Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, თავის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი, 39 წლის ემანუელ მაკრონი, რომელიც ცენტრისტულ პოლიტიკურ მოძრაობა „ან მარშის“ ლიდერია და ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერად ითვლება. საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტ, მეორე, ტურში, მაკრონს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 66 %-ზე მეტმა, მაშინ როცა მის მეტოქეს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს, ხმების 34 %-მდე ერგო. 7 მაისის კენჭისყრის შემდეგ მაკრონმა კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია შეიტყო…

საფრანგეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ემანუელ მაკრონი - გარდა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა - წარმატებას მოიპოვებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებშიც. გამოკითხვის შედეგებით, რომლებიც კვირა საღამოს გამოქვეყნდა, მომავალი თვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს სწორედ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობა „ან მარში“, ანუ „წინ“. ემანუელ მაკრონისათვის ეს, უთუოდ, სასიხარულო ცნობაა, თუმცა ამ დღეებში მისთვის, ბუნებრივია, ყველაფერს ჩრდილში აქცევს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.

„ფრანგო ქალებო, ფრანგო მამაკაცებო, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო უცხოეთში და შინ! ხანგრძლივი დემოკრატიული კონფრონტაციის შემდეგ გადაწყვიტეთ, მე გამომიცხადოთ ნდობა და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ! ეს არის დიდი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა (...) მინდა მადლობა გითხრათ! მთელი გულით გიხდით მადლობას! მადლობას გიხდით ყველას, ვინც ხმა მომეცით და მხარი დამიჭირეთ. არ დაგივიწყებთ. მთელი მონდომებითა და ენერგიით ვიმუშავებ, რათა თქვენი ნდობა გავამართლო“, - ეს სიტყვები მაკრონმა წარმოთქვა 7 მაისის საღამოს სატელევიზიო მიმართვით გამოსვლისას.

მაკრონი და ლე პენი არჩევნების შედეგებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:48 0:00

მოგვიანებით მან პარიზის ცენტრში, ლუვრთან, მიმართა მხარდამჭერებს, რომლებიც არჩევნების შედეგს ზეიმობდნენ. მაკრონმა ახსენა ამომრჩევლების ის ნაწილიც, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მეტოქეს, ულტრამემარჯვენე კანდიდატს, მარინ ლე პენს.

„მათ გამოხატეს (ხმაური)... დღეს მათ გამოხატეს გარკვეული უკმაყოფილება, ბრაზი, ზოგ შემთხვევაში - გარკვეული შეხედულებები. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველა ღონეს ვიხმარ, რათა აღარავის ჰქონდეს მიზეზი ექსტრემისტული პოზიციების მხარდასაჭერად“, - განაცხადა მაკრონმა, რომლის გამარჯვებაც სასიხარულო ცნობაა ევროკავშირისთვის. ბევრი შეშფოთებით ადევნებდა თვალს საფრანგეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესს მას შემდეგ, რაც შარშან ბრიტანელი ამომრჩევლები „ბრექსიტს“ მიემხრნენ და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ემანუელ მაკრონის კამპანია პროევროპულ, ბიზნესის მხარდამჭერ პლატფორმაზე იყო აგებული, მაშინ როცა 48 წლის მარინ ლე პენი პოპულისტური ანტიიმიგრაციული ლოზუნგებით გამოდიოდა, ემხრობოდა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლას.

„მოვუწოდებ პატრიოტებს, შემოგვიერთდნენ გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც დღეს იწყება! მომდევნო თვეებში საფრანგეთს დასჭირდებით ისე, როგორც არასდროს. გაუმარჯოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს საფრანგეთს“, - ასე მიმართა მარინ ლე პენმა მხარდამჭერებს 7 მაისის საღამოს, როცა ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში დამარცხდა. როგორც უკვე ვთქვით, წინ (უკვე მომავალ თვეში) საპარლამენტო არჩევნებია და პოლიტიკური ბრძოლა საფრანგეთში მალე შევა ისევ ცხელ ფაზაში.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, პრეზიდენტად მაკრონის არჩევას უწოდა „გამარჯვება ძლიერი და ერთიანი ევროპისათვის“. მან ტელეფონით მიულოცა მაკრონს, რომელიც, ცნობების თანახმად, „ძალიან მალე“ აპირებს ბერლინში ჩასვლას.

საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტს მიულოცა მრავალმა სხვა ლიდერმაც, მათ შორის - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.

საყურადღებოა, რომ სფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მაკრონი მოსკოვს ადანაშაულებდა ჰაკერული თავდასხმებით მის კამპანიაზე გავლენის მცდელობაში. მანვე აკრედიტაციაზე უარი უთხრა რუსეთის მედიასაშუალებებს, „ერტესა“ და „სპუტნიკს“, რომლებიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამ სამიოდე დღის წინ მაკრონის საარჩევნო გუნდმა გააკეთა განცხადება მის ელფოსტაზე მასიური ჰაკერული თავდასხმის შესახებ. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ დგას ამ კიბერიერიშის უკან. სამაგიეროდ, ცნობილია მოსკოვის კეთილგანწყობა მაკრონის მეტოქის, მარინ ლე პენის მიმართ. ლე პენი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაუქმების მომხრეა და ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, მარტში მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, პრაღაში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, „ეუროპეუმის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე მარტინ მიშელო მოელის, რომ გაგრძელდება ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის, კურსი. მაკრონი მის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია 14 მაისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG