Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 20 იანვარი


გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ 25 წლის მოსკოვის მკვიდრ ანასტასია გონჩაროვასთან, რომელიც მოსკოვის გაგარინის რაიონულმა სასამართლომ ცნობილი ბიზნესმენისა და საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის, ქალიშვილად და ერთ-ერთ მემკვიდრედ ცნო. გამოცემის თანახმად, ბენდუქიძის მემკვიდრეობა შეფასებულია 1 მილიარდ დოლარად, რომელიც, იმის გამო, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძი ნანახი არ იქნა, უნდა გაიყონ შუაზე ქალიშვილმა და ქვრივმა - რუსეთის მოქალაქე ნატალია ზოლოტოვამ, რომელიც სასამართლოზე მოპასუხის სახით იყო წარმოდგენილი. ინტერვიუს სათაურად გამოტანილია ანასტასია გონჩაროვას შემდეგი სიტყვები: „ვისურვებდი საქართველო მენახა ისეთ წარმატებულ ქვეყნად, როგორიც ის მამაჩემის გატარებულმა რეფორმებმა აქცია“. „კომერსანტის“ კითხვაზე, როგორ აპირებს კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობის ნაწილის განკარგვას, ანასტასია გონჩაროვამ უპასუხა, რომ პრიორიტეტად მიაჩნია მამის საქმის გაგრძელება და უმაღლესი სასწავლებლების - საქართველოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების - განვითარება: „2007 წლიდან მამამ ამ უნივერსიტეტებში ჩადო 50 მილიონი დოლარი. საქართველოსთვის ეს კერძო კაპიტალის უპრეცედენტო ინვესტიციაა განათლების სფეროში. ამ უნივერსიტეტების დაფუძნების მთავარი მიზანი იყო შექმნილიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი, თავისუფალი ადამიანების თაობა. მამა ათი წელი მუშაობდა საქართველოს რეფორმირებაზე და კარგად ესმოდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ჩამოყალიბების გზაზე აზროვნების შეცვლაა და ამის გაკეთება შეუძლებელია ხარისხიანი განათლების გარეშე“.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი „ლევადას ცენტრის“ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების შესახებ წერს. „მოთხოვნა „ძლიერ ხელზე“ აღარაა პრიორიტეტული რუსეთის მოქალაქეებისთვის“ - ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობას უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია პირადი კეთილდღეობა, ვიდრე ქვეყანაში წესრიგის დამყარება. ცენტრის სოციოლოგები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პრობლემები აწუხებთ რუსეთის მოქალაქეებს და რეზულტატი შეადარეს 1999 წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის შედეგებს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პუტინის 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში საზოგადოების მოთხოვნა რადიკალურად ტრანსფორმირდა: 16 წლის წინ ხალხს აწუხებდა როგორც პირადი, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები, ახლა კი წინა პლანზე წამოიწია სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა. 2015 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 51 პროცენტს ყველაზე მეტად აღელვებს ხელფასებისა და პენსიების დროული გაცემა, წესრიგის დაცვა აღელვებს 34 პროცენტს, დანაშაულთან ბრძოლა კი - 26 პროცენტს.

„ლევადას ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ, ტრადიციულად, რუსეთის მოქალაქეებს არასოდეს აღელვებდათ დემოკრატიული და კაპიტალისტური ღირებულებები - როგორც სიტყვისა და შეკრების თავისუფლების, ასევე საკუთრების უფლების დაცვის სახით. 16 წლის წინ კერძო საკუთრების საკითხი მნიშვნელოვნად მიაჩნდა გამოკითხულთა 14 პროცენტს, ახლა კი ასეთად მიაჩნია 15 პროცენტს. 1999 წელს ძირითადი თავისუფლებების რეალიზაცია აღელვებდა 11 პროცენტს, თექვსმეტი წლის შემდეგ კი აღელვებს 9 პროცენტს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG