Accessibility links

„სკოლის ტუალეტში არ დავდივარ“


თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა

სკოლის საპირფარეშოები წყლის, ხელსაბანის, კარის თუ ხელსახოცების გარეშე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და დაუცველი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, განსაკუთრებით, საჯარო სკოლებში - ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, ზოგან კი იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ მოსწავლეები სკოლის ტუალეტში შესვლაზე უარს ამბობენ. 16 იანვარს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დირექტორებს ამ საკითხის დაუყოვნებლივ გადაჭრა დაავალა.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:29 0:00
Direct link

მეშვიდეკლასელ სალომეს არც ერთხელ არ უსარგებლია სკოლის ტუალეტით. ის საბურთალოზე, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. გვეუბნება, რომ ურჩევნია სახლამდე მოითმინოს და სკოლის საპირფარეშოში არ შევიდეს. რატომ? მიზეზი რამდენიმეა:

„არა, არ შევდივარ მაგ ტუალეტში. არც ძალიან სუფთაა, არც კარი აქვს...საპონი არ არის და წყალიც ძალიან ცივი მოდის. ხელები გაგეყინება, რომ დაიბანო. არც პირსახოცია ან ხელსახოცი, რომ ხელი გავიწმინდოთ... თუ ტუალეტის კარი ღია რჩება, სულ სუნია, მაგრამ კარი რომ არ არის, სულ ეგრეა. ისე, ბევრი ბავშვია ჩვენთან მაგით უკმაყოფილო, სულ ერთმანეთს ეფარებიან ხოლმე და უსიამოვნოა. არ მომწონს ეგრე“.

მერვეკლასელ სანდროს არ მოსწონს, რომ ტუალეტს სკოლაში კარი არა აქვს. არ მოსწონს არც დერეფანში საპირფარეშოს სუნი. იქ შესასვლელი მთავარი კარი, მისი თქმით, სულ ღია რჩება, კლასი კი სწორედ ტუალეტის გვერდზეა.

ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა

სწორედ სკოლის საპირფარეშოები მოექცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, ყურადღების ცენტრში 16 იანვარს, როდესაც დირექტორთა საბჭოს სხდომაზე სკოლების ტუალეტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ალაპარაკდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბევრ სკოლაში არსებობს, რომ ტუალეტებს ზოგან კარიც კი არა აქვს და ეს მაშინ, როდესაც არაერთ სკოლაში დღემდე აუთვისებელია ბიუჯეტი. 17 იანვარს კი მან ისიც თქვა, რომ აუცილებლად დადგება ყველა იმ სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელშიც სველი წერტილების მოწესრიგება შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა შევუტიოთ ახლა ჰიგიენის საკითხს. დირექტორებს ვთხოვეთ, რა დონეზეც შესაძლებელია სისუფთავის და წესრიგის დაცვა, შეინარჩუნონ ეს სკოლებში. ეს ჩვენი დავალებაცაა და მოთხოვნაც. ცხადია, დადგება ზოგიერთი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც, სადაც ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იყო და ეს ასე არ მოხდა. რაც შეეხება ჩვენგან ფინანსურ დახმარებას, მათ ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი სწორედ ის არის, რომ სწორედ იმ სკოლებში დგას ეს პრობლემა, სადაც ბიუჯეტი ათვისებული არა აქვთ და ასეთ სკოლებში საპირფარეშოებს კარი არა აქვს“.

2017 წელს ამ პრობლემის მოგვარებას რეგიონებში კიდევ 70 სკოლაში ვგეგმავთ, თბილისში კი 22 სკოლის სველ წერტილს მივხედავთ. როდესაც სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა დავიწყეთ, ჯერ შენობების გადარჩენაზე ვიყავით ორიენტირებულები...
თეიმურაზ მაჩაიძე

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ მაჩაიძემ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული 2 000-ზე მეტი სკოლიდან 2013-2015 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 186 საჯარო სკოლის საპირპარეშოს. მათ შორის იყო 37 თბილისში მდებარე საჯარო სკოლა, 149 კი - რეგიონებში. თემურ მაჩაიძე განმარტავს, რომ სკოლის საპირფარეშოებში სისუფთავის შენარჩუნება სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, სველი წერტილების მოწყობა კი - სააგენტოსი:

„2017 წელს ამ პრობლემის მოგვარებას რეგიონებში კიდევ 70 სკოლაში ვგეგმავთ, თბილისში კი 22 სკოლის სველ წერტილს მივხედავთ. როდესაც სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა დავიწყეთ, ჯერ შენობების გადარჩენაზე ვიყავით ორიენტირებულები, რომ სახურავიდან წყალი არ ჩასულიყო და ა.შ. ნაბიჯ-ნაბიჯ, პრიორიტეტების მიხედვით, მივხედავთ ყველაფერს. წელს სწორედ მთავარი სამიზნე სველი წერტილები იქნება“.

ჯერ კიდევ 2013 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფი“) დახმარებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა კვლევა საქართველოს სკოლებში არსებული ჰიგიენურ-სანიტარიული მდგომარეობისა და სტანდარტების შესახებ - ვითარება ადგილზე 600 სკოლაში შეისწავლეს და, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე იხსენებს ჩვენთან საუბარში, შედეგები არც ისე სახარბიელო იყო:

„მაშინ გამოიკვეთა, რომ ქალაქის სკოლების 4 %-ში და სოფლის სკოლების 12 %-ში არ იყო უსაფრთხო წყალი. სკოლების 70 %-ში წყლის მოწყობილობა საერთოდ არ იყო შენობის შიგნით, ყოველ მე-10 სკოლაში ხელსაბანი, უბრალოდ, არ ფუნქციონირებდა ადეკვატურად, სოფლის სკოლებში ტუალეტები იყო სკოლის გარეთ, საკმაოდ მოშორებით სკოლის შენობიდან. ზოგადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარება არ იყო სახარბიელოდ შეფასებული, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს სკოლებში არსებულ ფიზიკურ გარემოზე. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი ყველაზე დიდ დროს ატარებს და, ცხადია, იქ არსებულ მდგომარეობას პირდაპირი კავშირი აქვს მათ ჯანმრთელობასთან, კეთილდღეობასთან და ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზეც ახდენს ზემოქმედებას“.

ოღონდ ეს არ არის პრობლემა, რომელიც ცალკეულ სკოლებს აქვს - ეს არის მეტ-ნაკლებად ყველა საჯარო სკოლის პრობლემა. ზოგან ეს პრობლემა უფრო მძაფრად ჩანს, ზოგან - ნაკლებად...
ნათია გორგაძე

მას შემდეგ, როგორც მაია ქურციკიძე ამბობს, დამატებითი კვლევა აღარ ჩატარებულა და დიდად არც საერთო სურათი შეცვლილა, თუმცა კი, მისი თქმით, ამ გამოკვლევის მომზადების შემდეგ „იუნისეფის“ მხარდაჭერით შემუშავდა საჯარო სკოლებში წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ ეროვნული სტანდარტები, რომელიც ამ დრომდე არ დაუმტკიცებია მთავრობას. იმავე ფაზაშია ტექნიკური რეგლამენტიც, რომელიც ადგენს ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის საჭირო იმ მინიმალურ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს, რომლებიც უნდა იყოს დაცული სკოლებში. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, უსწრაფესად დაამტკიცოს ეს სტანდარტები.

განათლების მკვლევარი ნათია გორგაძე სკოლის ტუალეტების პრობლემას ორ ნაწილად ყოფს - მისი თქმით, ზოგ სკოლას საერთოდ არ გააჩნია სანიტარიული კვანძი, ხოლო იქ, სადაც ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად გამართულია, არსებობს მისი მოვლა-დასუფთავების პრობლემა:

„ოღონდ ეს არ არის პრობლემა, რომელიც ცალკეულ სკოლებს აქვს - ეს არის მეტ-ნაკლებად ყველა საჯარო სკოლის პრობლემა. ზოგან ეს პრობლემა უფრო მძაფრად ჩანს, ზოგან - ნაკლებად. არის სკოლები, სადაც წყალიც კი არ არის და, შესაბამისად, ნათელია, იქ რა სურათიცაა, მაგრამ არის სკოლები, სადაც საპირფარეშოები, უბრალოდ, მოუვლელია სხვადასხვა მიზეზების გამო. იქ შესვლა, რასაკვირველია, საშინელი დისკომფორტია ბავშვებისათვის. სასაცილოა, როდესაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ჰიგიენის წესებს, მაშინ როდესაც სკოლის ტუალეტში საპონიც კი არ დევს“.

ნათია გორგაძე არ ელის, რომ ეს პრობლემა მინისტრის ერთი განცხადებით და დირექტორებისადმი მიმართული საყვედურით მოგვარდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მისი თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხა და ყველა საჯარო სკოლას ერთნაირად დაევალოს ტუალეტების მოწესრიგება. მისივე თქმით, თუ დირექტორი ამის შემდეგაც ვერ გააუმჯობესებს სკოლაში სანიტარიული კვანძის პირობებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG