Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ტაბაღუას გეგმები და მოსახლეობის მოლოდინი


რუსთავის ცენტრალური მოედანი
რუსთავის ცენტრალური მოედანი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ირაკლი ტაბაღუა მეშვიდეა, რომელიც რუსთავის ხელისუფლებას უხელმძღვანელებს. პროფესიით ფინანსისტმა პირველივე ტურში გაიმარჯვა რუსთავის მერის არჩევნებში, რომელიც ერთი თვის წინ ჩატარდა. თანამშრომლებს ის 12 ნოემბერს რუსთავის მერიის შენობაში წარუდგინეს.

გადმოწერა

ახალ მერს ოფიციალურ წარდგენაზე თან ახლდნენ მისი წინამორბედი დავით ჯიქია, მაჟორიტარი პარლამენტარები რუსთავიდან და გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე. დავით ჯიქიამ იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის ახალი მერი გააგრძელებს დაგეგმილ თუ მიმდინარე პროექტებზე მუშაობას.

მოგვიანებით ჯიქიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თავად სად განაგრძობს მუშაობას, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციებს მართავს - ვისთან, ჯიქიას არ დაუკონკრეტებია.

რუსთავის ქუჩა
რუსთავის ქუჩა

გუბერნატორისა და პარლამენტარების შენობიდან გასვლის შემდეგ ტაბაღუამ საკონფერენციო დარბაზში, დახურულ კარს მიღმა, ერთსაათიანი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და პირველი დავალებებიც გასცა.

სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა ფიროსმანაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა, რომ, დავალებების გარდა, იყო ზოგადი მოწოდებები გუნდურად მუშაობის, ერთმანეთთან და მოსახლეობასთან უფრო ეფექტური კომუნიკაციის თაობაზე.

ავთანდილ ჭიკაიძე, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს, სკეპტიკურადაა განწყობილი, ისევე როგორც ძველი ხელისუფლების მიმართ. შედარებით ოპტიმისტურია მარინა მესტუმრის განწყობა. მისი აზრით, ქალაქის მერმა, პირველ რიგში, დასაქმების პრობლემას უნდა მიხედოს...

რუსთავის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელის ევტიხი ხაჩიძის განცხადებით, ირაკლი ტაბაღუამ კარგად უწყის რუსთავის სპორტული ცხოვრება. ხაჩიძემ გაიხსენა, რომ ტაბაღუას წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილი აქვს დიდი სასპორტო ცენტრის აშენება რუსთავში. საამისოდ მუშაობა უკვე დაწყებულია.

ირაკლი ტაბაღუა წინასაარჩვენო გამოსვლების დროს იმასაც ამბობდა, რომ მერიაში საკადრო ცვლილებებს განახორციელებდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის ახალი მერი ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო. მან თქვა, რომ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გადაწყდება.

ქალაქის მერმა დასძინა, რომ დაგეგმილია მერიის სტრუქტურული ცვლილებაც. რაც შეეხება კადრების შემცირებას მერიის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ ორგანიზაციებში, ეგრეთ წოდებულ აიპებში, რაც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ბიუჯეტებს წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები სამოქმედოდ 2018 წელს. მერის თქმით, უკვე დღეიდან აქტიურად დაიწყებენ მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას და იმედი აქვს, რომ ამ საქმეში ახალი საკრებულოც დაეხმარება.

თუმცა როდის იქნება ქალაქის ახალი შემადგენლობით წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი შეკრება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გიგა ჯღარკავა, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“, ამბობს, რომ საკრებულო - ყოველ შემთხვევაში, მისი უმრავლესობა - ქალაქის მერთან გუნდური პრინციპით იმუშავებს და ამაში დიდი როლი საკრებულოს თავმჯდომარეს დაეკისრება. თავმჯდომარედ ლევან ონიანი მოიაზრება, რუსთავის მერიის გაწვევის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. გიგა ჯღარკავას თქმით, ონიანის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

რას ფიქრობენ რუსთაველები ქალაქის ახალ მერზე?

ავთანდილ ჭიკაიძე, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს, სკეპტიკურადაა განწყობილი, ისევე როგორც ძველი ხელისუფლების მიმართ.

შედარებით ოპტიმისტურია მარინა მესტუმრის განწყობა. მისი აზრით, ქალაქის მერმა, პირველ რიგში, დასაქმების პრობლემას უნდა მიხედოს.
მისივე თქმით, თუ დასაქმების პრობლემა თუნდაც ნაწილობრივ არ გადაიჭრა, თვითმმართველობის საქმიანობა უარყოფითად იქნება შეფასებული.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG