Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 22 თებერვალი


„უნივერსალური წარმომადგენელი“ - ასე დაასათაურა გაზეთმა „კომერსანტმა“ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის, ნეკროლოგი. 65 წლის რუსი დიპლომატი 20 თებერვალს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. გამოცემა იხსენებს ვიტალი ჩურკინის დიპლომატიური კარიერის დასაწყისს ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მინისტრობის პერიოდიდან, როცა ახალმა მინისტრმა რუსეთის საგარეო უწყება გახსნა ჟურნალისტებისთვის და საბჭოთა პრესაში გამოჩნდა მანამდე წარმოუდგენელი ცნებები: „ექსკლუზივი“, „დიპლომატიური წყარო“, „თანამოსაუბრე სმოლენსკის მოედნიდან“, „არ ისურვა ვინაობის გამხელა“ და ასე შემდეგ. სწორედ მაშინ, როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გერმანიის გაერთიანების თაობაზე, როცა სადამ ჰუსეინმა მოახდინა კუვეიტის ოკუპაცია, ხოლო საბჭოთა კავშირი ცდილობდა ეთამაშა შუამავლის როლი ერაყსა და დასავლეთს შორის, ვიტალი ჩურკინი, რომელიც პასუხს აგებდა პრესასთან ურთიერთობაზე, ითვისებდა საბჭოთა ჩინოვნიკებისათვის სრულიად წარმოუდგენელ ნიუსმეიკერის ახალ როლს, ანუ იმ ადამიანის როლს, რომელიც მედიას ამცნობს მოლაპარაკების შინაარსს, ამა თუ იმ ინიციატივის არსს და ა.შ. „კომერსანტის“ მიხედვით, ვიტალი ჩურკინი იყო რუსეთის ელჩი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ოტავაში, 2006 წლიდან გარდაცვალებამდე კი გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსეთის ფედერაციაში სიღარიბის აღქმის შესახებ წერს. გამოცემის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ღარიბია. უცნაური კანონზომიერების მიხედვით, საარსებო მინიმუმზე მეტი შემოსავლის მქონე ყოველი მესამე მოქალაქე თავს ღარიბად აცხადებს, თუმცა მოქმედი სტანდარტით დადგენილი ღარიბები თავს ასეთად არ მიიჩნევენ. გამოცემა ნიშანდობლივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ღარიბთა შორის არიან სამსახურის მქონე ადამიანები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთში შრომის მინიმალური ანაზღაურება ფიზიოლოგიური გადარჩენისთვის საჭირო დონეზე დაბლაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი მიიღო 20,3 მილიონმა ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 13,9 პროცენტმა, საარსებო მინიმუმის საშუალო ოდენობა კი თვეში 10 ათას რუბლამდეა. მოქალაქეები, ვისაც ამ თანხაზე მეტი შემოსავალი აქვს, ოფიციალურად ღარიბებად არ ითვლებიან. არადა, აშკარაა, რომ ადამიანი, რომელსაც თვეში 11 ათასი რუბლი, ანუ 200 დოლარზე ნაკლები აქვს, თავს არ მიიჩნევს უზრუნველყოფილად, - წერს რუსული გამოცემა, რომლის მიხედვითაც, სუბიექტურად თავს ღარიბად მიიჩნევს რუსეთის მოსახლეობის 50,3 პროცენტი.

როგორც ჩანს, მოსკოვში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ეპოქა ისტორიის კუთვნილება გახდება - საქმე ისაა, რომ რუსეთის დედაქალაქში დასასრულს უახლოვდება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აღების პროგრამა. გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში პანელური ხუთსართულიანი კორპუსების მშენებლობამ საშუალება მისცა მოსკოვის ქალაქკომს ბარაკებიდან და კომუნალური ბინებიდან გამოეყვანა, დაახლოებით, 2 მილიონი მცხოვრები. სულ აშენებული იქნა 30 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი. თავდაპირველად „ხრუშჩოვკები“ დააპროექტეს როგორც დროებითი საცხოვრებელი. 25 წელზე გათვლილ სახლებს ჰქონდათ თხელი კედლები, რის გამოც ზამთრობით ბინები ცუდად თბებოდა. მოგვიანებით ხუთსართულიან კორპუსებს მოქმედების ვადა ორმოცდაათ წლამდე გაუხანგრძლივეს, თუმცა 21-ე საუკუნის მიჯნაზე ჩატარებულმა ინვენტარიზაციამ აჩვენა, რომ შენობები - საერთო ჯამში, 1722 კორპუსი - აღარ ექვემდებარება რეკონსტრუქციას. შენობების 96 პროცენტი, რომელშიც 160 ათასი ოჯახი ცხოვრობდა, უკვე აღებულია, დარჩენილია მხოლოდ 73 სახლი, რომელთა დანგრევაც 2017-2018 წლებში იგეგმება. გამოცემა მკითხველს იმასაც შეახსენებს, რომ ეს ხუთსართულიანი კორპუსები ნიკიტა ხრუშჩოვმა იმ გათვლით ააშენა, რომ საბჭოთა მოქალაქეები კომუნიზმში შესვლამდე იკმარებდნენ. ალბათ, ვარაუდობდა, რომ კომუნიზმი 25 ან 50 წელიწადში აშენდებოდა, მაგრამ გავიდა 50 წელი და კომუნიზმი არ აშენებულა, წერს გაზეთი „იზვესტია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG