Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ვარშავის სამიტის შემდეგ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს


თბილისი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები
თბილისი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები

როგორ შეიცვალა მსოფლიო ვარშავის სამიტის შემდეგ, რა გამოწვევები აქვს დღეს დასავლეთს და სად დგას დღეს საქართველო - სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობენ ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ექსპერტები, მაღალი რანგის თანამდებობის პირები, კონფერენციაზე, სახელწოდებით „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“, რომელსაც 6-7 სექტემბერს საერთაშორისო ლიდერობისთვის მაკკეინის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრი (EPRC) თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, მასპინძლობენ.

6 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც თბილისში უკვე მესამედ ტარდება, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, სადისკუსიო პანელით დაიწყო. მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორთან, კურტ ვოლკერთან საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც რჩება გამოწვევების წინაშე მაშინ, როდესაც მისი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო რუსეთის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიულია, ამ აგრესიას კი ახალი პასუხი სჭირდება. პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ უცვლელ არჩევანზეც.

რადგან კონფერენცია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ტარდება, საქართველოში კი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, კონფერენციაზე დაისვა შეკითხვა საარჩევნო გარემოს შესახებაც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიული ძალისხმევა, თუმცა მომავალი არჩევნებით საქართველომ ახალი სტანდარტი უნდა აჩვენოს:

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ისევ დავაბრუნოთ მსოფლიო პოლიტიკის განსჯის საკითხთა ნუსხაში, ერთი მხრივ, როგორც ოკუპირებული ქვეყანა და, მეორე მხრივ, ქვეყანა, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები და მიაღწიოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შემდგომ ეტაპს...
გიორგი ბარამიძე

„ვგულისხმობ სტანდარტს, როცა გარემო არ არის პოლარიზებული, შეჯიბრი არ მიდის მხოლოდ ორ ძალას შორის, რომლებიც ერთმანეთის დემონიზებას ცდილობენ. დღეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ ვინმეს ასარჩევად“.

წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციის სტუმრებს შორის, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, იყვნენ ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, აშშ-ის და ევროპის არმიის სარდალი ბენ ჰოდჯესი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

რეგიონში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოება, გამოწვევები - დაახლოებით, 40 წუთი დაუთმო ამ საკითხებზე საუბარს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მანაც, როგორც მისმა წინამორბედებმა, ილაპარაკა რუსეთის ფაქტორზე და იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურება არ გულისხმობს კომპრომისს საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე. კვირიკაშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველო არ აპირებს შეცვალოს დასავლური კურსი და ამის ნება ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ამჟამად ე.წ. გადარჩენის პოლიტიკას ატარებს, რაშიც რუსეთთან დაძაბულობის შემცირება და, მეორე მხრივ, ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება იგულისხმება.

კონფერენციის მნიშვნელობასა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველოს მიერ გადამწყვეტი მესიჯების გაგზავნაზე ლაპარაკობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, ვისაც აშშ-სა და ევროპაში პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ, კარგია იცოდნენ საქართველოში არსებული რეალური ვითარება:

„მათ უნდა იცოდნენ რა ხდება აქ, მიუხედავად ივანიშვილის იზოლაციური პოლიტიკისა, რომლის შედეგადაც საქართველო წაიშალა დასავლელი პოლიტიკოსების დღის წესრიგიდან და მხოლოდ უკრაინის ოკუპაციაზეა ლაპარაკი და საქართველოს ოკუპაციას აღარავინ ახსენებს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ისევ დავაბრუნოთ მსოფლიო პოლიტიკის განსჯის საკითხთა ნუსხაში, ერთი მხრივ, როგორც ოკუპირებული ქვეყანა და, მეორე მხრივ, ქვეყანა, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები და მიაღწიოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შემდგომ ეტაპს“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტორს, რომ ასეთი რანგის კონფერენცია ტარდება სწორედ არჩევნებამდე ერთი თვი ადრე - ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ აქ არსებულ ვითარებასაც და საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც საერთაშორისო ექსპერტები თავად დააკვირდნენ და ეს საკითხები გახდეს მათი დღის წესრიგის ნაწილი:

ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

„ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციურმა ძალებმაც მივიტანოთ ჩვენი სათქმელი საერთაშორისო საზოგადოებამდე. ვფიქრობ, პროევროპული და ნატოს მხარდამჭერი ძალები უნდა ვიყოთ ერთსულოვანი და საერთაშორისო თანამეგობრობამ დააჩქაროს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. რაც მთავარია, არ მოადუნოს ყურადღება საქართველოს პრობლემების მიმართ, განსაკუთრებით რუსეთთან კონფლიქტის კონტექსტში“.

დგას თუ არა მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგში შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოება - ესეც კონფერენციის პირველი დღის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო.მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომლის, ბათუ ქუთელიას, განცხადებით, ეს საკითხი დღეს საკმაოდ აქტუალურია, რაც საქართველოს გამოკვეთილ შანსს აძლევს:

„შანსს იმისას, რომ თავისი უსაფრთხოების დღის წესრიგი საქართველომ მოარგოს საერთო ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგს და შეიმუშაოს ძალიან მკაფიო საგზაო რუკა, თუ როგორ გახდება საქართველო ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრი. ბუნებრივია, ამ გზაზე მეტად მნიშვნელოვანია ნატოს წევრებთან ურთიერთობა და ეს სამუშაო რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა განხორციელდეს“.

საერთაშორისო კონფერენცია 7 სექტემბერს გაგრძელდება ისეთი საკითხებით, როგორიცაა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსა და რეგიონის მიმართ, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მეორე დღეს კონფერენციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც შეუერთდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG