Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის სუს-ის ვიდეოამასალა?


კვლავ უკიდურესად მძიმეა პანკისის ხეობის მკვიდრის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მკურნალი ექიმები არ გამორიცხავენ პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობას. თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ოპერატიული მასალა, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა 22 ნოემბერს თბილისში ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან, რასაც კატეგორიულად უარყოფენ დაჭრილის ოჯახის წევრები. ამავდროულად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

რას შეცვლის სუს-ის ვიდეოამასალა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:01 0:00
გადმოწერა

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავშია დაჭრილი და მეცხრე დღეა, კომაში იმყოფება. თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერ ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მაინც განიხილება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა:

„ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრა ერთ-ერთი უცხოური კლინიკის მენეჯერთან, რომელმაც გაგვაცნო თავიანთი კლინიკის პოზიცია და, როგორც დილით მოგახსენეთ, ითხოვა დამატებითი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლო სამი დღის მონაცემები, რათა უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ საკითხი და, როგორც შეგვპირდნენ, 48 საათში ინფორმაციას მოგვაწვდიან“.

თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს ჰყავს სამი კლინიკა შერჩეული ავსტრიაში, გერმანიასა და ისრაელში. ჩემი სანათესაო ასევე მუშაობს სხვა კლინიკებზე.
მალხაზ მაჩალიკაშვილი

ზაზა ლურსამანაშვილის თქმით, საუბარია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაზე, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე არ გამორიცხავს სხვა ქვეყნების კლინიკებში გადაყვანის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს თავისი შვილის კავშირს შარშან, ნოემბერში, ლიკვიდირებული აჰმად ჩატაევის ტერორისტულ ჯგუფთან:

„თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს ჰყავს სამი კლინიკა შერჩეული ავსტრიაში, გერმანიასა და ისრაელში. ჩემი სანათესაო ასევე მუშაობს სხვა კლინიკებზე. შეარჩევენ საბოლოოდ რომელიმეს და, ალბათ, გადაიყვანენ მერე. მე ყველანაირი ექსპერტიზის მომხრე ვარ. პირველ დღესვე ვთქვი, ამ საქმეს სტრასბურგამდე მივიტან, ამ სიმართლეს დავადგენ“.

სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გადაწყვიტა საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი ორს“ უთხრა, რომ უკვე შეხვდა მაჩალიკაშვილის ადვოკატს და მალე შეუდგება საქმეში არსებული დოკუმენტების შესწავლას:

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც აჰმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება.
ნინო გიორგობიანი

„კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებ, ადვოკატის თხოვნით, ამაზე ჯერ არ ვისაუბრებ. ბუნებრივია, იგულისხმება სამედიცინო ექსპერტიზა, ანუ ის, რაც დაკავშირებულია დაზიანების მიღებასთან. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რამდენად არის შენარჩუნებული შემთხვევის ადგილი. ცნობილია, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პირვანდელი სახე შენარჩუნებული იქნება“.

4 იანვარს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომლითაც, სამსახურის პრესსპიკერის, ნინო გიორგობიანის, თქმით, დასტურდება ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კერძოდ, კადრების მიხედვით, აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. და კიდევ:

ნინო გიორგობიანი
ნინო გიორგობიანი

„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც აჰმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც, ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თ. მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შ. ბორზიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო“.

ნინო გიორგობიანის თქმით, დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ჩატაევის დაჯგუფების წევრების დასახმარებლად - ავტომობილით მიიყვანა საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გარდა ამისა, პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლშიც ჩაატარა საგამოძიებო პროცედურები. ექსპერტები შემთხვევის ადგილს რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის, ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ყველა ნივთმტკიცება წაიღეს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG