Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გაეროში: რუსეთს ანექსიის პოლიტიკა ამოძრავებს


მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

რუსეთის აგრესია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი პრობლემები და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება წარმოადგენდა ძირითად აქცენტებს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის გამოსვლაში გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებში. ამ ფორმატში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატორი იყო უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა - უკრაინა. რამდენად წარმატებით გამოიყენა საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნა, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მიზნის ფონზე, და რატომ იწვევს შიდაპოლიტიკურ კამათს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო სარბიელზე.

გადმოწერა

21 თებერვალს ნიუ-იორკში, როცა უშიშროების საბჭოს მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებს მიმართავდა, მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და გააკრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობა შეეჩერებინა და აღეკვეთა ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი სამხედრო კონფლიქტები. საგანგებო ყურადღება, ცხადია, საქართველოს ეთმობა, ქვეყანას, რომლის კონფლიქტებთან დაკავშირებითაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული (16 წლის განმავლობაში), 39 რეზოლუცია აქვს დამტკიცებული, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ეთნიკური წმენდის დაგმობისა თუ დევნილების ღირსეულად დაბრუნების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ, მიხეილ ჯანელიძის თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავებელ ადრეულ ნიშნებზე“ და გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულმა კონფლიქტმა კულმინაციას 2008 წელს მიაღწია „საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით“. ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ რუსეთი არ ჩერდება და მიზანმიმართული გეგმებით კვლავაც მიიწევს წინ:

ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს სერიოზული ვარაუდი ვიფიქროთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება რეალურად ცდილობს, რომ ქართული მხარე, ასე ვთქვათ, ჩაითრიოს თანამშრომლობის იმ ფორმატებში, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას, რაც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის...
სალომე სამადაშვილი

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით. ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე. წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად. პარალელურად, აფხაზეთის რეგიონში მოქმედმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო გააძნელებს თავისუფალ გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და წინ აღუდგეს ასეთ ქმედებებს“.

გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე, სახელწოდებით „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება: კონფლიქტები ევროპაში“, მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით საგანგაშო უწოდა იმ ფაქტს, რომ უკვე დიდი ხანია საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის - რუსეთის - მიერ, მაშინ როცა ეს ქვეყანა „თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე“. გაისმა მოწოდება რუსეთის მისამართით, რომ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და საშუალება მისცეს საერთაშორისო მეთვალყურეებს შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან, ითქვა, რომ რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს „ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“.

ეს და სხვა მსგავსი მოწოდებები მყისიერად რომ არ აღსრულდება, რა თქმა უნდა, ცხადია ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს ნებისმიერი ტრიბუნის გამოყენება ჰმართებს, რათა თავისი პრობლემები მუდმივად შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას და „ძალიან კარგია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში საქართველო მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უმთავრესი პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ სინამდვილეს უკავშირდება, ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ მინისტრის გამოსვლაში აქცენტები სწორად იყო დასმული, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, გამოსვლა სიმწვავით არ გამოირჩეოდა:

ზაალ ანჯაფარიძე
ზაალ ანჯაფარიძე

„სულ ცოტა, ექვსჯერ მაინც იქნა ნახსენები რუსეთი ნეგატიურ კონტექსტში, იმ ქმედებებისა და იმ პოლიტიკის კუთხით, რასაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ... და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან დამოკიდებულება არის ნაკლებად ხისტი, ნაკლებად ანგაჟირებული, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, და უფრო ორიენტირებულია პრაგმატულ მიდგომებზე, ვფიქრობ, რომ მინისტრის ეს გამოსვლა ზუსტად ჯდებოდა იმ საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებში, რასაც ატარებს ამჟამინდელი ხელისუფლება“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზნები, დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან, ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკისა და დაპირისპირების საგანი შიდაპოლიტიკურ სარბიელზე. ბოლო ასეთი შემთხვევა გასულ დღეებში გამოვლინდა, როცა ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაადანაშაულა დაგვიანებული და არასათანადოდ მკაცრი რეაქციებისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ მიუნხენში გაკეთებული განცხადების შემდეგ.

19 თებერვალს, ქართველ და რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეკითხვის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო ტერორისტებისა და ნარკომოვაჭრეების სატრანზიტო ქვეყანაა და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს. ვიდრე საგარეო უწყებაც გააკრიტიკებდა, ლავროვის განცხადებებს პირველი რეაქციები 21 თებერვალს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მხრიდან მოჰყვა, რის კვალდაკვალაც ოპოზიცია უფრო აქტიურად ალაპარაკდა ხელისუფლების პრორუსულ განწყობებზე.

„ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს სერიოზული ვარაუდი ვიფიქროთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება რეალურად ცდილობს, რომ ქართული მხარე, ასე ვთქვათ, ჩაითრიოს თანამშრომლობის იმ ფორმატებში, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას, რაც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის და რეალურად დაეხმარება რუსეთს საკუთარი ინტერესების გატარებაში ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გახმაურებულ ბრალდებებში ახალი ვერაფერი დაინახა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, რომელსაც კრემლის ლიდერების მიერ გაკეთებული სხვა არაერთი მსგავსი შინაარსის განცხადებაც ახსოვს. რაც შეეხება საპასუხო რეაქციებს, ისევ და ისევ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკიდან გამომდინარე, ანალიტიკოსი, სერგეი ლავროვის განცხადებების კვალდაკვალ, არ მოელოდა მწვავე განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG