Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი სტუმართმოყვარეობას უწუნებს საქართველოს


საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში. 2015 წელი
საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში. 2015 წელი

რუსეთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მიერ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, „შავ სიაში“ შეყვანის ფაქტს, რაც განპირობებული იყო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ქართულ სტუმართმოყვარეობას ბრჭყალებში მოიხსენიებს, რუს ტურისტებს საქართველოში გამგზავრებამდე დაფიქრებას ურჩევს და საგანგებოდ აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ საქართველოს აძლევს ხელს. განცხადების ტექსტში ანალიტიკოსები ცინიკურ დამოკიდებულებასა და მუქარას ხედავენ.

რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს თავის მოქალაქეებს ყურადღებით შეაფასონ რისკები, რომლებიც საქართველოში სტუმრობას უკავშირდება, და იქვე აღნიშნავს, რომ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეები არაერთხელ დაჯარიმდნენ და გამოვლენილია დაკავების ფაქტებიც. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს იმის გათვალისწინებასაც ურჩევს, რომ, ქართული მხარის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია და, შესაძლოა, მან ვერ დაიცვას რუსეთის მოქალაქეების ინტერესები.

როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს. რთულია ასეთი ქმედების რაციონალურად ახსნა - რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციას ხომ ხელშესახები სარგებელი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ხალხისთვის...
რუსეთის საგარეო უწყება

15 მაისს გამოქვეყნებული განცხადების ძირითად საბაბს წარმოადგენს რუსეთის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, ნონ გრატად გამოცხადების ფაქტი, რაც, თავის მხრივ, იმით არის განპირობებული, რომ ლუჟკოვი სხვადასხვა დროს თბილისთან შეუთანხმებლად სტუმრობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს, რის შემდეგაც ის მაისის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა. ლუჟკოვის „შავ სიაში“ შეყვანას რუსეთის საგარეო უწყება პროვოკაციად მიიჩნევს:

„როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს. რთულია ასეთი ქმედების რაციონალურად ახსნა - რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციას ხომ ხელშესახები სარგებელი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ხალხისთვის“.

რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თბილისმა გასაგები მიზეზების გამო ვერ გაბედა აემოქმედებინა სანქციები იური ლუჟკოვის წინააღმდეგ და „ვერდიქტი“ მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანა, რაც მოსკოვის ყოფილმა მერმა დატოვა „სტუმართმოყვარე საქართველო“. საყურადღებოა, რომ საქართველოს სტუმართმოყვარეობა ბრჭყალებშია ჩასმული.

როცა საქართველოს ხელისუფლებამ ნონ გრატად გამოაცხადა, იური ლუჟკოვს, მართლაც, უკვე დატოვებული ჰქონდა საქართველო. მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ხმაური ატყდა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ფაქტმა მხოლოდ ამის შემდეგ მიიპყრო ხელისუფლების ყურადღება. დაგვიანებული რეაქციის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, მაშინ განმარტა, რომ შესაბამისი ნიშნების არარსებობის გამო, მესაზღვრე ვერ მოახდენდა რეაგირებას ამ ფაქტზე და „რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ (ლუჟკოვი) თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში".

იური ლუჟკოვი
იური ლუჟკოვი

საგულისხმოა, რომ ხელისუფლების რეაგირებამდე იური ლუჟკოვმა ტელეკომპანია „იმედთან“ გაკეთებულ კომენტარში გარკვევით თქვა, რომ მას მიუფურთხებია კანონისთვის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მაშინ როცა ქართველი ხალხისგან ამდენ სითბოს გრძნობს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას კი მან ისიც თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველო უკეთესად იგრძნობს თავს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსი ტურისტების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, მაგრამ მოითხოვენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დაცვას. 16 მაისს ამ თემაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ლუჟკოვის თემისადმი რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო ყურადღება წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე მიანიშნებს:

„ლუჟკოვის ბედ-იღბლით რომ დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, რომ ლუჟკოვი არ იყო აქ ჩამობრძანებული, როგორც კერძო პირი. მისი ვიზიტი აშკარად ქმნიდა პროვოკაციულ ფონს... ჩვენ ვითხოვთ კანონის პატივისცემას და არა ისეთ განცხადებებს, როგორიც ლუჟკოვმა გააკეთა: მე მესმის, დავარღვიე კანონი, მაგრამ მე ამისთვის მიმიფურთხებია... ეს იყო, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი“.

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაც თავად იური ლუჟკოვმა დაგვაკლო, რუსეთის საგარეო უწყებამ 15 მაისის განცხადებაში დაგვიმატა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი გობრონიძე. ამასთან, პოლიტოლოგი ასევე ხედავს საქართველოს მიერ 2008 წელს დამტკიცებული და რუსეთის მიერ იმთავითვე დაწუნებული კანონის წინააღმდეგ გალაშქრების კიდევ ერთ მცდელობას:

„ქართულ სახელმწიფოს მიაყენეს შეურაცხყოფა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ვხედავთ ცინიკურ გამოხდომებს, რომ ქართული სახელმწიფოს ქცევის რაციონალური ახსნა რთულია და, ასევე, ვთქვათ, ბრჭყალებშია ჩასმული სიტყვები - სტუმართმოყვარე საქართველო, ეს ერთი... და მეორე, დაახლოებით, ეს ვარიანტია, რომ როგორ ბედავთ ჩვენ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოკუპაციის შესახებ კანონის ამოქმედებას. რუსეთის ფედერაცია პირდაპირ ითხოვდა საქართველოსგან ამ კანონის გაუქმებასაც. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა, განხორციელებული ამ მიმართულებით“.

გიორგი გობრონიძე ვარაუდობს, რომ ამერიკა-საქართველოს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურებული დაახლოების პროცესის ფონზე, რუსეთმა საქართველოს ერთგვარი დასჯა გადაწყვიტა და არ არის გამორიცხული, რომ, საგარეო უწყების ტექსტში ასახული მუქარის შესაბამისად, რუსეთმა იზრუნოს საქართველოსკენ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებაზეც. ამიტომ პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველო არ უნდა იყოს რუსი ტურისტების იმედად და სამომავლო გეგმები ძირითადად ტურისტების სხვა ქვეყნებიდან მოზიდვაზე უნდა გათვალოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG