Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი კიევსა და თბილისს შორის


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ახალ უწყებას გაუგზავნის და დაკითხვაზე ხელმეორედ გამოიძახებს - ასეთი გადაწყვეტილება 18 დეკემბერს მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა დაკითხვაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ის გენერალურ პროკურატურაში გამოცხადდა. „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ძირითადი ბრალი უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, პრორუსული ძალების რევანშისტული გეგმების ხელშეწყობას უკავშირდება. პარალელურად, აქტუალურობას არ კარგავს საქართველოში მისი ექსტრადიციის შესაძლებლობების განხილვა.

სააკაშვილი კიევსა და თბილისს შორის
please wait

No media source currently available

0:00 0:04:36 0:00
გადმოწერა

„მე აბსოლუტურად არ ვცემ პატივს უკრაინელ პროკურორებს, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის კანონებს“, განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 18 დეკემბერს გენერალური პროკურატურის შენობაში, სადაც ის, ეჭვმიტანილის სტატუსით, დაკითხვაზე იყო დაბარებული. თუმცა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს გამომძიებლის შეკითხვებისთვის არ უპასუხია და განაცხადა, რომ მზად არის ჩვენება მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მისცეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა სახელისუფლებო კორუფციის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს:

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„უკრაინას ამჟამად მართავს ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფება, რომელიც დანაშაულებრივი მეთოდებით მოქმედებს. ის, რასაც პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური აკეთებს, მოჩვენებითია... სინამდვილეში ისინი უკვე დიდი ხანია აღარ აღიარებენ კანონებს... მათ უკვე დიდი ხანია ხელში ჩაიგდეს მთელი ძალაუფლება... ახლა ისინი ცდილობენ ჩემ მიმართ იმის დემონსტრირებას, რომ თუკი სააკაშვილს, რომელზეც მთელი მსოფლიო წერს, შეიძლება ასე მოვექცეთ, მაშინ როგორ შეიძლება მოვექცეთ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აბსოლუტურად დაუცველია...“

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინას არ სჭირდება ახალი „მაიდანი“, მისი მომხრეები მშვიდად იმოქმედებენ და არ აჰყვებიან უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციულ ქმედებებს, რამაც კიევში 17 დეკემბერს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისა და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნებით ჩატარებული ხალხმრავალი აქციის დროს იჩინა თავი.

პოლიციასთან შეხლა-შემოხლის ფონზე, კვირას დემონსტრანტებმა სცადეს შეჭრილიყვნენ კულტურის სასახლის („ოქტომბრის სასახლის“) შენობაში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ იქ აპირებდა თავისი შტაბბინის ამოქმედებას. დემონსტრანტები სამართალდამცველებმა შენობაში არ შეუშვეს, რა დროსაც არაერთი ადამიანი დაშავდა. ოდნავ მოგვიანებით ამავე აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა დემონსტრანტებს და მოუწოდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და თავიდან აერიდებინათ "პროვოკაციები". კულტურის სასახლის შენობის დაკავების მცდელობა ტვიტერის საშუალებით დაგმეს უკრაინაში კანადის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოებმა. მათი პოზიციით, საჯარო შენობების ძალით დაკავებისა და განადგურების მცდელობა მშვიდობიანი პროტესტის უფლებით ბოროტად სარგებლობას წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილი აქციაზე კიევში
მიხეილ სააკაშვილი აქციაზე კიევში

იმის გამო, რომ 18 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა არ შედგა, უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მას ახალ უწყებას გაუგზავნიან და დაკითხვაზე ხელმეორედ გამოიძახებენ, თუმცა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა გარკვევით თქვა, რომ არ აპირებს პროკურატურისთვის პასუხის გაცემას შეთითხნილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ძირითადი ბრალი უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული ძალების რევანშისტული გეგმების ხელშეწყობას უკავშირდება. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თუკი სააკაშვილი დაკითხვას მეორედაც ჩაშლის, მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომები ამოქმედდება.

მას შემდეგ, რაც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, 15 დეკემბერს „ყველაზე მეტად სავარაუდო“ უწოდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის პერსპექტივას, ეს ისედაც სადავო საკითხი კიდევ უფრო გააქტუალურდა საქართველოში. როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ ძებნილად გამოცხადებული სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა კიევს. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ყველა დამნაშავემ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს:

„პრეზიდენტობა, ყოფილი პრეზიდენტობა ანდა ის, რომ მომავალში შეიძლება დიდი პოლიტიკოსი გახდე, შენ გათავისუფლებს დანაშაულის შემთხვევაში სასჯელისაგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევქმნით სამართლებრივ სახელმწიფოს... და თუ სააკაშვილი არის დამნაშავე, - და მე მიმაჩნია, რომ ის არის დამნაშავე, - მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონმდებლობით ისევე, როგორც ეს ხდება ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ, ვინც სჩადის დანაშაულს და დღეს იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.

თუ დაიწყება ექსტრადირების პროცესი, ეს პროცედურები არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული, ეს იქნება პირდაპირი დარღვევა საერთაშორისო ნორმების და ასევე უკრაინის კანონმდებლობის...
ხატია დეკანოიძე

ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოში ვითარების გამწვავების მოსალოდნელობაზე ლაპარაკობენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და თანაგუნდელები. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ, სააკაშვილის ექსტრადიცია მხოლოდ და მხოლოდ უკანონო გზებით იქნება შესაძლებელი:

„თუ დაიწყება ექსტრადირების პროცესი, ეს პროცედურები არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული, ეს იქნება პირდაპირი დარღვევა საერთაშორისო ნორმების და ასევე უკრაინის კანონმდებლობის... და ასევე უნდა ვუთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე ეხვეწებოდა უკრაინის ხელისუფლებას არ ეხილათ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე პროცესების დასაწყისი საქართველოში“.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი დროის მოკლე მონაკვეთში ვერ გადაწყდება, რადგანაც, ყველა ინსტანციის გავლითა და ყველა პროცედურის დაცვით, საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას. იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა იქნეს გათვალისწინებული, პროცედურები დასრულებული უნდა ჰქონდეს უკრაინულ მხარეს:

ლევან ალაფიშვილი
ლევან ალაფიშვილი

„სანამ უკრაინაში არ დასრულდება სასამართლო პროცედურები, განაჩენი სანამ არ დადგება ან საქმის წარმოება სანამ არ დასრულდება სხვა წესით (შეიძლება შეწყდეს საქმე, სხვა თუ სხვა), მანამდე ეს საკითხი ვერ გადაწყდება, რადგანაც, თუკი უკრაინაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში ეს განაჩენი უნდა აღსრულდეს. ამდენად, უკრაინაში მიმდინარე სამართალწარმოება სანამ არ დასრულდება, მანამდე ნაკლებად პერსპექტიულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება“.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ექსტრადიციაზე ლაპარაკი ნაადრევია იმის გათვალისწინებითაც, რომ ჯერჯერობით საბოლოო განაჩენები არ არის გამოტანილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული საქმეების ჭრილში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, იურისტი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას,თუკი ეს საერთოდ მოხდება, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არ მოელის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG