Accessibility links

საია ყარაჯალის სკოლის მოსწავლისთვის ჰიჯაბის ტარების უფლებას ითხოვს


ყარაჯალის სკოლაში თავსაბურავის ტარება აიკრძალა. საია სახალხო დამცველს მიმართავს და სკოლის მოსწავლისთვის ჰიჯაბის ტარების უფლებას მოითხოვს. სახელმწიფოსგან რეაგირებას მოელიან მოსწავლეთა მშობლებიც. რა პოზიცია აქვს განათლების სამინისტროს?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველს მიმართა თხოვნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ინციდენტში ჩაერთოს და მუსლიმ მოსწავლეებს თავსაფრის, იმავე ჰიჯაბის, ტარების უფლება მიეცეთ. საიას იურისტი კახეთში ლაშა ბექიშვილი დისკრიმინაციად აფასებს იმ ფაქტს, რომ გოგო გაკვეთილზე თავსაბურავით არ შეუშვეს. იურისტს იმედი აქვს, რომ, ომბუდსმენის რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლა შინაგანაწესს შეცვლის, პრობლემა მოგვარდება და მოსწავლე სასწავლო პროცესს დაუბრუნდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცნობს ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და უზრუნველყოფს სკოლებში ნეიტრალური და არადისკრიმინაციული გარემოს არსებობას...
განათლების სამინისტროს განცხადება

სახალხო დამცველის აპარატში დაგვიდასტურეს, რომ „საიას“ მიმართვა მიიღეს და საქმის შესწავლა დაიწყეს, თუმცა პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანი თამაზაშვილი, გვეუბნება, რომ „მომხდარს ჯერ ვერ შეაფასებენ“.

თავსაბურავით სკოლაში სიარული ერთ-ერთ მოსწავლეს სასწავლებლის დირექტორმა ელზა აშიროვამ აუკრძალა და მიზეზად სკოლის შინაგანაწესი დაასახელა. აშიროვა ფიქრობს, რომ „ასეთი აკრძალვა არ არის დისკრიმინაციული“.

სკოლაში ჰიჯაბით სიარულის აკრძალვას რელიგიის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ მოსწავლეთა მშობლები. ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ფაქტზე რეაგირებას მოითხოვენ.

ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, თუ რა გეგმები აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაგრამ უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამისათვის მათ მიერ გავრცელებული განცხადება გამოგვეყენებინა. განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცნობს ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და უზრუნველყოფს სკოლებში ნეიტრალური და არადისკრიმინაციული გარემოს არსებობას. კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლას უნდა ჰქონდეს შინაგანაწესი, რომელიც არეგულირებს სასკოლო ცხოვრებას. შინაგანაწესის თანახმად, რომელიც ყარაჯალის საჯარო სკოლაში მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცდა, აკრძალულია სკოლაში ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება. სამწუხაროა, რომ სკოლის შინაგანაწესში ჩაწერილი თავსახვევის ამკრძალავი ზოგადი წესი განიმარტა რწმენის თავისუფლების შეზღუდვად. სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვისგან და ხელი შეუწყონ ვითარების მშვიდ რეჟიმში მოგვარებას“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველი რეკომენდაციას გასცემს და სკოლა მას არ გაითვალისწინებს, საქმეზე სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG