Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფრთხეები რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაში


ანტითურქული დემონსტრაცია მოსკოვში, თურქეთის საელჩოსთან
ანტითურქული დემონსტრაცია მოსკოვში, თურქეთის საელჩოსთან

ნატოს სამშვიდობო მოწოდებების მიუხედავად, თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის (სუ-24) ჩამოგდების კვალდაკვალ, მოსკოვი ლაპარაკობს ურთიერთობების გამწვავებაზე არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ ნატოსთანაც. ამასთან, ანალიტიკოსები მოელიან, რომ რუსეთი შეეცდება მალევე იძიოს შური თურქეთზე, რასაც შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვეს. მსოფლიოში ათასგვარი შესაძლო სცენარი განიხილება და მოვლენათა განვითარების ვერსიებზე მსჯელობენ საქართველოშიც. რა სავარაუდო საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, თუკი მართლაც გამწვავდება დაპირისპირება მეზობელ დიდ სახელმწიფოებს შორის?

25 ნოემბერს რუსულენოვანი მედია აქტიურად ავრცელებდა ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ყველა ტუროპერატორი აუქმებდა ჩარტერულ რეისებს და წყვეტდა ტურისტული საგზურების გაყიდვას თურქეთის მიმართულებით. ყველასათვის ნათელია, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს მოიტანს როგორც რუსეთისთვის, ასევე თურქეთისთვისაც, მაგრამ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვი ახალი საფრთხეების ალბათობაზეც ალაპარაკდა და თურქეთში გამგზავრებისგან ყველას თავის შეკავება ურჩია. საგარეო უწყების მიერ 24 ნოემბერს გავრცელებული გაფრთხილება 25 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მოიწონა და ეს სვლა განსაკუთრებული აუცილებლობით ახსნა:

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„მას შემდეგ, რაც გუშინ მოხდა, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ რაიმე სახის სხვა ინციდენტები და თუკი ეს ინციდენტები მოხდება, ჩვენ ასე თუ ისე მოგვიწევს მათზე რეაგირება. შესაბამისად, თურქეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლოა დაემუქროთ მნიშვნელოვანი საფრთხე და საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ მათ ეს უთხრას“.​

ანკარა იტყობინება, რომ თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი 24 ნოემბერს მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც სუ-24 ტიპის თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ხოლო, მოსკოვის ცნობით, მისი სამხედრო თვითმფრინავი არ იყო გასული სირიის საჰაერო სივრციდან და თურქეთმა ის სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. 25 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მომხდარს ანკარის მიზანმიმართული ქმედებაც უწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ანკარის ქმედება „უგუნურ დანაშაულებრივ ქმედებად“ შეაფასა. რუსეთის პრემიერის თქმით, მომხდარმა სამი შედეგი მოიტანა:

„პირველი ის, რომ ეს არის ურთიერთობათა სახიფათოდ გამწვავება ნატოსა და რუსეთს შორის, რასაც არანაირი ინტერესი არ ამართლებს და, მათ შორის, არც სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიზანი. მეორე, თავისი ქმედებებით თურქეთმა დაიცვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რაც არ არის გასაკვირი იმ ცნობების გათვალისწინებით, რომლებიც ზოგიერთი თურქი თანამდებობის პირის პირდაპირ ფინანსურ დაინტერესებას შეეხება – საუბარია ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ კუთვნილი საწარმოებიდან. და მესამე, ძალიან შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობები – მათ შორის, ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ სფეროში. ძალიან ძნელი იქნება ამ ზარალის ანაზღაურება. მომხდარს შეიძლება მოჰყვეს უარის თქმა მთელ რიგ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე და თურქული კომპანიების პოზიციების დაკარგვა რუსეთის ბაზარზე“.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 24 ნოემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო სხდომის შემდეგ, მხარეებს დიალოგისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რუსეთის ხელისუფალთა მწვავე განცხადებები ცხადყოფს, რომ მოსკოვი აშკარად შეურაცხყოფილია და უკან დახევას არ აპირებს. შესაბამისად, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავებას სირიის გარშემო, მაშინ როცა რუსეთი აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ნატოს წევრი თურქეთი კი ასადის მოწინააღმდეგეთა რიგებს მიეკუთვნება.

ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთი შეეცდება მოკლე დროში გადაუხადოს სამაგიერო თურქეთს, ვარაუდობს ჩვენთან საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ პასუხისმგებელი რედაქტორი თემურ ჩაჩანიძე. ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ის საფრთხეებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართითაც ხედავს:

„რა თქმა უნდა, არის იმის საფრთხე, რომ რუსეთმა ზეწოლა გააძლიეროს თურქეთზე და ამისათვის, ვთქვათ, დასჭირდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება თავისი შეიარაღების, ტექნიკის გადასატანად ან საჰაერო სივრცე დასჭირდეს, ან საზღვაო სივრცე დასჭირდეს – არის ბევრი საფრთხე, რომლებზეც აუცილებელია დაფიქრება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება“.

დღევანდელი მოცემულობით, საქართველო ვერ გახდება ფრონტი რუსეთისა და თურქეთისთვის, როგორც ეს იყო, მაგალითად, ადრე, იმპერიულ წარსულში: საქართველო, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, იყო პლაცდარმი რუსეთის ხელში სამხრეთით შეტევების განსახორციელებლად. ამასთან, რეალურად, რუსეთმა უკვე გააკეთა განაცხადი, რომ სამხედრო მოქმედებებს არ დაიწყებს თურქეთის წინააღმდეგ...
გიორგი გობრონიძე

ანალიტიკოსები შორს არიან იმ მოსაზრებისგან, რომ რუსეთი გაბედავს და ომს დაუწყებს ნატოს წევრ თურქეთს, მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე თავად ალიანსიც არ არის დაინტერესებული რუსეთის გაღიზიანებით, მაგრამ თუკი ასეთ სცენარს მაინც წარმოვიდგენთ, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, უარეს შემთხვევაში, მოვლენათა განვითარებას სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზას უკავშირებს:

„შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა გაამაგროს გიუმრის სამხედრო ბაზა, რომელიც თურქეთთან ახლოს მდებარეობს და მოხდეს სამხედრო კონტინგენტის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის გავლით... საქართველოს დაემუქროს, რომ გაატაროს რუსეთის საჯარისო ფორმირებები... წინააღმდეგ შემთხვევაში, ვთქვათ, რუსეთმა შეიძლება კონტროლი დაამყაროს საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე (რაც სამხედრო დაპირისპირების გარეშე არ ჩაივლის), თუმცა ამის ალბათობა, ჩემი აზრით, დაბალია“.

​მართალია, საქართველო რუსეთისა და თურქეთის მეზობელია, მაგრამ მათი დაპირისპირება უარყოფითად ვერ აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე, ამბობს ჩვენთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. შიშებს ის უსაფუძვლოდ მიიჩნევს:

„დღევანდელი მოცემულობით, საქართველო ვერ გახდება ფრონტი რუსეთისა და თურქეთისთვის, როგორც ეს იყო, მაგალითად, ადრე, იმპერიულ წარსულში: საქართველო, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, იყო პლაცდარმი რუსეთის ხელში სამხრეთით შეტევების განსახორციელებლად... ამასთან, რეალურად, რუსეთმა უკვე გააკეთა განაცხადი, რომ სამხედრო მოქმედებებს არ დაიწყებს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა გაძლიერდება სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერა გამანადგურებელი ავიაციის მონაწილეობით, ფლოტის ჩართულობით და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მონაწილეობით“.

გიორგი გობრონიძის თქმით, თურქეთმა თავისი ნაბიჯით ერთგვარად ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს და მისცა მას საშუალება მეტი სამხედრო ტექნიკა შეიტანოს სირიის ტერიტორიაზე, გაამართლოს თავისი გაზრდილი წარმომადგენლობა და, პარალელურად, უფრო უკეთ დაუჭიროს მხარი ასადის რეჟიმს. თუმცა, თავის მხრივ, პროცესებს ყურადღებით აკვირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. „თურქეთის მიმართ სოლიდარული ვართ და მხარს ვუჭერთ თურქეთის - ჩვენი ნატოელი მოკავშირის – ტერიტორიულ მთლიანობას“, განაცხადა 24 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG