Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსთავის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ლობისტები, ოპტიმისტები და სკეპტიკოსები


აზოტის ქარხნიდან დიდი რაოდენობით ადამიანების დათხოვნის პარალელურად, რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეას უბრუნდებიან. ამჯერად ინიციატორი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძეა, რომელმაც გასულ კვირაში მეწარმეთა მცირე ჯგუფი მოიწვია ამ თემაზე სამსჯელოდ.

პაატა მხეიძე გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ხელს შეუწყობდა რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის - მოკლედ კი, თიზ-ის - შექმნას, რაც წაახალისებდა ბიზნესს და გააადვილებდა დასაქმებას.
გასულ კვირაში მან მეწარმეები მიიწვია ამ საკითხზე სასაუბროდ:

„უცხოელთან მიმართებაში რა შეიძლება მე საწინააღმდეგო მქონდეს, მივესალმები ყველას აქტივობას, მაგრამ თუ ეს იქნება თქვენით დაწყებული და თქვენთან დამთავრებული პროექტი, საქართველოსთვის იქნება ბევრად მიზანშეწონილი, რადგან ეს თანხა დარჩება აქ, მოგებაც და ყველა სხვა დანარჩენი აქტივობაც, რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ, აქტივობა დარჩება აქ. ამიტომ პრიორიტეტად ჩავთვალე თქვენი ჩართვა ამ იდეის რეალიზაციაში“.

მეწარმეებთან საუბრისას მხეიძემ დასძინა, რომ სახელმწიფო, კერძოდ კი, სოლიდარობის ფონდი წილობრივად დააფინანსებს ნებისმიერ სამრეწველო პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი მინიმუმ 20 მილიონი ლარის ღირებულების იქნება:

„სანახევროდ, თუნდაც 50 პროცენტი რომ გქონდეთ რესურსი, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ, დანარჩენი შეგივსოთ და მოგცეთ შესაძლებლობა, რაღაც სტრატეგიული პროდუქციის შექმნაზე ჩამოვყალიბდეთ და ისარგებლოთ შეღავათიანი პირობებით, ეს არის თავი და ბოლო“.

თავად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმზიდველობაზე, საგადასახადო შეღავათებზე ეკონიმიკის ექსპერტმა გიორგი თევდორაშვილმა ისაუბრა. პრეზენტაციაზე მან ფოთისა და ქუთაისის მაგალითები მოიყვანა, თუმცა იქვე თქვა, მართალია, ხსენებულ ქალაქებში თიზ-მა უმუშევრობის პრობლემა ვერ გადაწყვიტა, მაგრამ დასაქმება წაახალისაო. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსთავში სურათი გაცილებით უკეთესი იქნება:

„თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ რუსთავში უნდა შექმნას დასაქმებულთა დიდი რაოდენობა. უმუშევრობა იყო, არის და შეიძლება ეს ვერ მოიხსნას, თუმცა უნდა ვცადოთ, რომ უმუშევართა რიცხვმა რაც შეიძლება იკლოს“.

გიორგი თევდორაშვილმა მეწარმეებს აცნობა, რომ მათი იდეით, რასაც ხელისუფლებაც ემხრობა, თიზი გაუქმებული და ნაწილობრივ განადგურებული ქიმიური ბოჭკოს ქარხნის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას.

პაატა მხეიძის საპარლამენტო ბიუროს წარმომადგენელმა, ტარიელ შაქარაშვილმა, დააკონკრეტა, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე, 60 ჰექტარი მიწის ფართობზე, მიუხედავად იქ არსებული სავალალო მდგომარეობისა, საწარმოების ასაშენებლად ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულია.

მაგრამ შეხვედრაზე გამოჩნდნენ სკეპტიკოსები მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ ითვალისწინებს მის ტერიტორიაზე ინვესტორისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემას, ითვალისწინებს მხოლოდ იჯარას. კერძოდ, ეჭვი რუსთავის „ინდუსტრია ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი ლეჟავამ გამოთქვა:

„მიწა უნდა მომცეთ, ჩემი უნდა იყოს. მიწა თუ არ მომეცით, მე იქ კაპიტალურ შენობას არ დავდგამ... არ იქნება და არ ავაშენებ. მე 20 მილიონი ჩავდო და მერე მითხრათ, აქ იონჯა უნდა დავთესოო, რაში მჭირდება მასეთი შეღავათი?“

სავარაუდოდ, რუსთავის „ინდუსტრია ჯგუფი“ არც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ინიციატივას გაიზიარებს, რომელსაც უკვე თავის ტერიტორიაზე ანალოგიური ინდუსტრიული ზონის შექმნა სურს.

მეტალურგიული საწარმო რომ ამას აპირებს, ხსენებულ შეხვედრაზე ქარხნის წარმომადგენელმა სულიკო სარზევანიძემ განაცხადა:

„ჩვენც ვამუშავებთ ამ პროექტს და ჩვენც გვაქვს იდეა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნას ჩვენს ტერიტორიაზე, 400 ჰექტარზე... მართალია, კერძოა, მაგრამ ეს ხომ სახელმწიფო მიდგომაა? ჩვენ გავხდებით მეიჯარეები, რომელიც მოგებიდან გადასახადს გადაიხდის“.

საერთოდ, უნდა ითქვას რომ მსხვილ საწარმოებს რუსთავში მძიმე პერიოდი უდგათ. გაჩერებულია აზოტი, მეტალურგიაც მცირე დატვირთვით მუშაობს. ადამიანები ძირითადად მცირე ბიზნესში ან სახელმწიფო სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი, ზოგი დღიურ სამუშაოს პოულობს, დასაქმებულთა ნაწილი კი თბილისში მუშაობს.

მამუკა აბულაძე, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში იყო და ახლა სწორედ მცირე ბიზნესით არის დაკავებული, ამბობს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა არარეალურია და პოლიტიკური პიარის ელფერი დაჰკრავს. ენერგოტევადი და დიდ ბაზრებზე ორიენტირებული რუსთავის მსხვილი საწარმოების დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს მისი წარსულის აჩრდილიღაა შემორჩენილი. სანაცვლოდ მისახედია მცირე ბიზნესი, რომლის განვითარებასაც რატომღაც პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისა, სადაც ეკონომიკა მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას:

„ყველაზე მთავარია სახელმწიფოს მხრიდან წვრილი ბიზნესისთვის ხელის შეწყობა. როცა ადამიანი მოდის პროექტით, ამა და ამის გახსნა მინდა, ეს იწელება დროში, პოლიტიკური ნიშნით ვეტოც ედება, საერთოდ კარია ჩაკეტილი ბევრი წვრილი ბიზნესისთვის. მენტალურადაც არასწორი მიდგომაა ამ სეგმენტის მიმართ. მე გეტყვით, რომ წვრილ ბიზნესში ორჯერ, სამჯერ მეტი ანაზღაურებაა, ვიდრე, მაგალითად, მერიაში დასაქმებული ნებისმიერი სპეციალისტის. ამის მიუხედავად, ჩვენთან მაინც სახელმწიფო სამსახურს ამჯობინებენ“.

აბულაძის თქმით, რუსთავის მცირე ბიზნესის პრობლემა კიდევ ის არის, რომ სიახლოვის გამო ის ვერ უწევს კონკურენციას თბილისს. ადგილობრივი მოსახლეობა, თუ ამის შესაძლებლობა აქვს, სავაჭროდ თუ დროის გასაყვანად თბილისში დადის.

„მათ შორის ისინიც, ვინც დღეს ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი. ელემენტარულად, კვებისთვის, ვახშმისთვის მიდიან თბილისში, მცხეთაში მიდიან, ხალხო! ამაშია საქმე. თავად არ არიან დაინტერესებულნი, რომ ადგილობრივ მცირე ბიზნესს ხელი შეუწყონ“.

აბულაძეს საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად კოსტავას გამზირი მოჰყავს, სადაც, რეაბილიტაციის მიუხედავად, ბევრი კომერციული თუ საოფისე ფართი ცარიელია, არ ფუნქციონირებს და გასაქირავებლადაა გამზადებული.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG