Accessibility links

როგორ აფასებენ აშშ-ში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივას?


გიორგი მარგველაშვილი

„მოხარული ვარ, რომ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში და მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნებოდა მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში 15 მარტს „ატლანტიკური საბჭოსა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებდა თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმატს, წარმოქმნიდა ახალ ფორმატებს და უზრუნველყოფდა როგორც საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე რეგიონში აშშ-ის ინტერესების დაცვას.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ამ ინიციატივას საჭიროდ და დროულად მიიჩნევს „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის“ დირექტორი, კორნელი კაკაჩია. იგი ფიქრობს, რომ საჭიროა იმ მხარდაჭერის ერთიან პაკეტში კონსოლიდირება, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან:

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„რა თქმა უნდა, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება გაამყარებდა ურთიერთობებს ორმხრივ დონეზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში ბოლომდე ვერ ღებულობს იმას, რისკენაც ისწრაფვის. რუსეთის მკვეთრი, აგრესიული და ხისტი პოლიტიკის პირობებში, აქტი კარგი მესიჯი იქნებოდა როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მთლიანად“.

კორნელი კაკაჩიას ეჭვი არ ეპარება, რომ შეერთებული შტატების კონგრესიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას მხარდაჭერა მოჰყვება, თუმცა საკითხავია, როგორ ასახვას პოვებს იგი დოკუმენტურად:

„მსგავს მხარდაჭერას სთხოვენ უკრაინელებიც. ამიტომ ამერიკულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, ეს იქნება ერთი ქვეყნისადმი მიდგომა თუ რეგიონული მიდგომა, რაც, ალბათ, ორმხრივი მოლაპარაკებების დროს გამოჩნდება“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსთვის რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, აქ ორი აზრი არ არსებობს, თუმცა მთავარია, ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს კონკრეტული, რეალური ქმედებები მოჰყვესო:

ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე

„ჩვენ კარგად ვიცით,რომ ამერიკის კონგრესს - პირველ რიგში, მის ზედა პალატას, ამერიკის სენატს, რომელიც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი - რამდენჯერმე აქვს მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. მათ შორის ჩვენ ვიცით ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ დახმარებას შეუწყვეტს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც გარკვეულწილად ურთიერთობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებებთან. თუმცა დამატებით კიდევ ერთი მხარდამჭერი აქტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის მნიშვნელოვანი. გაცილებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული ქმედება სხვადასხვა მიმართულებით. თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ 9 ქართულ ბატალიონს გაწვრთნიან ამერიკელი ინსტრუქტორები. რაც შეეხება ეკონომიკას, გარკვეულწილად, საქართველო და ამერიკა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში უნდა გადავიდნენ“.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა ისედაც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას და, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთ მხარდამჭერ აქტში რაღაც სიახლე უნდა შევიდეს, მაგალითად, ის, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა განახორციელოს აშშ-მა საქართველოს, თუნდაც, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით. ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ქართულ მხარეს ინიციატივასთან ერთად უნდა ჰქონდეს საკუთარი კონკრეტული ხედვა და პოზიცია, რომელსაც ამერიკის მხარეს გაუზიარებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG