Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობას მოუწოდა მაქსიმალურად დაეხმარონ უკრაინას. ამის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ასევე გაირკვა, რომ 27 აგვისტოს უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებების შესწავლის მიზნით მიემგზავრება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. რის გაკეთება შეუძლია საქართველოს უკრაინის დასახმარებლად?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა ჯანდაცვის მინისტრის მიერ უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტით. მართალია, დავით სერგეენკოს არ დაუზუსტებია, თუ რა კონკრეტული მიზნით მიემგზავრება ის უკრაინაში, მაგრამ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამინისტრო მზადაა უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მიავლინოს ექიმების ჯგუფი, ასევე გაგზავნოს მედიკამენტები, სახარჯი მასა, იზრუნოს საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტების ჯანმრთელობაზე, საჭიროების შემთხვევაში კი უკრაინიდან საქართველოში პაციენტთა გადმოყვანა და მათი მკურნალობა და რეაბილიტაცია განახორციელოს.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს, ჯანდაცვის მინისტრის გარდა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტიცაა დაგეგმილი. სწორედ ამაზე პასუხად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ საქართველომ მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოუჩინოს უკრაინას.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონო დავით, უკრაინაში მიემგზავრებით ხვალ, ხომ ასეა?

დავით სერგეენკო: „დიახ, ბატონო პრემიერო, გვქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. შევთანხმდით, რომ ადგილზე ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომლებიც საჭიროებების შეფასებას ადგილზე გააკეთებდნენ, და გადავწყვიტეთ, რომ მე თვითონ ჩავიდე. ჩემთან ერთად მოდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დილით ადრე უკვე კიევში ვართ და უკვე შევუდგებით მუშაობას“.

ირაკლი ღარიბაშვილი: „კარგი იქნება, თუ ჩვენ რაღაც ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“.

ნოდარ ხადური: „ბატონო პრემიერო, დღეს საღამოს საქართველოში ჩამოდის უკრაინის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის და საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელიც 4 დღის განმავლობაში იმუშავებს ჩვენთან. ძირთადად აჭარაში იქნებიან, გაეცნობიან ჩვენს გამოცდილებას და ჩვენ მზად ვართ მხარდასაჭერად“.

ირაკლი ღარიბაშვილი: „კი, მაქსიმალური მხარდაჭერა, დახმარება აღმოუჩინეთ“.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების კომენტირებისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი, ამბობს, ჩანს, რომ პრემიერმა საერთაშორისო დონეზეც მიიღო რჩევა და შენიშვნა, რომ ასეთი ნაბიჯები საჭიროაო. ასეთი ინფორმაცია არსებობს კიდეც, რომ მას მიუთითეს, ცალყბად ნათქვამი სიტყვების გარდა, საჭიროა მეტი სოლიდარობაო, ამბობს დავით დარჩიაშვილი და იქვე შენიშნავს, რომ ამ მითითებების წყაროზე საუბარი არ სურს:

„იყო ძალიან კონკრეტული შეთავაზება ჩვენი პარტიის წარმომადგენლობის მხრიდან, რომ უკრაინელი ბავშვების აქ ჩამოყვანაში, განთავსებაში და დასვენებაში გაგვეწია დახმარება. ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს და ასეთი ნაბიჯები ნამდვილად არ გადადგმულა. მე მგონი, როგორღაც ქვეყანა ამას გასწვდებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა მზად, რომ მიეღო ოჯახში ეს ბავშვები. ვერ გავიგე, რა ეკონომიკური შეძლება უნდა ამას, რომ შენს მოძმე ერს ასეთ გაჭირვებაში გვერდში დაუდგე?“

საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებით გამოკვეთილი სტრატეგიული პოლიტიკა არა აქვს, მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და უკრაინის პროცესებს აფასებს რუსეთის პოზიციიდან და მისი რეაქციიდან გამომდინარე, ანუ, როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, უკრაინისადმი საქართველოს დამოკიდებულებაში რუსეთის აჩრდილი ჩანს:

„ხელისუფლება ერიდება მკვეთრ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით, რუსეთთან ე.წ. ნორმალიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, და, აქედან გამომდინარე, რეაგირება უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ არის ძალიან დაგვიანებული და ხშირად ეს რეაგირება ხდება იქიდან გამომდინარე, რომ შიდაპოლიტიკური საკითხი ხდება ხოლმე ეს. ოპოზიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას ამის გამო და არა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართლა აქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები“.

თუმცა, კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს - პოლიტიკური ურთიერთობები გრძელდება. ვხედავთ ვიზიტებსაც, თუმცა ეს არის პასიური ურთიერთობები და ეს არ არის ის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. ერთი საკითხია, კარგი იყო ეს თუ ცუდი, მაგრამ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები იმდენად შორს იყო წასული, რომ ხშირად ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ აქტორები შიდაუკრაინული პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაშიც კი:

„გვახსოვს ჩვენ უკრაინაში არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი როგორ უჭერდა მხარს რამდენიმე კანდიდატს და სხვა. ამას არავინ მოელის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ქვეყანა არის სტრატეგიული პარტნიორი, მეტ-ნაკლებად ცხადი პოლიტიკა უნდა გვქონდეს უკრაინასთან მიმართებით“.

და მაინც, რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისთვის? ექსპერტები ფიქრობენ, რომ ყველაზე ქმედითი იქნებოდა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს მიერ უკრაინის საკითხის წამოწევა - იქნებოდა ეს ევროპის საბჭო თუ ეუთო, თუმცა ამის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლება მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG