Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ამერიკის უსაფრთხოების სარკეში


მრავალეროვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“, საქართველო
მრავალეროვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“, საქართველო

ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველო, უკრაინასთან ერთად, რუსეთის დესტრუქციული, მტრული პოლიტიკის ჭრილშია ნახსენები. ევროპის ამ ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფა განხილულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპების კონტექსტში. რის მომტანია მსგავსი დოკუმენტები და რას ეფუძნება ამერიკა-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა?

გადმოწერა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

  • აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთი არაერთ ადგილას არის ნახსენები ანდა ნაგულისხმევი.
  • რუსეთი, ჩინეთთან ერთად, მტრულად განწყობილ რევიზიონისტულ სახელმწიფოდ არის დასახელებული.
  • ევროპა მოხსენიებულია ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად.
  • რუსეთი განაგრძობს მეზობელი ქვეყნების დაშინებას საფრთხის შემცველი მოქმედებებით, ნათქვამია უსაფრთხოების სტრატეგიაში.

„ძლიერი და თავისუფალი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - ვკითხულობთ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის 2017 წლის დოკუმენტში, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. ევროპა მოხსენიებულია ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად, რომელთანაც ამერიკას დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაცვა აკავშირებს. სწორედ ქვეთავში, სახელწოდებით „ევროპა“, ვხვდებით საქართველოსა და უკრაინის პრობლემებსაც. ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ეს პრობლემები რუსეთის შექმნილია:

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნიზმის საფრთხეები უკვე წარსულს ჩაბარდა, ჩვენს ნებას ამჟამად ახალი გამოწვევები უწყობენ გამოცდას. რუსეთი მიმართავს დივერსიულ ზომებს, რათა დაასუსტოს ევროპის მიმართ ამერიკის ვალდებულებათა სანდოობა, ძირი გამოუთხაროს ტრანსატლანტიკურ ერთობას და დაასუსტოს ევროპული ინსტიტუციები და მთავრობები. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა მზაობა ხელყოს რეგიონის სახელმწიფოთა სუვერენიტეტი. რუსეთი განაგრძობს მეზობელი ქვეყნების დაშინებას საფრთხის შემცველი მოქმედებებით, როგორიც არის ბირთვული უზრუნველყოფა და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთი არაერთ ადგილას არის ნახსენები ანდა ნაგულისხმევი. ის, ჩინეთთან ერთად, მტრულად განწყობილ რევიზიონისტულ სახელმწიფოდ არის დასახელებული - სახელმწიფოდ, რომელიც იყენებს ტექნოლოგიებს, პროპაგანდასა და ძალადობრივ გზებს, რათა მსოფლიო ამერიკის ინტერესებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ განავითაროს.

შეერთებული შტატების სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და პრინციპების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან დოკუმენტში საქართველოს მოხსენიებას მიესალმება თბილისი. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთი მიდგომები და შეფასებები ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს:

ყველა საკვანძო საკითხი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრი-ობისთვის არის მნიშვნელოვანი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩანს და ეს არის მნიშვნელოვანი...
დავით რაქვიაშვილი

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის, უსაფრთხოების გარემო შეერთებული შტატების დღის წესრიგშია. ეს, საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად აისახება და, მე ვიტყოდი, რომ პრევენციულ ზეგავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო გარემოზე. ასევე, შეერთებული შტატების ამ მხრივ დაფიქსირებული პოზიცია იქნება ერთგვარი მხარდაჭერის გამოხატულება, რასაც, თავის მხრივ, ზურგს უმაგრებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა“.

„ყველა საკვანძო საკითხი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის არის მნიშვნელოვანი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩანს და ეს არის მნიშვნელოვანი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი:

„ეს არის ამერიკის ხედვა, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის როლის გაძლიერების მიმართულებით; ეს არის ევროატლანტიკური ღერძის გაძლიერება, რაც გულისხმობს ნატოს მეკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას; საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია მოხსენიებულია როგორც ევროპული სტაბილურობის საწინააღმდეგოდ მიმართული აგრესია და თავისთავად ევროპული უსაფრთხოება დანახულია როგორც ამერიკული ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი; და ეს არის, მთლიანობაში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ჰიბრიდული ხასიათის გაცნობიერება, როგორც არა მხოლოდ საქართველოს, უკრაინისა და ამ რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპული და ლიბერალური დემოკრატიების საწინააღმდეგოდ მიმართული ძალისხმევა“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ბოლო პერიოდში სულ უფრო ინტენსიურ სახეს რომ იღებს, ეს ბევრისთვის არის ნათელი და ამას ჩვენთან საუბრისას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი, პოლიტოლოგი შორენა ლორთქიფანიძეც ადასტურებს. „ჯაველინის“ სისტემის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების შესაძლო შესყიდვის ფაქტთან ერთად, ურთიერთობების პროგრესზე ლაპარაკისას პოლიტოლოგი ასახელებს ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომლის განხორციელებაც, ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება და რომლის ფარგლებშიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამოქმედდება ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრი. შორენა ლორთქიფანიძისთვის ცხადია, რომ ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტები პრაქტიკაშიც კონკრეტული შედეგების მომტანია:

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

„ეს დოკუმენტები ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა, უბრალოდ, როგორც დეკლარაცია, არამედ ინსტიტუციური დახმარების დიდი ჯაჭვი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ტრანსფორმაციაზე, ჩვენი უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სექტორის, ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტების ტრანსფორმაციაზე... რასაც ვუყურებდით მთელი წლის განმავლობაში, იყო ეს კონგრესის დოკუმენტები თუ სხვადასხვა სახის რეზოლუციები, მათი შინაარსი აისახა აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში, თავდაცვის ბიუჯეტში და აისახა ძალიან კონკრეტულ ინიციატივებსა თუ პროგრამებში, რომელთა ნაწილი იწყებს განხორციელებას, ნაწილი კი 2018 წელს ამოქმედდება“.

ბოლო პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების აშკარად გაღრმავებისა და გაძლიერების მიუხედავად, ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ხელისუფლებას კმაყოფილებისა და მოდუნების უფლება არა აქვს, რათა საქართველოს პრობლემები მუდმივად აქტუალური იყოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის დღის წესრიგში. პოლიტიკური და დიპლომატიური არხებით მუშაობის გარდა, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას - ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს, რაც დიდწილად განსაზღვრავს აშშ-ის ურთიერთობებს თავის პარტნიორებთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG