Accessibility links

უკრაინა და საქართველო: რატომ არის აუცილებელი ერთად ბრძოლა


საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იბრძოლონ, - განაცხადა უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა 22 აპრილს, როცა ის კონფლიქტის ზონაში, საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ხურვალეთს სტუმრობდა. 21-22 აპრილს, საქართველოში მისი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე ერთნაირი მიზნები ამოძრავებთ და ორი ქვეყანა დგას რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ. რას ნიშნავს ერთად ბრძოლა საქართველო-უკრაინისთვის და რატომ არის აუცილებელი ერთიანი ძალებით სვლა?

ვიდრე პატივისცემას გამოხატავდა და გვირგვინით შეამკობდა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, რათა თავისი თვალით ენახა საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი სასტიკი რეალობა. „ამ ყველაფრის ნახვა ძალიან მძიმე განცდებს იწვევს. ეს ისეთივე განცდებია, რაც მეუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის შემთხვევაში, როცა გამყოფ ხაზთან ვიმყოფები“, - თქვა პავლო კლიმკინმა და დაამატა, რომ „სადაც რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, ყველგან არის გავლებული მავთულხლართები“. კლიმკინის აზრით, საქართველომ და უკრაინამ ძალები უნდა გააერთიანონ საერთო მიზნებსა და გამოწვევებთან მიმართებით:

“ჩვენ გვაქვს ერთნაირი ფასეულობები, ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიზნები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთნაირად გვინდა, რომ გავხდეთ ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრები... მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ერთნაირი გამოწვევები და საფრთხეები... და ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ”.

საქართველოსა და უკრაინას საერთო პრობლემები რომ აწუხებთ და ეს პრობლემები რუსეთის ხელით რომ არის შექმნილი, ეს 21 აპრილს, თბილისში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებშიც აღინიშნა და შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეც გამეორდა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პავლო კლიმკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაცია უკრაინის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პრობლემა წარმოადგენს საქართველოს დღის წესრიგის ნაწილს. გამოითქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს ერთმანეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. ეს რომ ასე იქნება, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც აღნიშნა. მიხეილ ჯანელიძემ დაგმო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა და აგრესია:

„საქართველოსა და უკრაინას მსგავსი პრობლემები და გამოწვევები გააჩნია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიასა და ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ყველა ფორმატში“.

ამ ეტაპზე, როცა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფება რეფერენდუმით განმტკიცებას მოითხოვს, საერთო მტკიცე მიზნები ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. ეს აქცენტი არაერთხელ დაისვა პავლო კლიმკინის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე და ამაზე ლაპარაკობენ ექსპერტებიც. მაგალითად, როგორც პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ კონტექსტში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შედგეს უკრაინისა და საქართველოს კავშირის მტკიცე საყრდენი, რომელსაც შემდეგ მოლდავეთიც შეუერთდება. კორნელი კაკაჩია თვლის, რომ აუცილებელია ცალკე განისაზღვროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ამ სამი ყველაზე წარმატებული ქვეყნის მომავალი:

„ჩვენ თუ გადავხედავთ ევროინტეგრაციის ისტორიას, ძალიან იშვიათად მომხდარა, რომ თითო სახელმწიფოს მიეღწიოს წარმატებისთვის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ძირითადად ეს ხდებოდა ჯგუფურად - ვთქვათ, გავიხსენოთ როგორ მოხდა „ვიშეგრადის ჯგუფის“, ბალტიისპირა ქვეყნების გაწევრიანება... ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სამეული - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა - შედგეს განსაკუთრებით ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით... ამას შეიძლება ვუწოდოთ „შავი ზღვის სამეული“ ან კიდევ სხვა რაღაც, მაგრამ ევროკავშირმა და დასავლეთმა ეს სამი ქვეყანა უნდა გამოყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და მათ უნდა მისცეს ე. წ. ევროპული პერსპექტივა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპული პერსპექტივა დაახლოებით ნიშნავს იგივეს, რაც ნატოსთან დაკავშირებით მოხდა ბუქარესტის სამიტზე (2008 წელს) - კონკრეტულად უნდა ჩაიწეროს, რომ მაშინ, როცა ეს ქვეყნები მზად იქნებიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ისინი აუცილებლად გაწევრიანდებიან“.

იმისათვის, რომ საერთო მიზნების მიღწევისა და საერთო გამოწვევებთან გამკლავების პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს, კორნელი კაკაჩიას აზრით, კიევმა და თბილისმა საბოლოოდ უნდა დაივიწყონ ახლო წარსულის უკმაყოფილება, რაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება. პოლიტოლოგის შეფასებით, თბილისისა და კიევის ურთიერთობები პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა იმ პერიოდში, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდში იყო წარმოდგენილი და იმ პოზიციიდან უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას. „ახლა სააკაშვილის ფაქტორი აღარ არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას კორნელი კაკაჩიამ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG