Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექს-პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხს მოქმედი პრეზიდენტი გადაწყვეტს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში, მიიღებსო, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 30 ოქტომბრიდან დაიწყო იმის გამო, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე გახდა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს სამინისტრომ 3 დეკემბერსგაუგზავნა დასკვნა და შესთავაზა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდეს. თეა წულუკიანის განმარტებით, პროცედურის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ხელმოწერით უნდა დადასტურდეს. წულუკინის ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს პოზიციის გამოსათქმელად პროცედურით დადგენილი ერთთვიანი ვადა მისცა, თუმცამიხეილ სააკაშვილს, რომელსაც წერილი სამ ნოემბერს ჩაბარდა, პასუხი არ გაუცია.

"ჩვენ დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გადავაგზავნეთ იუსტიციის სამინისტროდან დასკვნა, რომელშიც შეთავაზებულია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს, შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტმა, თუკი ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს დასკვნას დაეთანხმება. ჩვენ გვქონდა ოდესის გუბერნატორისთვის მიცემული დაახლოებით ერთი თვე, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში, რომ გამოეხატა თავისი პოზიცია. მას წერილი ჩაბარდა 3 ნოემბერს, თუმცა პასუხი არ გაუცია. ამიტომაც პროცედურა დაიძრა და დასკვნა ხელმოსაწერად უკვე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტთან", - განცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ზოგადად, მოქალაქეობის საკითხების განხილვის ვადა სამთვიანია. ამ შემთხვევაში ამ ვადაში შედის იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწყებული საქმის წარმოების პროცესიც. კვერენჩხილაძის თქმით, ადმინისტრაციაში დამკვიდრებული წესების თანახმად, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უახლოეს დღეებში იქნება მიღებული:

„დღეს შემოვიდა დასკვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყოველთვიურად არაერთი ასეთი დასკვნა შემოდის. საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში, მიიღებს გადაწყვეტილებას მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე".

როგორც იუსტიციის მინისტრმათეა წულუკიანმა 30 ოქტომბერსგანმარტა, იმისათვის რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად პროცედურის დაწყებით არ დარღვეულიყო საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს მოქალაქე არ დარჩენილიყო საერთოდ მოქალაქეობის გარეშე, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა უკრაინის შესაბამისი სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი უკრაინიდან მიიღო 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტით, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს იქნა მიღებული. სწორედ ამ ნოტის საფუძველზე დაიწყო იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება.

23 ნოემბერს საქარველოს პრეზიდენტს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემავალი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ მიმართა. მისი თქმით, ქვეყნის წინაშე დამსახურებების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს:

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი და რეფორმატორი. სირცხვილია, რომ ჩამოერთვას მოქალაქეობა“.

კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა სამართლებრივად თანმიმდევრულ გადაწყვეტილებად მიაჩნია, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ მთავრობამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვითაც იმოქმედა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG