Accessibility links

2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, აღნიშნულ მაჩვენებელში ექსპორტი 177 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 474 მლნ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

საგარეო სავაჭრო ბრუნვის კლებადი ტენდენცია, რომელიც გასული წლის მანძილზე შეიმჩნეოდა, მოულოდნელად იანვარში მზარდი მაჩვენებლებით შეიცვალა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 174 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 53 მლნ აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი -121 მლნ აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში -30 პროცენტი და იმპორტში -26 პროცენტი (2016 წ. იანვარში, შესაბამისად, 26, 31 და 24 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23 პროცენტი (2016 წ. იანვარში 21 პროცენტი). ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირის ბაზარი, საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ყველაზე სტაბილური და პერსპექტიული ბაზარია.

რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა სივრცეს, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარში 220 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით, 32 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 65 მლნ აშშ დოლარი (2.2-ჯერ მეტი), ხოლო იმპორტი 155 მლნ აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში - 37 პროცენტი და იმპორტში - 33 პროცენტი (2016 წ. იანვარში, შესაბამისად, 31, 24 და 33 პროცენტი). 2017 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წ. იანვარში 37 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (86 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (73 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (72 მლნ აშშ დოლარი).

როდესაც ვსაუბრობთ ლარის კურსის გამყარებაზე, ლარის კურსის გამყარება თუ იმპორტს აიაფებს ექსპორტს აძვირებს. აქედან გამომდინარე ქართველი ექსპორტიორი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩადგება მის უცხოელ კონკურენტთან.
მერაბ ჯანიაშვილი

2017 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 33 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 24 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 11 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

მართალია, ექპორტის საერთო მოცულობაში გაცილებით მოკრძალებული წილი უჭირავს, მაგრამ ზრდის ტემპით მაინც გამოირჩევა ღვინის ექსპორტი, რომელიც 104 პროცენტით გაიზარდა, სპირტიანი სასმელებისა კი - 185 პროცენტით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 53 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი, 27 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი). მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 23 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

ეკონომიკის ექპერტების აზრით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესება საგარეო ფაქტორებს უკავშირდება. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკის გაუმჯობესება სავალუტო კურსის ცვლილებებმა გამოიწვია:

„ჩვენი ექსპორტი რეალურ გამოსახულებაში რაოდენობრივად 2016 წელსაც არ შემცირებულა, უბრალოდ აშშ დოლარებში გამოსახული შემცირდა. მაგალითად, ადრე თუ ვყიდდით პროდუქციას 30 რუბლად ეს იყო 1 დოლარი და ახლა თუ გავყიდით 30 რუბლად ნახევარი დოლარი გამოდის. ახლა ალბათ გავლენა იქონია ლარის კურსის დაცემამ და სავაჭრო პარტნიორების კურსის განმტკიცებამ.“

ბესიკ ნამჩავაძის მიერ აღწერილ ვითარებას ისიც ემატება, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის ექსპორტის შემდგომი ზრდისთვის. ეროვნული ვალუტის კურსისა და ექსპორტის ზრდის ურთიერთკავშირს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს:

„როდესაც ვსაუბრობთ ლარის კურსის გამყარებაზე, ლარის კურსის გამყარება თუ იმპორტს აიაფებს ექსპორტს აძვირებს. აქედან გამომდინარე ქართველი ექსპორტიორი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩადგება მის უცხოელ კონკურენტთან.“

თუმცა ზრდის ტემპის შენელება იმპორტსაც ემუქრება, რადგან აქციზის გაზრდილმა გადასახადებმა მოთხოვნა და მოხმარება საგრძნობლად შეამცირა. შესაბამისად, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ერთი თვის სტატისტიკა მთელი წლის სურათს ვერ იძლევა და ის ვალუტის კურსის ცვლილების თუ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეიძლება წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG