Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთს შორის ხელშეკრულების მიუღებელი ინტერპრეტაცია


ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, საფრთხის შემცველად და მიუღებლად მიიჩნევს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ინტერპრეტირებას რუსეთის მხრიდან. მისი შეფსება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, ინტერვიუს, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთ „კომერსანტში“. კარასინის განცხადებით, 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების გეოგრაფიული კოორდინატები, კერძოდ, რუსეთთან საზღვარზე მდებარე ყაზბეგის რაიონი, მდინარე ენგურის სამხრეთი ნაწილი, საიდანაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება, და გორის შემოგარენი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მახლობლად. როგორც ზურაბ აბაშიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ საკითხს ის 31 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

ამ საერთაშორისო შეთანხმებაში განსაზღვრულია ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებიც განკუთვნილია ქართული საბაჟო სამსახურისთვის. ეს არის ყაზბეგის რაიონი - რუსეთთან საზღვარი, მდინარე ენგურის სამხრეთით...
გრიგორი კარასინი

25 იანვარს გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელშეკრულებაზე დიდ იმედებს ამყარებს, ვინაიდან ის ძლიერ ბიძგს მისცემს ვაჭრობას რეგიონში. მისი სიტყვებით, 2008 წლის შემდეგ რეგიონში ვაჭრობისთვის სერიოზულ სირთულეებს ქმნიდა ის გარემოება, რომ საქართველო არ აღიარებდა მის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ეს კი აბრკოლებდა საბაჟო კონტროლის პუნქტების განსაზღვრას. ასე რომ, 2011 წლის ხელშეკრულებამ ამ საკითხში სიცხადე შეიტანაო, - აცხადებს კარასინი „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

„ამ საერთაშორისო შეთანხმებაში განსაზღვრულია ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებიც განკუთვნილია ქართული საბაჟო სამსახურისთვის. ეს არის ყაზბეგის რაიონი - რუსეთთან საზღვარი, მდინარე ენგურის სამხრეთით, სადაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება, და გორის მიდამოები (სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს)“.

ამ ინტერვიუში საუბარია ე.წ. საბაჟო საზღვრებზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის, რაც ყოვლად მიუღებელია. არანაირი საბაჟო საზღვრები 2011 წლის შეთანხმებაში არ არის ნახსენები. იქ საერთოდ არ არის ნახსენები არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი. ეს არის ორმხრივი ქართულ-რუსული შეთანხმება...
ზურაბ აბაშიძე

ხელშეკრულება, რომლის თაობაზეც გრიგორი კარასინი ლაპარაკობს, 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორაგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისას, შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში. ის მოიცავს შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის, როლს განამტკიცებს. შვეიცარიის მხარესთან ხელშეკრულება საქართველომ უკვე გააფორმა, თუმცა რუსეთს ჯერ ხელი არ მოუწერია.

ინტერვიუში კარასინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, საფრთხის შემცველად და მიუღებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის და რუსეთის მხარე ხელშეკრულების ინტერპრეტაციას ახდენს.

„ამ ინტერვიუში საუბარია ე.წ. საბაჟო საზღვრებზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის, რაც ყოვლად მიუღებელია. არანაირი საბაჟო საზღვრები 2011 წლის შეთანხმებაში არ არის ნახსენები. იქ საერთოდ არ არის ნახსენები არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი. ეს არის ორმხრივი ქართულ-რუსული შეთანხმება. ეს შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო კორიდორების შექმნას, რომლის თავსა და ბოლოში იქნება ტერმინალები და, შესაბამისად, შვეიცარიული კომპანიის მონიტორები,რომლებიც განახორციელებენ მხოლოდ აღრიცხვას იმ ტვირთისა, რაც ამ სავაჭრო კორიდორში გაივლის“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

ამ ხელშეკრულებით ჩვენ, პრაქტიკულად, რუსეთთან ტერიტორიული დავა სხვა დონეზე ავიყვანეთ, მაგრამ ამით არც ერთმა არ მოვიგეთ. რუსეთი ახლა ამ ხელშეკრულების დებულებებს პოლიტიკურ კონტექსტში თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ჩვენც შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება...
კახა გოგოლაშვილი

ამ ხელშეკრულებას რუსეთი განიხილავს, როგორც საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის დოკუმენტს და, ამავდროულად, საქართველოსთან სხვადასხვა თემაზე ვაჭრობის ინსტრუმენტს, მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომლის თქმითაც, რუსეთი ცდილობს შეაგუოს საქართველოს მოსახლეობა 2008 წლის შემდგომ ჩამოყალიბულ რეალობას. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს თემა საქართველოს ეროვნულ ინტერესსა და ტერიტორული მთლიანობის საკითხთან წინააღმდეგობაში მოდის:

„იმ პერიოდში, როცა ამ ხელშეკრულების იდეა წამოვიდა, ის იყო ფორსმაჟორული, ომის შემდგომი სიტუაცია, როდესაც საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და იმ ხელისუფლებას, თავისი ჭკუით, უნდოდა რუსეთი რაღაცნაირად შემოეტყუებინა მოლაპარაკების სივრცეში. მაგრამ რუსეთიც ხომ არ არის გულუბრყვილო! მართალია, იმ დროს საქართველოს ეს მართლა სჭირდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთერთობების დინამიკა შეიცვალა, ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენად გვაწყობს ეს ხელშეკრულება, ამაზე ჩამოყალიბებული აზრი არ მომისმენია“.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ამ თემასთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია იმდაგვარია, რომ განსაკუთრებულ ვითარებაში აამოქმედებს ტვირთბრუნვის თაობაზე რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, თუმცა მისთვის არ არის გარკვეული, რა იგულისხმება „განსაკუთრებულ ვითარებაში“.

როგორც ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, ქართულ მხარეს აწუხებს ის, რომ ეს ხელშეკრულება ერთგვარად ლეგიტიმურს ხდის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. თავის დროზე ამ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველომ, ერთი მხრივ, აიძულა რუსეთი ეღიარებინა, რომ მას ლეგიტიმური უფლება აქვს აკონტროლოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემომავალი ტვირთები, მიუხედავად იმისა, რომ ცნო ამ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. მეორე მხრივ, რუსეთს ვაწვდით ასევე ინფორმაციას ჩვენი მხრიდან ტვირთბრუნვის თაობაზე, რაც კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ:

„ამ ხელშეკრულებით ჩვენ, პრაქტიკულად, რუსეთთან ტერიტორიული დავა სხვა დონეზე ავიყვანეთ, მაგრამ ამით არც ერთმა არ მოვიგეთ. რუსეთი ახლა ამ ხელშეკრულების დებულებებს პოლიტიკურ კონტექსტში თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ჩვენც შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება. თავიდანვე იყო შექმნილი ისეთი განწყობა, რომ თითქოს რუსეთი ვაიძულეთ ეღიარებინა საქართველოს სუვერენიტეტი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, ამ საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში 31 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG