Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ უთხოვიათ“


სტამბოლი
სტამბოლი

თურქეთში საქართველოს საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოიჩინონ სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს. საქართველოს კონსული თურქეთში ჯემალ გოგიტიძე ამბობს, რომ საკურორტო ზონებში, ანთალიასა და ალანიაში, სიმშვიდეა და საქართველოს მოქალაქეებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. ტურისტული სააგენტოების ცნობით, ამ ქალაქებში დასვენების მსურველთა რაოდენობაც არ შემცირებულა.

„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები“, - ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ გვიკავშირდებიან მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში გავრცელდა ეს ინფორმაცია, იმის გასარკვევად, თუ რამდენად უსაფრთხოა გამგზავრება. საკურორტო ზონაში, სადაც ტურისტები არიან განთავსებული და სასტუმროებია და, ზოგადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება...
ჯემალ გოგიტიძე

თუმცა თურქეთში საქართველოს კონსული ჯემალ გოგიტიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ „არაფერი სერიოზული ტურისტულ ზონაში არ მომხდარა და, რეალურად, საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ უთხოვიათ“.

ჯემალ გოგიტიძის ცნობით, გუშინწინ თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში აქცია გაიმართა და ოპოზიციური პარტიის ოფისს დაესხნენ თავს, ასევე დაარბიეს კაფე-ბარი, თუმცა ეს ყველაფერი სამართალდამცველებმა დროულად აღკვეთეს. თურქეთის მედიის ცნობით, 9 სექტემბერს ნაციონალისტები ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისებს დაესხნენ თავს მას შემდეგ, რაც ქურთმა მებრძოლებმა 14 სამართალდამცავი მოკლეს. შეტაკებები მოხდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში, სადაც რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს გაუჩნდა ცეცხლი. მთლიანად დაიწვა კლუბი „ლას-ვეგასი“.

ჯემალ გოგიტიძის ინფორმაციით, ამჟამად ვითარება სტაბილურია:

„ჩვენ გვიკავშირდებიან მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში გავრცელდა ეს ინფორმაცია, იმის გასარკვევად, თუ რამდენად უსაფრთხოა გამგზავრება. საკურორტო ზონაში, სადაც ტურისტები არიან განთავსებული და სასტუმროებია და, ზოგადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ქვეყნის აღმოსავლეთში, სირია-ერაყის საზღვართან, ვითარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და არ არის რეკომენდებული მგზავრობა, თურქეთის დანარჩენ ტერიტორიაზე კი სტაბილური ვითარებაა და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“.

ტურისტული სააგენტო „სამტტრეველის“ წარმომადგენლის თამარ ქათამაძის თქმით, თურქეთის ქალაქებში ანთალიასა და ალანიაში დასვენების მსურველთა რაოდენობა არ შემცირებულა, არსებული ვითარების გამო არავის მოუთხოვია დროზე ადრე უკან დაბრუნება. ასეთი სურვილის შემთხვევაში პრობლემა არ იქნება, ვინაიდან ავიარეისები კვირაში 6-ჯერ სრულდება:

„არავითარი პრობლემა არ შეჰქმნია არავის. შვიდი კაცი მიფრინავს ხვალ ჩვენგან, ზუსტად ალანიაში, მათ შორის ერთი ბავშვი, და ათასნაირად გადავამოწმე და ყველამ მითხრა, რომ აბსოლუტური სიმშვიდეა“.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

თურქეთის უსაფრთხოებას საქართველოს მდგრადი განვითარებისა და მისი უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, საქართველო თურქეთს მიმზიდველ ქვეყნად მიიჩნევს და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს სტაბილური და დემოკრატიული. არ არის ცნობილი, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მოვლენებმა თურქეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე, თუმცა, კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ ეს პროცესი რადიკალურად შეცვლის თურქეთის საზოგადოებრივ პრიორიტეტებს, პოლიტიკურ ლანდშაფტს და თურქეთში ვიხილეთ ნაკლებად ფუნქციონალური დემოკრატია და ქურთებსა და თურქეთის სხვა მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე გაიზარდა პროისლამისტური ტენდენციები, ეს პროცესი საყურადღებო გახდება:

„მთლიანობაში, ალბათ, საერთაშორისო თანამეგობრობაც ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ დააწყნაროს პროცესები თურქეთში და, რა თქმა უნდა, თურქეთის მთავრობა ახლა ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგას და რამენაირად უნდა მოახერხოს ამ ვითარების კონტროლზე აყვანა და დაწყნარება“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG