Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს „პირდაპირ ინტერვენციაში“ ადანაშაულებენ


ნატოს ინფორმაციით, უკრაინაში 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იბრძვის. ამ ცნობას ავრცელებს დასავლეთის მედია ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით. უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაში რუსეთს ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტიც, პეტრო პოროშენკო, რომელმაც ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ბრალდებები, ბუნებრივია, კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა, თუმცა მოსკოვი მაინც უარზე დგას: ირწმუნება, რომ რუსი ჯარისკაცები არ იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე.

ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსს ხელთ აქვს მონაცემები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. ისინი სეპარატისტებს ეხმარებიან და მათთან ერთად იბრძვიანო, - უთხრა ბელგიაში მედიას ნატოს წარმომადგენელმა სამხედრო პირმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა. მანვე გამოთქვა ვარაუდი, რომ მოსკოვი ქმნის ყირიმთან - წელს მარტში დაპყრობილ ტერიტორიასთან - დამაკავშირებელ სახმელეთო დერეფანს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის გავლით.

ნატოს ხელთ არსებული ეს ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთი ჯარების უკრაინაში გაგზავნაში დაადანაშაულა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მან გააუქმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

„უკრაინის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, რუსეთის ჯარების შემოყვანასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება თურქეთში ვიზიტის გაუქმების შესახებ, მიუხედავად იქ დაგეგმილი შვიდი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრისა, რომლებიც ძალიან სჭირდება უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტის ადგილი დღეს კიევშია“, - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის გარდა, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრაზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა. მისი ინფორმაციით, რუსეთი გზავნის დანაღმულ ავტომანქანებს, ტანკებსა და ჯარისკაცებს. „მოვუწოდებთ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს, გაყინონ რუსეთის მთელი აქტივები, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს, სამხედროებს და არ შეწყვეტს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი მებრძოლების მომარაგებას“ - ასეთი მოწოდებით გამოვიდა არსენი იაცენიუკი 28 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

ევროპელებს მოუხდათ გაემკაცრებინათ სანქციები და ისინი, რასაკვირველია, ძალაში დარჩება და გაძლიერდება კიდეც, თუ დაძაბულობა გამწვავდა...
ფრანსუა ოლანდი

მის მოწოდებას დასავლეთიდან გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის მიმართ სანქციების შესაძლო გამკაცრებაზე მიანიშნა: „ევროპელებს მოუხდათ გაემკაცრებინათ სანქციები და ისინი, რასაკვირველია, ძალაში დარჩება და გაძლიერდება კიდეც, თუ დაძაბულობა გამწვავდა. ამას მკაფიოდ ვაცხადებ: არ მინდა საქმე აქამდე მივიდეს, რადგან ეს არ არის არც რუსეთის ინტერესებში და არც ევროპისა და საფრანგეთის ინტერესებში“. ეს განმარტება პარიზში, ამბასადორიალზე გამოსვლისას გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, რომლის აზრითაც, „მიუღებელი“ იქნება, თუ მართლაც დადასტურდა, რომ რუსი ჯარისკაცები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე.

ასე რომ, დასავლეთში მაინც ფრთხილი განცხადებები კეთდება - არავინ ახსენებს ცნება „ომს“.

რაც შეეხება რუსეთს: 28 აგვისტოს ვენაში გამართულ შეხვედრაზე ეუთოში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა უარყო ბრალდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადასვლის შესახებ. თავის მხრივ, ეუთოში უკრაინის ელჩმა, იგორ პროკოპჩუკმა რუსეთი „პირდაპირ ინტერვენციაში“ დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG