Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში დასჭირდა საქართველოს ოკუპანტი რუსეთის დახმარება?


გადმოწერა

იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლის დროს დახმარებისთვის ოკუპანტ ქვეყნას – რუსეთის ფედერაციას – მიმართა, დიდი აღშფოთება გამოიწვია როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე ანალიტიკოსებს შორისაც.

საქართველომ რუსეთს დახმარების თხოვნით თავად რომ მიმართა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა და ქართულმა მხარემ მხოლოდ ამის შემდეგ დაადასტურა ასეთი ფაქტის არსებობა. მომხდარს მწვავედ, კრიტიკულად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. როგორია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია და რაში ადანაშაულებენ მას ოპონენტები?

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი“ – ვკითხულობთ წერილობით განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მართალია, ამ განცხადებებში არ არის გაცემული პასუხი ჩვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე, მაგრამ ტექსტში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ხანძართან ბრძოლის დროს საქართველომ დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციასაც მიმართა:

„შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც, გართულების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას.

ამის შემდგომ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა“.

საგარეო უწყების ტექსტში ასახული ეს ინფორმაცია ორიოდე დღის წინ მედიას თავად ზურაბ აბაშიძემაც დაუდასტურა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის შემდეგ მოხდა, რაც – ამის შესახებ 25 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ:

„ჩვენ მყისიერად გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას – დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. ამ მიზნით, გამოიყო რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი „ილ-76“ (Ил-76). თუმცა, შემდეგ, ქართულმა მხარემ, მადლობის გადახდით, შეგვატყობინა, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარების აუცილებლობა აღარ არსებობს“.

ვიდრე რუსეთის მხარე ამ ფაქტს გამოააშკარავებდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დახმარებისთვის რუსეთს პირველმა სწორედ ქართულმა მხარემ მიმართა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხანძრის დღეებში გაკეთებულ არაერთ კომენტარში ლაპარაკი იყო მხოლოდ რუსეთის მიერ გამოხატულ მზაობაზე – დახმარებოდა საქართველოს. ასეთივე აზრი დევს პრემიერის მიერ 24 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაშიც:

„რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი – ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი“.

რუსეთთან კომუნიკაციის პროცესში ჩართულ პირებს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 29 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ:

„მაშინ, როცა მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც ეს არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ მიეწოდებოდეს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებების წარმოება... ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე შემთხვევა გვქონდა „გაზპრომთან“ მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იძენს ერთგვარი ტენდენციის სახეს“.

ფაქტთან დაკავშირებით მთავრობის განმარტებების მოსმენის აუცილებლობას ხედავს ოპოზიცია.ამისათვის, 29 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საგანგებო მოთხოვნა გაიგზავნა მთავრობის ადმინისტრაციაში. როგორც ენმ-ის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას:

„საქართველო, რომელიც არის ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების მქონე ქვეყანა, სრულიად გაუგებარია, რატომ მიმართა რუსეთის მხარეს საქართველოს ხელისუფლებამ მანამ, სანამ ამოიწურა ყველა სხვა შესაძლებლობა და, საერთოდ, სცადა თუ არა სხვა შესაძლებლობების გამოყენება... ამიტომ შეკითხვები გვაქვს ძალიან ბევრი და ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოცხადდნენ პარლამენტში, რაც შეიძლება სწრაფად“.

ასეთ საჭიროებას ვერ ხედავენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. პასუხად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულის გახსენებისკენ მოუწოდა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა:

„ალბათ, უმჯობესი იქნება, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ის ყოფილი მინისტრები დაიბაროს პარტიის ოფისში და მოკითხოს პასუხი და უმაღლესი ხელისუფლების პირები, რომლებმაც დაკარგეს ტერიტორიები სწორედ იმ ავბედითი ომის დროს, 2008 წელს... ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ არ არის ადამიანური დანაკლისი, რომ იქ სოფლებს, რა საფრთხეც ემუქრებოდა, იქნა თავიდან აცილებული. ეს არის სწორედ ამ მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და თითოეული მაშველის დამსახურება“.

თუკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განმარტებებს დავუბრუნდებით, იქ ნახსენები იყო „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რუსეთს საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად უნდა გამოეგზავნა. ხანძართან ბრძოლის მიზანზე მორგებული „ილ-76“-ისმძლავრი შესაძლებლობები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაადასტურა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ წარმომადგენელმა, ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, თემურ ჩაჩანიძემ; თუმცა, მისი აზრით, ბევრი ალტერნატიული შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართულ მხარეს არ ჰქონდა აუცილებლობა მიემართა, მაინცდამაინც, რუსეთისთვის:

„თურქეთსაც ჰყავს ასეთი შესაძლებლობების თვითმფრინავი, აქ ის იყო კიდევაც გამოგზავნილი... შეგვეძლო საბერძნეთისთვისაც მიგვემართა, შეიძლება – ესპანეთისთვის... კანადასაც ჰყავს... ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის უნდა მიგვემართა, გარდა რუსეთისა. რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა ჩვენთან, იმის მერე როგორ უნდა სთხოვო რამე?! თანაც, ისინი ამას მერე ყოველთვის თითზე იხვევენ და, ასე ვთქვათ – „აპიარებენ“, რომ აი, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით... რუსეთმა საქართველო გადაარჩინა განადგურებისაგან და ასე შემდეგ... მოსკოვი ხანძრის თემასაც იმავე პრინცით დაამუშავებდა და გააჟღერებდა“.

იმ ფაქტმა, რომ თბილისმა ხანძართან ბრძოლის საქმეში დახმარების თხოვნით რუსეთს მიმართა, მწვავე აღშფოთება გამოიწვია ანალიტიკოსთა წრეებშიც. როგორც მაგალითად – „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას – ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კონკრეტულ პირებს აზრად მოუვიდათ, რომ მიემართათ მტრულად განწყობილი აგრესორი ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და რომელმაც 2008 წელს თავად გააჩინა ხანძარი, მათ შორის – ბორჯომის ხეობაშიც. გიორგი ბადრიძისთვის ეს არის არა მხოლოდ ღირსების საქმე, არამედ იმის დასტურიც, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სათანადოდ ვერ აფასებენ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG