Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“როსნეფტი“ საქართველოში იკიდებს ფეხს


ვლადიმირ პუტინი "როსნეფტის" წარმომადგენლებს ხვდება
ვლადიმირ პუტინი "როსნეფტის" წარმომადგენლებს ხვდება

"პეტროკას ენერჯი გრუპის" 49%-იანი წილის ყიდვით საქართველოში ახალ ადგილს იმკვიდრებს რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“, რომელსაც ასევე შეეხო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირებს. ქართულ კერძო კომპანიასთან დადებული გარიგებით, რუსული სახელმწიფო კომპანია იმედოვნებს, რომ უფრო აქტიურად იმოქმედებს სამხრეთ კავკასიაში. არის თუ არა ეს გარიგება სახიფათო საქართველოთვის და რა პოზიცია აქვს თბილისს?

„როსნეფტის“ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კომპანიამ ხელი უკვე მოაწერა დოკუმენტებს "პეტროკას ენერჯი გრუპის" წილის ყიდვისა და იმ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „როსნეფტის“ საქმიანობის გაშლა არათუ მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება ვრცელდება ფოთის ნავთობტერმინალსა და „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.

შეთანხმება რომ უკვე შედგა, ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას "პეტროკას ენერჯი გრუპის" ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ მჭედლიშვილიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ "პეტროკას ენერჯი გრუპი" და „როსნეფტი“ უკვე კარგა ხანია თანამშრომლობენ:

გარიგება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას „როსნეფტის“ ზრდისთვის – პეტროკა ფლობს და მართავს მაღალხარისხიან აქტივებს რეგიონის ერთ-ერთ საკვანძო ლოგისტიკურ ცენტრში. ამგვარად, „როსნეფტი“ არსებითად გააფართოებს თავის წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში, გაზრდის მოღვაწეობის გეოგრაფიას...
"როსნეფტი"

„ალბათ, ბევრმა იცის, რომ ჩვენი მეშვეობით „როსნეფტი“ უკვე კარგა ხანია აწვდის სომხეთს ნავთობპროდუქტებს. ეს მოლაპარაკება ახლა არ დაწყებულა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 49%-იანი პაკეტი შეიძინა „როსნეფტმა“. ეს ნიშნავს, რომ ქართული მენეჯმენტი რჩება ადგილზე, ქართული კონტროლი ნარჩუნდება ამ ჯგუფზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. „როსნეფტის“ შემოსვლა სააქციო კაპიტალში, ჩვენი აზრით, მეტ სტაბილურობას ნიშნავს, შესაძლებელი გახდება მეტი ტვირთის მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე ინვესტიციების მოზიდვა გახდება შესაძლებელი“.

„გარიგება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას „როსნეფტის“ ზრდისთვის – პეტროკა ფლობს და მართავს მაღალხარისხიან აქტივებს რეგიონის ერთ-ერთ საკვანძო ლოგისტიკურ ცენტრში. ამგვარად, „როსნეფტი“ არსებითად გააფართოებს თავის წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში, გაზრდის მოღვაწეობის გეოგრაფიას და დამატებით მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირებას“, – ვკითხულობთ „როსნეფტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც კომპანიის ხელმძღვანელის იგორ სეჩინის სიტყვებიც არის მოყვანილი. ის ამბობს, რომ ეს გარიგება შეასრულებს არსებით როლს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აქვე გავიხსენოთ, რომ იგორ სეჩინი რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ და გავლენიან მოკავშირედ მიიჩნევა და აშშ–ს პირადად მის წინააღმდეგაც აქვს დაწესებული სანქციები, უკრაინაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კვალდაკვალ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაწესებულია კომპანია „როსნეფტის“ წინააღმდეგაც.

ამ ფაქტის გათვალისწინებას აუცილებლად მიიჩნევს პოლიტოლოგი ირაკლი მჭედლიშვილი და იმ ფაქტსაც მეტად საყურადღებოდ თვლის, რომ კომპანია „როსნეფტს“ გაფორმებული აქვს 45-წლიანი კონტრაქტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში – საქმიანობისთვის. ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ:

ეს კომპანია, „პეტროკასი“, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იყო წინა ხელისუფლების საკუთრებაში და იყო მათი, ასე ვთქვათ, ჯიბის კომპანია... ეს ტრანზაქცია მოხდა ობშორულ ანგარიშებზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არა გვაქვს...
გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენ გვაქვს როგორც მორალური, ასევე კანონიერი საფუძვლები, რომ გადავდგათ ნაბიჯები ამის წინააღმდეგ... მთლად ღია დაპირისპირებასა და კონფლიქტში რომ არ შევიდეს, საქართველოს მთავრობამ დასავლურ კომპანიებს, კაპიტალს უნდა გაუხსნას გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთში მზარდმა კრიზისმა შეიძლება ჩაიყოლოს... სერიოზულად იმოქმედოს საქართველოზე“.

თუკი ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ის არ მიესალმება რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან დადებულ გარიგებას და შეახსენებს საზოგადოებას, რომ "პეტროკას ენერჯი გრუპის" აქტივები ერთ დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის, საკუთრება იყო. ეკონომიკის მინისტრმა ამ კონტექსტში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ახსენა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დავით კეზერაშვილმა გაასხვისა კომპანიის ქონება რუსეთში მოღვაწე დავით იაკობაშვილზე.

„ეს კომპანია, „პეტროკასი“, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იყო წინა ხელისუფლების საკუთრებაში და იყო მათი, ასე ვთქვათ, ჯიბის კომპანია... ეს ტრანზაქცია მოხდა ობშორულ ანგარიშებზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არა გვაქვს... აქეთ მოდის ბრალდებები ჩვენკენ, რომ ჩვენ ვყიდით რუსულ კომპანიებზე და ნათლად ჩანს, თუ ვინ ყიდის რუსულ სახელმწიფო, თანაც, სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეს ბიზნესგარიგება გასაგები და სავსებით მისაღებია პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილისთვის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით ხიფათს მონოპოლია შექმნიდა, ამ შემთხვევაში კი ბათუმსა და ყულევში იმავე პროფილის ინფრასტრუქტურის არსებობა პოლიტიკური რისკების საკმარის დივერსიფიცირებას ახდენს და ხიფათიც ქრება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG