Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეობის მიმნიჭებელი პრეზიდენტი


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
ექსპერტები სახიფათოდ მიიჩნევენ პრეზიდენტის საქციელს, მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს მათი მონაცემების შესწავლის გარეშე. მიხეილ სააკაშვილმა უკვე 2700 თურქეთის მოქალაქეს, წარმოშობით ქართველს, მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. გუშინ დასრულდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის მსურველთა განცხადებების მიღება. სააკაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე განცხადებასაც ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ის არ აპირებს ყველა უცხოელს - განურჩევლად, საფუძვლის გარეშე - მიანიჭოს მოქალაქეობა. რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები საქართველოს მოქალაქეობის მასობრივ გაცემაში?
არ უნდა გავაუფასუროთ საქართველოს მოქალაქეობა ასე მარტივად მინიჭებით და ეს პოპულიზმისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ინსტიტუტებს, იმ დაწესებულებებს, იმ სამინისტროებს, რომლებიც ამაზე მუშაობენ და უნდა ვაცალოთ მათ, რომ თავიანთი დასკვნები დადონ ყოველ კონკრეტულ ადამიანზე...
კონსტანტინე სურგულაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა გრძელი რიგი 12 ნოემბერს შეწყდა, რადგან განცხადებების მიღების ვადა ამოიწურა. რიგში მდგომებს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის გარდა, საქართველოს მოქალაქეობის მიღება სხვადასხვა მიზეზით უნდოდათ - ზოგს აქ ბიზნესის წარმოება სურს, ზოგს - სტუდენტობის გაგრძელება, ზოგიც ფიქრობს, რომ სიბერეში სახელმწიფოსგან შემწეობის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ნატალია ივანოვა ოთხი წლის წინ საქართველოში გათხოვდა და იმის გამო, რომ მომავალშიც აქ აპირებს მეუღლესთან ერთად ცხოვრებას, მოქალაქეობის მიღებაც სურს:

„აქ 2009 წლიდან ვცხოვრობ. 4 წლის განმავლობაში აქ ვმუშაობ და მინდა, რომ სამუშაო სტაჟი მქონდეს, პენსია. გადასახადებს ვიხდი და მინდა, რომ სიბერეში შემდეგ სახელმწიფომაც იზრუნოს ჩემზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის გულწრფელ სურვილში, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ცუდს ვერაფერს ხედავს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე გაუმართლებლად და მოქალაქეობის გაუფასურების მცდელობად მიიჩნევს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მიანიჭოს მოქალაქეობა ამ სურვილის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

„არ უნდა გავაუფასუროთ საქართველოს მოქალაქეობა ასე მარტივად მინიჭებით და ეს პოპულიზმისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ინსტიტუტებს, იმ დაწესებულებებს, იმ სამინისტროებს, რომლებიც ამაზე მუშაობენ და უნდა ვაცალოთ მათ, რომ თავიანთი დასკვნები დადონ ყოველ კონკრეტულ ადამიანზე. ასე იქცევა ყოველი ნორმალური ქვეყანა და არცერთი ნორმალური ქვეყანა და არცერთი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხელაღებით არ აძლევს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს“.
კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

ექსპერტი კახა კახიშვილი კი ამბობს, რომ საზოგადოებაში არასწორად არის გაგებული, თითქოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა მოქალაქეობის მინიჭება. ამას არეგულირებს კანონი მოქალაქეობის შესახებ. მართალია, პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მოქალაქეობის მინიჭების უფლება, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა განსაკუთრებული შესწავლის გარეშე, ამბობს კახიშვილი:

„თუ ერთ კონტექსტში განვიხილავთ შეწყალებას და პლუს ასე მოქალაქეობის ჩამორიგებას, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესასუსტებლად ასეთი ტიპის ქმედებები. მე მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით და, ამავე დროს, იუსტიციის სამინისტროს, ჩაერთოს პროცესებში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, რათა ვიცოდეთ, რა კრიტერიუმებით ხდება ამის დადგენა“.

კახა კახიშვილის სიტყვებით, ასეთი ტიპის მოქალაქეობის მინიჭებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმების გადახედვის საჭიროება.

სკეპტიკოსთა საპასუხოდ, პრეზიდენტმა თავისი ფეისბუკის გვერზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ის არ პირებს განურჩევლად ყველას მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა:

„მე მაქვს მკაცრი კრიტერიუმები და ადამიანს მკვეთრად გამოხატული საფუძველი და საქართველოსთან კავშირი უნდა გააჩნდეს ქართული პასპორტის ასაღებად. როგორც წესი, ეს ეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებს“.

ლევან სამადაშვილი
ლევან სამადაშვილი
თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ პრეზიდენტობისთვის დარჩენილ რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეების მსურველთა ბიოგრაფიის საფუძვლიანი შესწავლა მოასწროს. ამასთან, როგორც სამოქალაქო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სამადაშვილი ამბობს, შესაძლოა ყველა პირმა, რომელსაც პრეზიდენტი მოქალაქეობას მიანიჭებს, ვერ მიიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან ამისთვის ისინი დამატებით კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ. კანონმდებლობით, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება მიიღოს საქართველოში რეგისტრირებულმა პირმა, რომელიც ფლობს საქართველოში ქონებას და თუ ორი მოწმე დაადასტურებს, რომ ეს პირი ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე, ან თუ რეგისტირებულია რომელიმე მისამართზე:

„თუ არცერთი მესაკუთრე არ მისცემს თანხმობას, რომ დარეგისტრირდეს მის მისამართზე, ან თუ ისინი არ ფლობენ ქონებას, ანუ თუ რეგისტრაციის ვერცერთ მოთხოვნას ეს ადამიანები ვერ დააკმაყოფილებენ, ვერ გაიცემა პირადობის მოწმობა. ეს წესი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზეც, ვინაიდან რეგისტრაცია არის პირდაპირ მიბმული პირადობის მოწმობის აღებასთან“.

ამასთან, ლევან სამადაშვილის სიტყვებით, მათთვის უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების სურვილით. სააგენტოში მხოლოდ ის იციან, რომ 2700 თურქეთის მოქალაქეს მიანიჭა პრეზიდენტმა მოქალაქეობა და მათგან 300-მა ისურვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება. თუ რამდენ პირს მიანიჭა, საერთოდ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის მიწურულს საქართველოს მოქალაქეობა, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG