Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გონჩა ბეიმის პორტრეტი: როგორი იყო ბარათაშვილის შეყვარებული


გონჩა ბეიმი
გონჩა ბეიმი

წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავია. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე ახლახან იმყოფებოდა განჯასა და ნახჭევანში, სადაც ბარათაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მან პოეტთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები მოიკვლია და თბილისში ჩამოიტანა, მათ შორის არის იმ გონჩა ბეიმის პორტრეტი და ლექსები, ქალის, რომელიც შესაძლოა ბარათაშვილის უკანასკნელი სიყვარული იყო.

როგორი იყო ბარათაშვილის შეყვარებული
please wait

No media source currently available

0:00 0:05:45 0:00
გადმოწერა

ნიკოლოზ ბარათაშვილი ნახჭევანში ოთხი თვე მსახურობდა. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ სათანადო სამსახური ვერ იშოვა და ისევ განჯაში წავიდა, სადაც მაზრის უფროსად მისი ნათესავი მამუკა ორბელიანი იყო. იქ გარდაიცვალა კიდეც. ბარათაშვილის პირველი საფლავი სწორედ განჯაში, რუსული ეკლესიის ეზოში, გაითხარა. პროფესორ თამარ შარაბიძის თქმით, ახლა იქ ყოფილი საფლავის კვალი უკვე აღარ არის. ამასთან, აღარ არის მუზეუმიც, რომელიც ადრე იყო

განჯის ყოფილი მუზეუმი
განჯის ყოფილი მუზეუმი

განჯაში და ბარათაშვილს ეძღვნებოდა.

განჯისგან განსხვავებით, ნახჭევანში შემონახულია ის ქუჩა და შენობები, სადაც მე-19 საუკუნეში ჩინოვნიკები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთ ამ სახლში ცხოვრობდა ბარათაშვილიც.

თამარ შარაბიძე ასევე საუბრობს გონჩა ბეიმზე, რომელსაც ბარათაშვილი მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილებში ხშირად ახსენებს და შესაძლოა უყვარდა კიდეც. თავად პოეტი მას ხანის ასულს უწოდებდა, მაგრამ შარაბიძე ამბობს, რომ ნახჭევანის უკანასკნელი ხანის, ქერიმ ხან ქენღერლის ასულებს შორის გონჩა არავის ერქვა, ამიტომ შეიძლება ის უფრო მისი ნათესავი ყოფილიყო.

გონჩა ბეიმი ტატომ სწორედ ნახჭევანში გაიცნო, ხანის სასახლეში, სადაც მეჯლისები იმართებოდა. მაშინდელი ხანის მემკვიდრეები უკვე რუსეთის გენერლები იყვნენ და სამშობლოშიც, გარკვეულწილად, რუსულ ყაიდაზე ცხოვრობდნენ. ამის გავლენა იყო ლიტერატურული სალონებიც, რომელსაც ნახჭევანში მეჯლისები ერქვა. გონჩა ბეიმი თავადაც წერდა ლექსებს. თამარ შარაბიძემ აზერბაიჯანის ბიბლიოთეკაში მიაკვლია ანთოლოგიას, სადაც გონჩა ბეიმის ლექსებიც არის შესული და ახლა მისი ქართულად თარგმნა აქვს განზრახული.

„ბარათაშვილსაც უნდოდა ამის თარგმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, თარგმნა თუ არ თარგმნა ეს უკვე აღარ ვიცით. არ მოგვეპოვება ეს თარგმანი. აღარ გაუგზავნია მაია ორბელიანისთვის“.

განჯის რუსული ეკლესია
განჯის რუსული ეკლესია

გონჩა ბეიმი ძალიან ადრე გათხოვილა და შემდეგ უკვე ცდილობდა ქმარს გაშორებოდა, რაც იმდროინდელ კავკასიაში ადვილი საქმე არ იყო. მათი გაყრის საკითხი მაზრის უფროსს უნდა გადაეწყვიტა. ამ თანამდებობაზე მაშინ ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი იყო დანიშნული. თვით მელიქიშვილი ამის შესახებ წერს:

„ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს, გააშვებინე ქმარიო, მე როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები“.

შემდეგ კი საქმე სხვაგვარად შეტრიალდა:

თამარ შარაბიძე
თამარ შარაბიძე

„თუმცა, შემდეგ წერილში ბარათაშვილი უარყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ ქალისადმი და მაია ორბელიანს სწერს, რომ თქვენ სხვანაირად გამიგეთ, მე ეს ქალი ქმარს შევარიგე და მისი ისტორია ისეთია, რომ მთელი რომანი დაიწერებაო. ჩვენ, ლიტერატორებს, ეს გვაინტერესებს იმ კუთხით, რომ ბარათაშვილმა ნახჭევანში ორი ლექსი შექმნა და ეს ორივე ლექსი სატრფიალო ხასიათისაა. განსხვავდება სხვა ლექსებისგან, რომელთა ადრესატი ეკატერინე ჭავჭავაძეა. განსხვავდება თავისი წყობით, რითმულობით, თუნდაც იმით, რომ აქ არ არის ცისფერთვალება ასულისადმი ტრფობა. ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ეს ორი ლექსი გონჩა ბეიმისადმი არის მიძღვნილი“, – ფიქრობს თამარ შარაბიძე.

„მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო.

დღისით მზევ. ღამით მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანს ვსცემ შენსა სახელსა;

დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!“

ეს არის ლექსი, რომელიც, სავარაუდოდ, გონჩა ბეიმს ეძღვნება. თამარ შარაბიძე ამბობს, რომ თეორიულად არსებობს შესაძლებლობა, რამდენიმე გონჩა ბეიმი ყოფილიყო, მაგრამ მისივე თქმით, ნახჭევანში დარწმუნებულები არიან, რომ ფოტოზე გამოსახული ქალი სწორედ ისაა, რომელსაც ბარათაშვილი ახსენებდა. გონჩა ბეიმის ფოტო იქ ხანის მუზეუმშიც ინახება და ლიტერატურის მუზეუმშიც.

ხანის სასახლე
ხანის სასახლე

„ნახჭევანში ეს ისტორია უფრო განთქმულია და იციან და სპექტაკლიც კი დაუდგამთ, სადაც ბარათაშვილის როლს თავად თეატრის ხელმძღვანელი ასრულებდა. სპექტაკლი შეეხებოდა ბარათაშვილისა და გონჩა ბეიმის ტრფობას“.

თამარ შარაბიძე ამბობს, რომ ბარათაშვილი, მიუხედავად თავისი სევდიანი ბუნებისა, მთლიანად ჩართული იყო განჯისა და ნახჭევანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქტიურად დადიოდა იქაურ მეჯლისებზე და პლუს თავის წერილების ადრესატებისგან თბილისური ჭორების გამოგზავნასაც ითხოვდა.

თბილისში ბარათაშვილი ყველას იცნობდა და მაღალი წრის საზოგადოების მუდმივი სტუმარი იყო. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ვარაუდით ვიცით, რომ ჩახრუხაძის N17, სადაც ახლა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმია, მართლაც მისი სახლი იყო. მუზეუმში უშუალოდ ბარათაშვილის კუთვნილი ნივთები შემორჩენილი არაა. მუზეუმის კურატორის, ციალა ჯანყარაშვილის თქმით, აქ, უბრალოდ, შექმნილია გარემო, რომელიც მე-19 საუკუნის თბილისური არისტოკრატიისთვის იყო დამახასიათებელი: როიალი, ლომბერის მაგიდა ბანქოს სათამაშოდ, საწერი მაგიდა...

„ასევე საინტერესოა მე-19 საუკუნის კუთხის სავარძელი, რომელიც არის საკმაოდ უცნაური ფორმის – მასზე მჯდომ პიროვნებას შეეძლო ერთდროულად სხვადასხვა პირისთვის მიემართა. ასევე არის თარი. ცნობილია, რომ ბარათაშვილებს ჰქონდათ ოჯახში თარი და ამიტომ ჩვენთვის ძვირფასია ეს ექსპონატი“.

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი ამჯერად დროებით დაკეტილია და როგორც მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინო სანადირაძე ამბობს, განახლებული სახით, ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება.

„ახალი საექსპოზიციო დარბაზი როგორი იქნება ამას საიდუმლოდ დავტოვებ, ოქტომბრის ბოლოს არამარტო თბილისის, არამედ სხვა დამთვალიერებელსაც საშუალება ექნება ნახოს, თუ რას ვეძახით თანამედროვე ექსპოზიციას, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ანიმაციური სიახლე იქნება აქ დაგეგმილი“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG