Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედროები რუსეთის სამსახურში


ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმირ პუტინი. 2017 წლის 21 მარტი
ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმირ პუტინი. 2017 წლის 21 მარტი

რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი განაგრძობენ მუშაობას სამხედრო ძალების გაერთიანების მიმართულებით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცხინვალის ე.წ. არმიის მებრძოლთა ნაწილი რუსეთის არმიის შემადგენლობაში გადაინაცვლებს. საბოლოო დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იბრაჰიმ გასიევმა. წინასწარი ინფორმაციით, ხელმოწერა 30 მარტისთვის იგეგმებოდა. რუსულენოვანი მედია ამ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას საქართველოს მხრიდან შესაძლო თავდასხმის პრევენციას უკავშირებს. მოსკოვის სვლას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს და პრობლემის გადაჭრის იმედები საერთაშორისო თანამეგობრობას უკავშირდება. ოსური სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების საკითხი ქართულმა მხარემ 29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის ფარგლებშიც გააპროტესტა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსკოვისა და ცხინვალის ე.წ. შეთანხმებას ხელს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის უწყებათა პირველი პირები მოაწერდნენ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. ეს ნიშნავს აღსრულებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შესაბამისი განკარგულებისა, რომელიც 14 მარტით არის დათარიღებული და რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა რუსეთის მთავრობის მიერ 13 მარტს მხარდაჭერილ გადაწყვეტილებას. ახალი დოკუმენტის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ აცნობა, რომ რუსეთის არმიაში სამსახურის საშუალება 150 ოს სამხედროს მიეცემა. ეს სწორედ ის რიცხვია, რომელზეც რუსულენოვანი მედია რამდენიმე კვირის წინ ალაპარაკდა და ისიც აღინიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ე.წ. ოსური არმიის სადაზვერვო დანაყოფის, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმისა და სნაიპერთა დანაყოფის შეერთებით. ხაზგასმით აღინიშნებოდა ისიც, რომ სამხედრო ძალების გაერთიანების შედეგად, სამხრეთ ოსეთი უფრო უკეთესად დაიცავდა თავს ნატოს მხარდაჭერით გაძლიერებული საქართველოს მხრიდან თავდასხმისგან.

როგორ ვაპირებთ მოქმედებას? ჩვენ ვაპირებთ იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გვყავდეს საქმის კურსში, იყოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთებული და მაქსიმალურად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვიმოქმედოთ...
დიმიტრი ცქიტიშვილი

თბილისისთვის კი ნათელია, რომ რუსეთი მორიგ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიის მისაკუთრებისკენ და რომ ამ პროცესში ქვეყანას მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ თემაზე არაერთი ასეთი შინაარსის განცხადება გაკეთდა და მათ შორის არის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ 30 მარტს გაკეთებული განცხადებაც:

„ეს არის ჩვეულებრივი ანექსიის პროცესი, რომელიც ცალსახაა და არავითარი ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. როგორ ვაპირებთ მოქმედებას? ჩვენ ვაპირებთ იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გვყავდეს საქმის კურსში, იყოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთებული და მაქსიმალურად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვიმოქმედოთ“.

ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯზე ლაპარაკობს საგარეო საქმეთა სამინისტროც 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის შეჯამებას ისახავს მიზნად. ტექსტის თანახმად, ტრადიციულად უშედეგოდ დასრულებული მორიგი რაუნდის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა სწორედ ანექსიის გეგმის ნაწილად განხილული ორი საკითხი: ცხინვალის მიერ 9 აპრილისთვის დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე და ე.წ. შეთანხმება ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე.

რუსეთი რომ სწორედ ანექსიის მიზნებით ხელმძღვანელობს, ამაში ეჭვი არც პოლიტიკური ოპოზიციის რიგებში ეპარებათ, თუმცა პარალელურად ისმის მწვავე კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით, რომ არაფერი კეთდება პუტინის განზრახვების აღსაკვეთად და საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი ყურადღებისა და მხარდაჭერის მობილიზებისთვის. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ასეთი შინაარსის განცხადებებს აკეთებს:

„რუსეთის ასეთი თავხედური ნაბიჯები, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხედრო მშენებლობით დაწყებული და დამთავრებული ადამიანების გატაცებით, შესაძლებელი გახდა იმ პირობებში, როდესაც განვლილი 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება იყო სირაქლემის პოზიციაში, აბსოლუტურად პასიური“.

ერთი შეხედვით, თითქოს, არაფერს უნდა ცვლიდეს, 150 კაცი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებს თუ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებაში, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შემაშფოთებელი ის არის, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონის სტრუქტურების ინტეგრირება რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში. ამასთან, ზაალ ანჯაფარიძე მოსკოვის მიერ სავარაუდოდ თბილისისკენ გამოშვებულ სიგნალზეც ლაპარაკობს:

ზაალ ანჯაფარიძე
ზაალ ანჯაფარიძე

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა ფართო ნაბიჯებით მიდის ნატოსა და ევროკავშირისკენ, რუსეთმა გამაფრთხილებელი სიგნალი გამოგვიგზავნა, თუ შეიძლება ასე ითქვას... ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ძალიან ჩუმად და არავის არაფერი გაეგო, მაგრამ რადგანაც ერთი შეხედვით ასეთი უმნიშვნელო აქტი ასე ფართოდ იქნა გაშუქებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ, სავარაუდოდ, იყო გათვლილი თბილისის ყურებისთვის“.

ზაალ ანჯაფარიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთი მოახდენს საქართველოს ტერიტორიების დაუფარავ ანექსიას, ისევე როგორც ის მოქმედებდა ყირიმის შემთხვევაში და ამით კიდევ უფრო გააღიზიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, თუკი შეჩერება ვერ მოხერხდა, მცოცავი ანექსიის შედარებით ხანგრძლივი პროცესი იმავე ტიპის სავალალო შედეგებით დასრულდება.

ე.წ. სამხედრო შეთანხმება ცხინვალის რეგიონთან ეყრდნობა ე. წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება („მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“) მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. ეს ფაქტი არაერთხელ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG