Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უწუნებს ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს?


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტი აპირებს 14 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე განიხილოს 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხპროცენტიან გაზრდასა და მოგების გადასახადის ცვლილებაზეა გათვლილი, თუმცა მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს არც ერთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელთა მტკიცებითაც, ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციას და სოციალურად დაუცველი მოქალაქების საჭიროებათა დაკმაყოფილებას.

რას უწუნებს ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00
გადმოწერა

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანხმად, რომლის განხილვაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 დეკემბერს იგეგმება, შემოსავლები 9,5 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 9,1 მლრდ ლარს შეადგენს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის, თქმით, პირველად პროექტთან შედარებით, მომავალი წლისთვის შემოსავლების პროგნოზი 774 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯები 334 მილიონი ლარით არის გაზრდილი:

„1,270 მილიარდი ლარით მეტი დაიხარჯება 2017 წელს, ვიდრე დაიხარჯა 2016 წელს. ხარჯვითი ნაწილი ეზრდება სამ სამინისტროს: განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს. მნიშვნელოვნად იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. მშპ-ც იზრდება 4 პროცენტით“.

თუკი ჩვენ გვინდა, რომ შეიქმნას 50 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი მოგების გადასახადის გაუქმების შედეგად, თუკი გვინდა სივრცითი პროექტების განხორციელებით სამუშაო ადგილები შეიქმნას, მაშინ ეს ბიუჯეტი ამისთვის არის, ამასთან მოგვიწევს ხარჯვითი ნაწილის გადატანა და შემცირება...
ზვიად ძიძიგური

რეგიონში არსებული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის 4-პროცენტიან ზრდას ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევენ ეკონომიკის ექსპერტები, რომელთა შორის არის ოთარ ანგურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

„ვფიქრობ, რომ 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ნამდვილად არის შესაძლებელი. თუ დაჩქარდება გარკვეული სახის პროექტების განხორციელება, შესაძლებელია უფრო არსებითი ზრდაც გვქონდეს, თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში შექნმნილი მდგომარეობა. ჩვენს მეზობელ ნებისმიერ ქვეყანაში შექმნილი ვითარება პირდაპირ ასახვას პოვებს ჩვენს მომავალ ეკონომიკურ განვითარებაზე“, უთხრა ოთარ ანგურიძემ რადიო თავისუფლებას.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ასევე 65 მილიონი ლარი დოლარში აღებული სესხების კონვერტაციის დასაფინანსებლად. მთავრობა აპირებს იმ ფიზიკური პირების სუბსიდირებას, ვინც სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე აიღო. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ასევე, საგადასახადო სისტემის გადასვლა ე.წ. ესტონურ მოდელზე, რაც გულისხმობს მოგების გადასახადის განაწილებული მოგების გადასახადით ჩანაცვლებას, ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ კომპანია მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, გათავისუფლდება შესაბამისი გადასახადისგან. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის, კომენტარი:

„თუკი ჩვენ გვინდა, რომ შეიქმნას 50 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი მოგების გადასახადის გაუქმების შედეგად, თუკი გვინდა სივრცითი პროექტების განხორციელებით სამუშაო ადგილები შეიქმნას, მაშინ ეს ბიუჯეტი ამისთვის არის, ამასთან მოგვიწევს ხარჯვითი ნაწილის გადატანა და შემცირება“.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში 10 პროცენტით, ანუ, დაახლოებით, 100 მილიონი ლარით არის შემცირებული მთავრობის შენახვის ხარჯები. სამაგიეროდ, იგეგმება შემოსავლის გაზრდა აქციზის გადასახადის გაზრდით. კერძოდ, საუბარია თამბაქოს ნაწარმიდან 200 მილიონი ლარის, ნავთობპროდუქტებიდან 250 მილიონის და ავტოგანბაჟებიდან 45 მილიონი ლარის მიღებაზე, თუმცა, როგორც ოთარ ანგურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ამბობს, აქციზის გაზრდა გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული:

„სიგარეტის და საწვავის შემთხვევაში აქციზის მოსაკრებელი და შემოსავალი ბიუჯეტში გაიზრდება, თუმცა რაც შეეხება მანქანებთან დაკავშირებულ საკითხს, შეიძლება გარკვეული სახის კლება გვქონდეს. ეს, პირველ რიგში, შესაძლებელია შეიცვალოს იაპონიის მანქანებთან დაკავშირებით, რადგანაც მარჯვენასაჭიან ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი სამჯერ იზრდება. ამიტომ ის რაოდენობა, რომელიც შემოდის, დღეის მდგომარეობით, იაპონიიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან, შეიძლება შემცირდეს“.

ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს, თუმცა განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ არგუმენტები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ოთარ კახიძის თქმით, ბიუჯეტის განსახილველი პროექტი არ ითვალისწინებს ქვეყნის წინსვლასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას:

„ჩვენი შენიშვნები ეხება პენსიებს, მასწავლებლების ხელფასს, ჯანდაცვის სექტორს, ეხება თავდაცვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ხდება ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია“.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1 მილიარდ 258 მილიონი ლარით დაფინანსდება, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კი – 3 მილიარდ 400 მილიონი ლარით, თუმცა, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, ბიუჯეტის ეს პროექტი არ იმსახურებს მხარდაჭერას:

„ჩვენთვის პრიორიტეტი არის სოციალურად დაუცველი ადამიანების ფიზიკური გადარჩენა და არა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც აქცენტი კეთდება ამ ბიუჯეტში. დღეს თუ ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ მოქალაქეები ფიზიკურად არიან გადასარჩენი, ეს არის ძალიან ცუდი“.

საქართველოს მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 13 დეკემბერს წარუდგენს, 14 დეკემბერს კი იგეგმება მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG