Accessibility links

ნახატები ლიფტში და რუსთაველ მხატვართა „მომთაბარე“ ცხოვრება


გამოფენა თეატრის ფოიეში

რუსთავში, შარტავას ქუჩის ერთ-ერთი ცხრასართულიანი კორპუსის სადარბაზოს ლიფტში შესულს უჩვეულო სურათი დაგხვდებათ - ნახატების მთელი გალერეა. მათი ავტორები მამა-შვილი მამარდაშვილები არიან, რომლებიც იმავე სადარბაზოს მეცხრე სართულზე ცხოვრობენ. სადარბაზოს ბოლო სართულის კედლებიც სურათებით არის გაფორმებული.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00
Direct link

მამარდაშვილები რუსთავში საცხოვრებლად 7 წლის წინ გადმოვიდნენ. ოჯახის უფროსი, ვახტანგი, ამბობს, რომ სურათების გარეთ გატანას ერთი მიზანი აქვს - შელახული სადარბაზოს გალამაზება:

ვახტანგ მამარდაშვილი
ვახტანგ მამარდაშვილი

„მერიასთან მქონდა შენატანი, იქნებ „პადიეზდი“ გაელამაზებინათ, მაგრამ დღეს, ხვალო, გვპირდებიან და... ჩვენი სახსრებით რაც შევძელით, ეს არის, რა. ყველას მოსწონს, გვერდით „პადიეზდებიდან“ მოდიან სანახავად. არავინ იპარავს, პირიქით, ხალხი წმენდს, მტვერს აცლის. 6 წელია, ეს სურათები კიდია“.

ვახტანგ მამარდაშვილი პროფესიით მეღვინეა, თუმცა ხატვის სიყვარულმა გადაძალა. საკუთარი ბინაც გალერეას მოგაგონებთ - ყველგან სურათები კიდია.

საერთოდ, რუსთავი მოყვარული თუ პროფესიონალი მხატვრების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. არსებობს სამხატვრო სკოლა, სადაც 50 მოსწავლე მეცადინეობს, ქვემო ქართლში ჩამოყალიბებულ მხატვართა გაერთიანება „გამაში“ კი 60-მდე მხატვარია.

თბილისში ხშირად მიგვქონდა სამხატვრო სალონში, იქ ვაბარებდი ხშირად და ხდებოდა ნახატების რეალიზება, სამი-ოთხი ნამუშევარი იყიდებოდა კვირაში, მაგრამ ესეც...საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნებას ცოტა ნაკლები ყურადღება ექცევა...
მაია მეტრეველი

პრობლემა ისაა, რომ რუსთავში არ არის მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, ამიტომ მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენა სადღესასწაულო დღეებში უწევთ ან მაშინ, როცა რუსთავის თვითმმართველობა რამე ღონისძიებას ატარებს.
მაგალითად, ერთი ასეთი გამოფენა დედის დღეს, 3 მარტს, მოეწყო რუსთავის თეატრის ფოიეში, სადაც 19 რუსთაველი ქალის ნახატები და კერამიკული ნამუშევრები იყო გამოფენილი.

მხატვარი მაია მეტრეველი ამბობს, რომ, ფაქტობრივად, მომთაბარე ცხოვრებას ეწევა:

„თეატრის ფოიეში ამ სივრცეს ვითვისებთ და უფრო ხშირად მხარეთმუზეუმი გვითმობს ხოლმე სივრცეს. სხვა საგამოფენო სივრცე არ გაგვაჩნია. გალერეა რომ იქნება, მუდმივმოქმედი სივრცე გვინდა იყოს და იქნება, თუკი გამოფენას მოვაწყობთ“.

მაია მეტრეველის თქმით, ის, რომ ქალაქში სამხატვრო გალერეა არ არის, მხატვრებს მარკეტინგის თვალსაზრისითაც პრობლემებს უქმნის.

„თბილისში ხშირად მიგვქონდა სამხატვრო სალონში, იქ ვაბარებდი ხშირად და ხდებოდა ნახატების რეალიზება, სამი-ოთხი ნამუშევარი იყიდებოდა კვირაში, მაგრამ ესეც...საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნებას ცოტა ნაკლები ყურადღება ექცევა “, ჩივის მაია მეტრეველი.

გამოფენა თეატრის ფოიეში
გამოფენა თეატრის ფოიეში

როგორც ქვემო ქართლის სამხატვრო გაერთიანება „გამას“ ხელმძღვანელი დავით ფიცხელაური ამბობს, იმის გამო, რომ საგამოფენო დარბაზი არა აქვთ, ხელოვნების რუსთაველი მოყვარულები ვერც ქვეყნის სხვა ქალაქების მხატვართა ნამუშევრებს ეცნობიან. მისი თქმით, გალერეა რომ იყოს, მაგალითად, ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას მოაწყობდა, ქართლელი და ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრები ერთმანეთს შეენაცვლებოდა.

დავით ფიცხელაური ამბობს, რომ მერია მხატვრებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, მაგრამ ეს დაპირება როდის შესრულდება, არ იცის. რუსთაველი კერამიკოსი ნატალია წიკლაური კი დარწმუნებულია, რომ საგამოფენო სივრცე ერთ წელიწადში ექნებათ.
მისი ინფორმაციით, მერია ასეთი სივრცის გამოყოფას რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში აპირებს, მაგრამ ამ პარკში სულ რამდენიმე შენობა დგას, ყოველი მათგანი ან ბარია, ან რესტორანი, მხოლოდ ერთია კულტურული დანიშნულების მქონე - ღია თეატრი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG