Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისი საახალწლოდ ახალი დეკორაციებით მოირთვება


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ქალაქის ცენტრალური ქუჩების საახალწლო მორთულობას. ისტორიულ უბანსა და ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟებული განათება კრიტიკის საგნად იქცა სოციალურ ქსელში. ქუთაისელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საახალწლო განწყობის შესაქმნელად აუცილებელია ქუჩები და სკვერები სათანადოდ იყოს მორთული. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი მორთულობის შესაძენად და მათი მონტაჟისა და დემონტაჟისთვის გამოცხადებული კონკურსი არ შედგა, რადგან მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. 14 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ მერია ამ მომსახურებას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მიიღებს. საახალწლოდ ქუთაისის ისტორიული უბნის მორთვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, რისთვისაც მერიამ დამატებით 50 ათასი ლარი გამოყო. საახალწლო აქსესუარები გასულ წლებშია შეძენილი და დიდი ნაწილი რამდენჯერმეა შეკეთებული და განახლებული. ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ახალი გირლანდებითა და მანათობელი ფიგურებით ქალაქის ქუჩების მორთვას ბოლო რამდენიმე წელია უშედეგოდ ელოდებიან:

გადმოწერა

„უკეთესიც შეიძლება, მაგრამ როგორიცაა დღევანდელი მდგომარეობა, ალბათ, იმის მიხედვით გააკეთებენ“.

„წინა წლებთან შედარებით, მე მგონი, ნაკლებადაა ზოგიერთი ქუჩა მორთული და უკეთესი თუ იქნება, რა ჯობია!“

„რაც გვაქვს, კარგია, თუმცა უკეთესობა ჯერ არ იგრძნობა, მაგრამ, ალბათ, მომავალი წელი იქნება უკეთესი“.

რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ ქუთაისის მერიას დროულად უნდა დაეჭირა თადარიგი ქალაქის ქუჩების საახალწლო დეკორაციებით მოსართავად:

„ეს ქალაქი ყველასია, საზოგადოებაც უნდა იყოს მზად, რომ რაღაც წვლილი შეიტანოს. ამჟამად კრიტიკას ვერ უძლებს საახალწლო მორთულობები“.

„ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც არ შეცვლილა განათებები ქუთაისში და წელს განსაკუთრებით არაკომპეტენტურობამ იჩინა თავი და, საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საახალწლო დეკორაციებით ქუჩების მორთვა. საერთოდ, ვეღარ ვგრძნობთ დღესასწაულს“.

საახალწლო განათება ქუთაისში
საახალწლო განათება ქუთაისში

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ახალი განათებების შეძენა-მონტაჟისთვის 171 485 ლარის ღირებულების ტენდერი 6 ნოემბერს გამოცხადდა. სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას უნდა ჰქონოდა საახალწლო განათებების მიწოდების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება და სხვადასხვა სახის112 კომლექტი 24 დეკემბრამდე უნდა დაემონტაჟებინა ათ ცენტრალურ ქუჩაზე. ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. 8 დეკემბერს მერიამ განმეორებით მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რათა, გამარტივებული სატენდერო პირობებით, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად შეეძინა სხვადასხვა სახის 156 მანათობელი ფიგურა და მათი მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 238 229 ლარი გადაეხადა. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ სარალიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნა 14 დეკემბერს დააკმაყოფილა. მერიამ უკვე შეარჩია სერვისის მიმწოდებელი კომპანია და თვის ბოლომდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი მანათობელი დეკორაციები დამონტაჟდება:

„მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა ბაზრის მოკვლევა და იამზე მიქაძის მიერ შემოთავაზებული პირობები მისაღები აღმოჩნდა. შეთანხმება შედგა 238 ათას ლარზე, რომლის ფარგლებშიც კომპანია განახორციელებს საახალწლო მანათობელი ფიგურების შეძენას, მონტაჟს და დემონტაჟს“.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ სარალიძისავე განცხადებით, გასული წლების მსგავსად, სადღესასწაულოდ წელსაც მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოირთვება. ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ, დაიდგმება ტრადიციული დიდი ნაძვის ხე, ხოლო ქალაქის ისტორიულ უბანში განთავსდება შედარებით მცირე ზომის ნაძვის ხე, რომელიც მერიის მიერ ახლად შერჩეულმა კომპანიამ უნდა შეიძინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG