Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უნდა დააზღვიოს მევენახეების ბიზნესრისკები საქართველოში


საქართველოს ხელისუფლება დღეს მძიმე არჩევანის წინაშე დგას - ან ბოლომდე ჩაჰყვეს სუბსიდირების იმ პოლიტიკას, რომელიც უკვე წლებია კახელ ფერმერებს თუ გლეხებს, როგორც თავს უწოდებენ, ეკონომიკურ სიცრუეში აცხოვრებს, ან შეინარჩუნოს პრინციპულობა, ამ ეტაპზე მაინც, და სოფლის მეურნეობის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს აუხსნას და გააგებინოს, რომ სახელმწიფო არ და ვერ შეინახავს ბოლომდე არამომგებიან ბიზნესს და რომ დროა მათ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი ეძებონ.

აღარავისთვის სიახლე აღარაა, რომ დაპირისპირებისა და აჟიოტაჟის მთავარი საბაბი ყურძნის ფასია. 2015 წლის რთვლის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერავზე 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. ეს სუბსიდირების იგივე თანხაა, რაც გასულ წელს. ამასთან, წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვისცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

2014 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, გადამუშავდა 124 ათას ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 174 მლნ ლარს გადააჭარბა (შედარებისთვის: 2013 წელს შემოსავლები 100 მლნ ლარს შეადგენდა). რთვლის პერიოდში ყურძნის ფასიც უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა.

თუმცა, გასული წლისგან განსხვავებით, როცა გვალვამ მევენახეებს მოსავალი შეუმცირა, წელს მოსავალი გაცილებით დიდია, მოთხოვნა კი - ნაკლები. ნაკლები მოთხოვნა, პირველ რიგში, ექსპორტის შემცირებით არის გამოწვეული, ექსპორტის შემცირება კი იმით, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ რჩება ორ მსხვილ ბაზარზე დამოკიდებული - უკრაინასა და რუსეთზე. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16 810 187 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 46 %-ით ნაკლებია 2014 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით. ღვინის ექსპორტის კლება ორ უმსხვილეს ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში - შემცირებულ გაყიდვებს უკავშირდება. რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 59 %-ით დაეცა, უკრაინაში - 62 %-ით. შესაბამისად, ქართველ მეღვინეებს ღვინის მარაგი დაუგროვდათ და ზოგ მათგანს გაწეული ხარჯის ამოღებაც გაუჭირდა - განსაკუთრებით იმათ, ვისაც რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე ღვინო ფიქსირებული ფასით ჰქონდა შეტანილი სუპერმარკეტებში და, ამ დროს, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის კატასტროფულმა ვარდნამ ვალუტაში შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირა. სწორედ ამიტომ ღვინის ქარხნებს არც ფული აქვთ და არც ბიზნესმოტივაცია, რომ გაზრდილი მოსავალი მაღალ ფასად შეისყიდონ, ფერმერები კი არსებული ბიზნესრისკების მხოლოდ მათზე და სახელმწიფოზე გადანაწილებას მოითხოვენ. ეს „მომხმარებლური“ და არასაბაზრო მიდგომა, რომელიც რუსეთის „ნაწილად“ ქცევის მუქარითაც კი გამოიხატა, კარგად მოწმობს იმას, რომ ფერმერების განათლების დონე ძალიან დაბალია და მათთვის ისიც კი არავის აუხსნია, რომ სწორედ „რუსეთთან“ მჭიდროდ დაკავშირება და მის „ნაწილად“ ქცევა გაუღრმავებს მათ იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც სახელმწიფოს ასე დაჟინებით სთხოვენ. პრობლემაა ასევე არასწორი მოლოდინები, რომელიც ხელისუფლებამ გლეხებს რუსეთის ბაზრის გახსნის გამო შეუქმნა და ის, რომ არც რისკების არსებობის შესახებ გააფრთხილა.

ცხადია, ვაზის აჩეხა ამ შემთხვევაში მხოლოდ პროვოკაციული გამოსავალია, გამოსავლის რეალურად პოვნა კი ყურძნის რეალიზაციის გზების გაფართოება, ყურძნის ადგილზე გადამუშავების (დაწურვა, ბადაგად და საოჯახო ღვინოდ გაყიდვა), ჭაჭის გამოხდააა. ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, წელს ვეღარ განმეორდება შარშანდელი „მაქსიმუმი“ - სოფლის მეურნეობის ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები, რომლებმაც შარშან მნიშვნელოვანი მოგება მიიღეს, წელს დაზარალდებიან. სამწუხაროდ, ეს არის რისკი, რომლის წინაშეც ნებისმიერ ბიზნესში ჩართული ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე სხვადასხვა დროს და, ალბათ, ჩვენც მოგვიწევს იმის გაცნობიერება, რომ მევენახეობაც ბიზნესია.

დაბოლოს, მხოლოდ ერთი ციფრი: 2013-2014 წელს სახელმწიფომ მევენახეების ბიზნესრისკების „შესამსუბუქებლად“, სხვადასხვა ფორმით (სუბსიდირება, აგროსესხები და ა.შ.), დაახლოებით 250 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG