Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთვლის პრობლემები პარლამენტში


რთველი კახეთში
რთველი კახეთში

კახელი მევენახეების ნაწილი არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და მთავრობისგან ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას მოითხოვს. მევენახეებს არ აკმაყოფილებთ ყურძნის ჯამური ღირებულება, რომელიც ღვინის ქარხნების მიერ განსაზღვრული ფასისა და მთავრობის მიერ დაწესებული სუბსიდიის ჯამისაგან შედგება. მევენახეების მოთხოვნით, 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ჩასაბარებელი ფასი არ უნდა იყოს 1 ლარზე ნაკლები, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერ დააწესებენ ფასს, რომელიც საბაზრო ურთიერთობის შედეგად მევენახეებმა და მეღვინეებმა უნდა დაადგინონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ და მევენახეებმა ყურძნის ფასისა და რთვლის მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთა გაერთიანებულ სხდომაზეც ილაპარაკეს.

საპროტესტო აქციების ფონზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რთველი კახეთში შეუფერხებლად მიმდინაერობს და რომ, 15 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების შემდეგ რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთვნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 23 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის ექვსი საწარმო:

„დაახლოებით 200 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებით, რაც ნიშნავს, შარშანდელთან შედარებით, 30-პროცენტიან მატებას. მოვემზადეთ ამ სიჭარბისთვის, ხელშეკრულება გავაფორმეთ 20-ზე მეტ ქარხანასთან, სადაც სახელმწიფო ჭარბ ყურძენში გადაიხდის ალტერნატიულ ფასს - 60 თეთრს თეთრ ყურძენში, 85 თეთრს შავ ყურძენში. ამ დროისათვის 8 ათას ტონაზე მეტი ყურძენია სამრეწველო გადამუშავებისთვის ჩაბარებული“.

ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 სექტემბერს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ საპროტესტო აქციებში ჩართული მევენახეები, რომელთა თქმითაც, რთველი შეფერხებით მიმდინარეობს და ამის მიზეზი, პირველ რიგში, ყურძნის მიუღებლად დაბალი ფასია:

„ეს ფასია? ესაა სამარცხვინო ფასი! დოლარი 85 თეთრით გაძვირდა, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის ფასს კი 30 თეთრი დააკლდა. გამოდის, რომ ხარჯიც ვერ უნდა დავფაროთ“.

დაპირდა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი კახელ გლეხებს, რომ 1 ლარი ეღირებოდა ყურძენი? მეორე: შექმენით თუ არა რუსეთის ბაზრის ჭარბი მოლოდინი და ამ ჭარბი მოლოდინის ხარჯზე, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ექსპორტი დასავლეთის მიმართულებით გაზრდილიყო...
სერგო რატიანი

კახელი მევენახეების წუხილი ყურძნის ფასების გამო რომ უსაფუძვლო არაა, ამას თვალსაჩინოდ აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, თეთრი ყურძნის ფასი 2012 წლის, ანუ მთავრობის შეცვლის, შემდეგ 1 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა, რაც შეეხება საფერავს, ის 2013 წელს 1,80 ლარი ღირდა, 2014 წელს კი - 2,5 ლარი. ეკონომისტ გია ჯანდიერის თქმით, შექმნილი ვითარების მიზეზი მევენახეობის დარგის გაუმართლებელი სუბსიდირებაა.

„არ უნდა დაეწყოთ სუბსიდირება, რომელიც წინა მთავრობამ დაიწყო და ამ მთავრობამ გააგრძელა. მეტიც, ამ მთავრობამ უმძიმესი შეცდომა დაუშვა, როცა „გააპიარა“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და ამით გაუჩინა ზედმეტი იმედიმოსახლეობას, რომელსაც აღარ ჰქონდა ამ მასშტაბით ვენახი გაშენებული. ამავდროულად, იმედი გაუჩინა იმ ღვინის საწარმოებსაც, რომლებმაც იფიქრეს, რომ გაჩნდებოდა რუსეთში მასშტაბური ექსპორტის საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შეცდომა“, უთხრა გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.

საკომიტეტო სხდომაზე საპარალამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, სოფლის მეურნეობის მინისტრს კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირება შეახსენა:

„დაპირდა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი კახელ გლეხებს, რომ 1 ლარი ეღირებოდა ყურძენი? მეორე: შექმენით თუ არა რუსეთის ბაზრის ჭარბი მოლოდინი და ამ ჭარბი მოლოდინის ხარჯზე, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ექსპორტი დასავლეთის მიმართულებით გაზრდილიყო“.

ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ესაა საბაზრო ურთიერთობა და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ რისკზე, რა რისკზეც წავიდა, როცა წარმოება წამოიწყო და ინვესტიცია განახორციელა. ვიმეორებ, თუ წელსაა შედარებით დაბალი ფასი, შარშან იყო ძალიან მაღალი ფასი...
ზურაბ რამაზაშვილი

ოპონენტების კრიტიკის პასუხად, მთავრობაში აცხადებენ, რომ სუბსიდირებას ერთგვარი სოციალური დატვირთვა აქვს და რომ მევენახეობის ბიუჯეტიდან სტიმულირების პრაქტიკა უახლოეს წლებში შეჩერდება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის კომენტარი:

„სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს სუბსიდირებისგან, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში სუბსიდირებას აქვს სოციალური დატვირთვა და რომ ვნებათაღელვა არ ყოფილიყო, სახელმწიფომ რთველის დაწყებამდე განსაზღვრა და დაადგინა სუბსიდიის მოცულობა“.

ზურაბ ტყემალაძე იმასაც ამბობს, რომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი უნდა განისაზღვროს ორი მხარის - მეღვინეებისა და მევენახეების - ურთიერთობის შედეგად. „თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილიც მიიჩნევს, რომ ყურძნის ფასის დადგენაში მესამე მხარე არ უნდა მონაწილეობდეს.

„ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ესაა საბაზრო ურთიერთობა და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ რისკზე, რა რისკზეც წავიდა, როცა წარმოება წამოიწყო და ინვესტიცია განახორციელა. ვიმეორებ, თუ წელსაა შედარებით დაბალი ფასი, შარშან იყო ძალიან მაღალი ფასი. შარშან ზოგიერთ შემთხვევაში 3,0 და 3,5 ლარი გადაიხადეს მეღვინეებმა. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, შარშან მაღალი იყო ფასი, წელს დაბალია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფულად დაბალია. გლეხი იღებს 70 თეთრს, მაშინ როცა ყურძნის მოყვანა არ შეიძლება დაუჯდეს 35 თეთრზე მეტი. ნებისმიერ შემთხვევაში ორმაგი ფასია“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ რამაზაშვილმა, რომლის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ წელს 1300 ტონამდე კახური მწვანისა და რქაწითლის შესყიდვას აპირებს. 1 კილოგრამის სავარაუდო ფასი 35 თეთრი იქნება, რაც მიუღებელია საპროტესტო აქციებში მონაწილე მევენახეებისთვის, რომლებიც ფასის 1 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG