Accessibility links

ქალაქების გასაუქმებელი სტატუსი და დამკვირვებლობა არჩევნებზე


სამოქალაქო სექტორის ნაწილი აპირებს განცხადებით მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რეგისტრაციაში გაატარონ არჩევნებზე დამკვირვებლებად იმ თვითმმართველ ქალაქებში, რომელთა გაუქმებაც აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას. ამის საფუძველს კი ქმნის ცესკოს დადგენილება, რომლის თანახმადაც, 7 თვითმმართველ ქალაქში საარჩევნო ოლქები და საარჩევნო კომისიებია შექმნილი. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის სარჩელი, რომლითაც ისინი 7 თვითთმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების თაობაზე პარლამენტის დადგენილების გაბათილებას ითხოვენ. შექმნილ ვითარებაში არჩევნებში დამკვირვებლად რეგისტრაციას რა მნიშვნელობა აქვს?

პარლამენტის დადგენილება 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე ძალაში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან, ანუ იმ დღიდან უნდა ამოქმედდეს, როცა ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების თარიღი გამოცხადდება. თუმცა, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომელსაც სამოქალაქო სექტორის ნაწილმა პარლამენტის დადგენილების გაუქმების თხოვნით მიმართა. შექმნილ ვითარებაში სამოქალაქო სექტორის ერთმა ნაწილმა საოლქო საარჩევნო კომისიებს დამკვირვებლებად რეგისტრირება სთხოვა. მცხეთისა და ოზურგეთის საოლქო კომისიებმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას -„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირსა“ და ცენტრს „მომავლის ინიციატივები“ - რეგისტრაციაზე წერილობით უთხრეს უარი, რითაც, იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსი დაარღვიეს. კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, რეგისტრაციაში გატარების თხოვნით ადგილობრივმა ორგანიზაციამ კომისიას უნდა მიმართოს არჩევნებამდე არაუგვიანეს ათი დღისა. ეს მოთხოვნა კი დარღვეული არ ყოფილა. ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ დამკვირვებლად რეგისტრაციას ამ მოცემულობაშიც აქვს აზრი, ვინაიდან მხოლოდ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას შეუძლია გაასაჩივროს საოლქო თუ სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ჩვენ ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას, რაზეც სასამართლოში სარჩელიც არის შეტანილი და ვასაჩივრებთ პარლამენტის იმ დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებას და ყველაზე ცუდი ამ კუთხით არის ის, რომ, გარდა იმისა...

„სხდომაზე, იქნება ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ საოლქო, დასწრების უფლება აქვს რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. იმავე საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, უბნების თუ ოლქების შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება, ოღონდ გასაჩივრების უფლება აქვს რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის პრეცედენტი, რაც უკვე შექმნეს მცხეთისა და ოზურგეთის საოლქო კომისიებმა, ნიშნავს რას, რომ რეალურად ამ კომისიებმა შეზღუდეს კანონით გათვალისწინებული უფლება, დავსწრებოდით უბნების შექმნას. მცხეთის საოლქო კომისიას უბნები შექმნილი აქვს, მაგრამ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ არ დაარეგისტრირა იმავე კომისიამ, იზღუდება, ანუ არ შეგვიშვებენ. ეს გადაწყვეტილება უბნების შექმნის შესახებ სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს ან ცესკოში, ოღონდ უნდა იყო რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია“.

სამოქალაქო სექტორის ნაწილს გადაწყვეტილება დამკვირვებლებად რეგისტრაციის თაობზე იმ თვითმმართველი ქალაქების ოლქებში, რომელთა გაუქმება პარლამენტის დადგენილებით იგეგმება, ჯერ არ მიუღია. თუმცა, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ელენე ნიჟარაძე ამბობს, ამგვარი გაურკვევლობა შექმნა ხელისუფლების ნაჩქარევმა და ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ განეხორციელებინა თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.

„ჩვენ ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას, რაზეც სასამართლოში სარჩელიც არის შეტანილი და ვასაჩივრებთ პარლამენტის იმ დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებას და ყველაზე ცუდი ამ კუთხით არის ის, რომ, გარდა იმისა, რომ პროცესი დახურულად წარიმართა ხელისუფლების მიერ, მეორე უარყოფითი მხარეა ის, რომ ეს მოხდა საარჩევნო წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რამაც გამოიწვია ის, რომ გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ არჩევნებში ჩართული დაინტერესებული მხარეები“.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი, გარდა სასამართლოს გზით პარლამენტის დადგენილების გაუქმებისა, იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას. ამ იმედით ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც 4 ივლისს რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრად მყოფმა „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა კოკა კიღურაძემ განმარტა, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება იქნებოდა ხაზგასმა იმისა, რომ მხოლოდ უმრავლესობაა პოლიტიკურად პასუხისმგებელი მიღებულ ცვლილებებზე:

„ეუთო ყოველთვის აფიქსირებს ამას ცალკე პუნქტად, რომ დაუშვებელია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და ჩვენ არჩევნებამდე 1 წლით ადრე ვირჩევთ 7 მერით, 7 გამგებლით, საკრებულოს წევრით უფრო ნაკლებს და შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და გაიმარჯვონ კონკრეტული ქალაქების თუ სათემო მუნიციპალიტეტების არჩევნებში, მათ რეალურად არ იციან, - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კი არა, 6 თვით ადრეც კი, - სად უნდა დააყენონ კანდიდატები“.

თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორი მთავრობა ტერიტორიული ოპტიმიზაციის მნიშვნელობასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას, იმაზე, რომ "მუნიციპალიტეტების ქალაქებად და სოფლებად დაყოფა ხელოვნურია და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული". ხელისუფლება აცხადებს, რომ 2014 წელს შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა და 14 ახალი მუნიციპალიტეტის (მათ შორის, შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის) ჩამოყალიბება "არ აღმოჩნდა დასახული ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG