Accessibility links

თამარა ნადირაძე, აღათო გვარამაძე, თეკლე მჭედლური, საქინათა გასანოვი - ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია. ის ქალები, რომელთა ზეპირი ისტორიები ფონდმა „ტასომ“ ერთ წიგნში გააერთიანა და „ქალი საბჭოთა სოფელში” დაარქვა, გაცილებით მეტნი არიან. ისინი ჰყვებიან ამბებს შეულამაზებლად, გულწრფელად და ისე, როგორც ახსოვთ, ისე, როგორც სინამდვილეში თავს გადახდათ, და ამ გზით იმ დროის საქართველოსაც აღწერენ. „ქალი საბჭოთა სოფელში“ სერიის მე-12 წიგნია, რომელიც ქალთა გამოცდილების კვლევას ეფუძნება და საბჭოთა ტრავმის გააზრებას ისახავს მიზნად.


ფონდი „ტასო“ ზეპირ ისტორიებს 2001 წლიდან აგროვებს, „ქალთა მეხსიერების“ სერიას კი 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი. „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით 11 წიგნი გამოიცა, ხოლო მეთორმეტე წიგნის - „ქალი საბჭოთა სოფელში“ - დაბადებას ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ შეუწყო ხელი.

ეს არის ამბების კრებული, 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, 1990-იანი წლების ჩათვლით. ყველა ისე იხსენებს თავის თავგადასავალს, როგორც ახსოვს, და ამ გზით საბჭოთა პერიოდის ისტორიასაც აცოცხლებს - ადამიანურ, უფრო კონკრეტულად კი, ქალების ისტორიას. ზეპირი ისტორიები „გამადიდებელი შუშით ადამიანებთან შეხვედრააო“, გვითხრა ფონდ „ტასოს“ ხელმძღვანელმა მარინა თაბუკაშვილმა. ეს ის ქალები არიან, ვისაც არც ოჯახში და არც ოჯახს გარეთ არასდროს უთქვამთ ხმამაღლა თავიანთი სათქმელი. მათთვის არც არავის უკითხავს რამე. ეს ამოთქმა, ერთი მხრივ, თავად ქალებისთვის იყო კარგი, გვითხრა მარინა თაბუკაშვილმა, მეორე მხრივ კი, გვინდოდა ისტორიას, რომელიც იწერება, ადამიანური სახე ჰქონოდაო:

მარინა თაბუკაშვილი
მარინა თაბუკაშვილი

„რაც უფრო, ძალიან მაღალი აზრით, „უბრალოა“ ქალი, უბრალო, ანუ ბრალი რომ არა აქვს, ის მით უფრო გულახდილია საუბრისას. უფრო ხალისით ჰყვება. რაც უფრო უბრალოა ის, ანუ საზოგადოებაში არ უჭირავს რაღაც განსაკუთრებული ადგილი, ჩვევად არა აქვს სიტყვით გამოსვლები და ოჯახშიც ენატრება, რომ მას უსმენდნენ, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს მათთვის. ცხადია, მე თავს ვერ დავდებ, რომ ყველა ქალი, ვინც კი ჩვენ ჩაგვიწერია, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ამბობს. თუმცა მაშინვე მებადება ხოლმე კითხვა, მაშინ რა არის ეს ობიექტური? ამ თემაზე ჯერ კიდევ ადრე ვიფიქრე ბევრი და დავასკვენი, რომ ობიექტური არის სწორედ სუბიექტური ამბავი“.

თავიდან, როცა წიგნის მზადება დაიწყეს, მთავარი ფოკუსი მაინც საბჭოთა სოფლებში მცხოვრები ქალების ტრავმებზე უნდა გაკეთებულიყო - უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საბჭოთა ტრავმებზე. თუმცა, ზეპირი ისტორიების თხრობისას ქალები თავიანთ წარსულს, შესაბამისად, ახალგაზრდობას იხსენებდნენ, რასაც მაინც გასდევდა ნოსტალგიის ხაზი. თუმცა, თუ მათ ტექსტებს ჩავიკითხავთ, ხშირად გაუცნობიერებელ ტრავმებსაც აღმოაჩენთ.

ნაწყვეტი 1932 წელს დაბადებული, ასპინძის რაიონის სოფელ ახალშენში მცხოვრები აღათო გვარამაძის მოგონებიდან:

წიგნი "ქალი საბჭოთა სოფელში"
წიგნი "ქალი საბჭოთა სოფელში"

„თოთხმეტი წლისა ვიყავი, რო მე ძროხას ვწველიდი. ესენი (ხელის მტევნები) სულ დამისივდა, ცხრამეტ ძროხას ვწველიდი... მერე, ნეტა არ გამხსნოდა, ბედი გამეხსნა. თვრამეტი წლისა გავხდი და გამათხოვეს. გარიგებით გამათხოვეს. ახალქალაქის რაიონი იყო, ვარევანს ეძახდნენ. არ ვთხოვდებოდი, გათხოვებისა რა ვიცოდი. არ ვთხოვდებოდი, მამაჩემმა ქუდი გადმომიგდო: აი, ამ ქუდში ჩამიჯვი და სიტყვას უკან ნუ მიმაცემინებო. რაღა მექნა. წავყევი, მარა ბედმა არ გამიღიმა და დავქვრივდი. მოკვდა ქმარი. იქიდან ექვსი თვის ორსული წამოვედი და აქ მეყოლა“.

მესხეთში, კახეთში, შიდა ქართლში, ფშავსა და სამეგრელოში ქალების ამბებს ცისანა გოდერძიშვილი, მარიამ აბრამიშვილი და მარინა ტურაშვილი იწერდნენ. წიგნის რედაქტირება და ინტერვიუების შერჩევა ნინო ბექიშვილმა ითავა. წიგნში 17 ზეპირი ისტორია მოხვდა. მათგან ერთი - კაცისა, რომელიც საკუთარ დედაზე მოგვითხრობს. მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებო, სთხოვდნენ მათ და ამბის თხრობაც იწყებოდაო, გვითხრა ცისანა გოდერძიშვილმა:

„ძალიან ცოცხალი თხრობით, ყოველდღიური ენით არის ეს ამბები გადმოცემული, საბჭოთა პერიოდის ტრავმატული მოვლენები. ბევრი ფაქტორი არსებობს, თუ რატომ მისტირიან მაინც იმ პერიოდს, მაგრამ ესეც გასაგებია - მაშინ ისინი ახალგაზრდები იყვნენ. სწორედ ეს დრო ენატრებათ. და, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ეს ამბები მათთვის არ იყო ძალიან მძიმე მოსაყოლად, თუ ჩაუკვირდები, ძალიან ბევრ ტრავმას დაინახავთ მათ მონათხრობში“.

წიგნის პრეზენტაცია
წიგნის პრეზენტაცია

ზუგდიდის რაიონში 1925 წელს დაბადებული ფენია ჭითანავა ჰყვება:

„ათი წლის ვიყავი, მამაჩემი რო გააკულაკეს, სახლში მოვიდნენ და წაიყვანეს ხარები. ენას ვინ შეუბრუნებდა! იმ წუთში დაატუსაღებდნენ, ციხეში წაიყვანდნენ. დედა, როგორ შეიძლებოდა ენის შებრუნება! ის კი არა, ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა“.

1937 წელს დაბადებული თეკლე მჭედლური კი, დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარიდან, დღეს უკვე დავიწყებულ მთის ამბებს იხსენებს:

„ხუთი კომლი ვცხოვრობდით ერთ სოფელში, უკანა ფშავში. დაგვეცნენ ქისტები. პატარა ოთახი იყო, ბეჩავ ცოლ-ქმარი იყო, ან საიდან იცოდნენ, იმათ არაფერი ჰქონდა, იქ შაყარეს მთელი ხალხი, ვინც იქ იყო, ხუთი კომლის. ჰოდა, მოვრჩით მე და ჩემი ძმა სახლში, და თურმე ამბობენ ესენი, ჩემი დედა და ბებო, გვეგონა რო, ეხლა ვინ იცის, ისინი სისხლის მორევში ტრიალებენ, თავებს გაჭრიდნენო. შემოვარდებოდა ქისტი, გაიტანდა, ცხრაასი თუმანი იყო ნალოგისთვის გამზადებული, ისიც გამაიღო იმ ქისტმა“...

როგორც ცისანა გოდერძიშვილმა გვითხრა, ბევრი ქალი თავად იყო მომსწრე მეოცე საუკუნის ყველაზე დრამატული ამბებისა:

„ეს ამბები მათ თავად აქვთ გამოვლილი და გადატანილი: ომი, შიმშილი, გაკულაკება, სიღარიბე. კოლექტივიზაცია“...

კიდევ რა ახსოვთ სოფლად მცხოვრებ ქალებს? რას მოიცავს მათი ამბები, როგორ ისტორიას აცოცხლებს? რა სურათს ხატავს? როგორც წიგნის რედაქტორი ნინო ბექიშვილი წერს შესავალ წერილში, 1930-იანი წლებისთვის, საიდანაც იწყებენ თხრობას ამ წიგნის რესპონდენტები, ქართული სოფელი ძირითადად ღარიბი და წერა-კითხვის უცოდინარი გლეხობით იყო დასახლებული. სიღარიბე მოსახლეობას მძიმე ტვირთდ აწვა და ორმაგად მძიმედ კი - ქალებს, რომელთაც ერთდროულად უწევდათ ოჯახის გაძღოლა, შვილების მოვლა, მძიმე ფიზიკური შრომა და კოლმეურნეობებში იძულებითი შრომაც. ქალების ცხოვრებას, წერს ნინო ბექიშვილი, საბჭოთა კავშირში ისიც ართულებდა, რომ ძალიან ხშირად, რეპრესიებისა და ომის გამო, ქალი რომ მარტო რჩებოდა, როგორც წესი, რჩებოდა მცირეწლოვან ბავშვებსა და მოხუცებთან ერთად. მამაკაცები ან რეპრესირებულები იყვნენ, ან ომში დაღუპული. ვინც დაბრუნდა, უმეტესწილად, შერყეული ჯანმრთელობით და ფსიქიკით. აი, ეს ქალები ჰყვებიან ამბებს, ამ წიგნში ეს ქალები ლაპარაკობენ:

ნინო ბექიშვილი
ნინო ბექიშვილი

„მე მგონია, რომ ამ წიგნით მკითხველს შესაძლებლობა მიეცა მოისმინოს უნიკალური ისტორიები, იმ ქალების ხმები, რომლებიც აუცილებლად დაიკარგებოდა, თუ არა ეს წიგნი. მათი ნაამბობი ისეთ საბჭოთა კავშირს აცოცხლებს, როგორსაც ჩვენ ვერ ვხედავთ იმდროინდელ ფილმებში, წიგნებსა თუ საგაზეთო მასალებში. ეს შეულამაზებელი, ძალიან მკაცრი და მართალი ისტორიებია“.

წიგნში ავარიელი ქალების ამბებსაც წაიკითხავთ. ისინი ჰყვებიან, თუ რა სიძნელეებს აწყდებოდნენ საბჭოთა კავშირში ეთნიკური უმცირესობები. ღრმად მოხუც ქალებს ახსოვთ ჩეჩნეთში გადასახლება და შემდგომ უკან, ისევ საქართველოში დაბრუნება. ახალციხელი რესპონდენტები კი მაჰმადიანი მესხების ერთ ღამეში, 1944 წლის 15 ნოემბერს, გასახლების ამბავს იხსენებენ. ქალები ჰყვებიან, როგორ აჩენდნენ შვილებს სხვების დაუხმარებლად და რა საფრთხეში იყო მათი სიცოცხლე, როგორ ათხოვებდნენ მათი სურვილის წინააღმდეგ, როგორ შრომომობდნენ. ბევრს იმ პერიოდის მიმართ ნოსტალგიაც აქვს და ეს არც არის გასაკვირი, ისინი ხომ მომხდარზე საბჭოთა პერსპექტივიდან ჰყვებიან!

წიგნის ილუსტრაცია
წიგნის ილუსტრაცია

საქინათა გასანოვი, კახეთი, ყვარელი, სოფელი თივი:

„ხუთი შვილი გავაჩინე, არავინ არა მყავდა ახლო. არ ვუშვებდი ხალხს - არც ბებიას, არც ექთანს, არც არავის. არც ყვირილი ვიცოდი. ეგრე, ძალათ, კუჭის მოჭრაზე კი გაუშვებდი ხოლმე ერთ-ერთს და მერე ისევ ვიმალებოდი ლოგინში. არც არაფერი გვტკიოდა. გავაჩინე ხუთი შვილი უბებიოდ. ესენი თურმე გარეთ მელოდებოდნენ, მეყვირნა, მაგრამ ყვირილისაც მეხათრება. ტაშტში გავაჩინე ბავშვი. რო ავდექი, ისიც არ ვიცოდი, ვათრევ რაღაცას. მივდივარ იქითკენ და ტაშტიდან მოდის რაღაცა ხმაური. მერე შამოარდა საწყალი დედაჩემი და ჩხუბი დამიწყო და მერე, ალბათ, კუჭი დაჭრა. აესეთი დრო იყო“.

„ქალი საბჭოთა სოფელში“ კიდევ ერთი მცდელობაა საქართველოს საბჭოთა წარსულის გასააზრებლად. ჰაინრიხ ბიოლის ფონდში იმედი აქვთ, რომ ეს წიგნი საქართველოს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებშიც მოხვდება და სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდა მკვლევარებს საბჭოთა წარსულის ქალურ პერსპექტივასაც დაანახვებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG