელფასის გაორმაგების გამო


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში ოპოზიციის კრიტიკის საგნად იქცა იმერეთის მხარის გუბერნატორისა და მისი მოადგილეების ხელფასის გაზრდა. ქუთაისისსაკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხელმძღვანელ გიგა შუშანიას ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციისსახელფასო ფონდი 100 ათასი ლარით გაიზარდა და თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწია. გიგა შუშანია გუბერნატორის ხელფასის, 2 950 ლარის, გაორმაგებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ 5900 ლარი ზედმეტია იმ სამუშაოსთვის, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ასრულებს:

ქუთაისი
ქუთაისი

„გუბერნატორმა, ნაცვლად იმისა, რომ იაროს რაიონებში, ქუთაისში, გადათხრილია მთელი ქუთაისი და მიხედოს ამ პრობლემებს, რაც კანონით ევალება, ნაცვლად ამისა, უბრალოდ, გაიორმაგა ხელფასი და გუბერნიის სახელფასო ფონდი წელიწადში ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს. ეს არის მხოლოდ ერთი რამის მაჩვენებელი, რომ„ქართულ ოცნებას“ აინტერესებს მხოლოდ პირადი კომფორტი, საკუთარი ხელფასები და პრემიები და არა მოსახლეობის ინტერესები, პენსიონერთა საჭიროებები“.

გაიზარდა გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ხელფასი,2 360 ლარი, სარგოსა და დანამატის გაერთიანებით, 3 900 ლარამდე გაიზარდა, მოადგილის ხელფასი კი, ნაცვლად 2 250 ლარისა, 2500 ლარი გახდა. ამასთან, გაუქმდა გუბერნატორის მესამე მოადგილის პოსტი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. იმერეთის სამხარეოადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თანამდებობრივი სარგოს გაზრდას სახელფასო ფონდის გაზრდა არ გამოუწვევია და, პირიქით, შემცირდაკიდეც.

ჩინოვნიკებს ყველაფერი საკმარისად აქვთ, ხელფასებიც დიდი აქვთ და ყველაფერი ბევრი აქვთ. ჩვენ ვიკითხოთ, საცოდავმა ხალხმა...

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელ გოჩა გაბუნიას განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით თანამდებობრივი სარგო ახლებურად განისაზღვრა და მასში გაერთიანდა დანამატი. გოჩა გაბუნიას ინფორმაციით, შარშან სამხარეო ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი ნახევარი მილიონი ლარი იყო, წელს კი ეს თანხა 8 ათასი ლარით შემცირდა:

„ჩვენი ბიუჯეტის სიმწირის გამო, არ მომხდარა სახელფასო ფონდის ზრდა. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში რაც იყო სახელფასო ფონდი, შემცირდა, პირიქით, 8 000 ლარით, ხოლო რაც შეეხება გუბერნატორის ხელფასის ზრდას, სარგო არ გაზრდილა, ფაქტობრივად, გუბერნატორი იღებდა ხელფასს და პრემიერის მიერ დადგენილ ყოველთვიურ დანამატს, რომელიც განსაზღვრული იყო ქვეყანაში მოქმედი ყველა გუბერნატორის შემთხვევაში. მიაჩნიათ, რომ თითქოს გუბერნატორის ხელფასი გაიზარდა. არ გაზრდილა. უბრალოდ, რაც იყო თანამდებობრივი სარგო და დანამატი, გაერთიანდა“.

იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ორი მოადგილის სახელფასო ანაზღაურების გაზრდას უარყოფითად აფასებენ ქუთაისში გამოკითხული მოქალაქეები:

„რა თქმა უნდა, კარგი არ არის. უფრო მეტად ხალხს უნდა მიხედონ და მიაქციონ ყურადღება“.

ქუთაისი
ქუთაისი

„ჩვენთვის არაფერია და მაგათ უორმაგდებათ ხელფასი“.

„ჩინოვნიკებს ყველაფერი საკმარისად აქვთ, ხელფასებიც დიდი აქვთ და ყველაფერი ბევრი აქვთ. ჩვენ ვიკითხოთ, საცოდავმა ხალხმა“.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2018 წლიდან ანაზღაურება გაეზარდათ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG