Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო, თურქმენეთი და ევროკავშირისთვის საინტერესო ენერგეტიკული პერსპექტივა


თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

30 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავდა თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შედგა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან და ითქვა, რომ ორმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა იზრუნოს თავიანთ ურთიერთობებში არსებულ, დღემდე ჯერ ისევ გამოუყენებელი, დიდი პოტენციალის რეალიზებაზე. საგანგებო ყურადღება მიექცა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკის სფეროს სატრანზიტო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. ენერგეტიკის სფეროში კონკრეტული პროექტების განხორციელება შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც – რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.

ვიდრე თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას მიაგებდა პატივს და მის მემორიალს გვირგვინით შეამკობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მანამდე კი გაიმართა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან, რომლის დაიწყებამდე პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის გამო, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და რომ საქართველოს პრემიერის ვიზიტი ამ ურთიერთობას ახალ იმპულსს შესძენს:

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ყოველთვის უჭერთ მხარს – თურქმენეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის, საერთაშორისო ინიციატივებს, ღია კარის პოლიტიკას, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, სატრანზიტო დერეფნების განვითარება და ა.შ. მე ვიტყოდი, რომ ცუდი პოტენციალი არა აქვს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას... მე ასევე ვახსენე –სატრანზიტო დერეფნების განვითარების პოტენციალი... ერთი სიტყვით, თურქმენეთსა და საქართველოს ამჟამად აქვს კარგი პოტენციალი, რომელიც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ“.

გურბანგული ბერდიმუხამედოვის მიერ ჩამოთვლილი საკითხები მან და გიორგი კვირიკაშვილმა, ხანგრძლივი შეხვედრის ფარგლებში, ცხადია, უფრო დეტალურად განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასათვისებელია ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი და ამაზე მუშაობს მთავრობათაშორისი კომისია, რომლის მორიგი სხდომა ასევე ოთხშაბათს გაიმართა. გურბანგული ბერდიმუხამედოვისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე განხილულ იქნა ინიციატივა სატრანსპორტო კორიდორის შექმნის შესახებ – თურქმენეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის მონაწილეობით და ასევე, თურქმენეთის აქტიური ჩართვა „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში. საქართველომ თურქმენეთს შესთავაზა მონაწილეობა ადგილობრივი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის პროექტებში, რასთან დაკავშირებითაც, ოფიციალური ინფორმაციით, მასპინძელმა მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა. განსახილველ საკითხთა შორის იყო ენერგეტიკული პერსპექტივები. დეტალები არ დაკონკრეტებულა, მაგრამ როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ:

„რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, რაზეც ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს. შევეხეთ ყველა საკითხს, მაგრამ დღეს კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ უფრო მეტად გამოვიყენოთ ორ ზღვას შორის ურთიერთობის სატრანზიტო პოტენციალი და ვფიქრობთ, ეს, აბსოლუტურად, რეალისტურია“.

როდესაც თურქმენეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზეა ლაპარაკი, ეკონომიკის სფეროს ექსპერტები, პირველ რიგში, თურქმენულ გაზთან დაკავშირებულ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ფარგლებში განხილულ პროექტებს – ტრანსკასპიურ გაზსადენსა და ასევე –„თეთრ ნაკადს“ იხსენებენ. „თეთრი ნაკადი“ წარმოადგენს (16 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრის) პროექტს, რომელიც, შავი ზღვის ფსკერის გავლით, თურქმენული გაზის ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს და მისი ამოცანაა ასევე ტრანს-კასპიური პროექტისათვის შექმნას გაზის ევროპამდე მიღწევის შესაძლებლობა.

უნდა ითქვას, რომ ექსპერტები ხშირად აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას – ტრანსკასპიურ გაზსადენსა და „თეთრ ნაკადთან“ დაკავშირებული პერსპექტივების არასათანადოდ შეფასებისა და ამ მიმართულებებით უმოქმედობის გამო. თუმცა ეს თემები პერიოდულად მაინც იჩენდა თავს და, მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა რუმინეთში, იმ ხანად ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბუქარესტში გამართული შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა „თეთრი ნაკადის“ განხორციელება. მისი განმარტებით, ეს პროექტი ითვალისწინებს „თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას და შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნებმაც ისარგებლონ ამ ბუნებრივი აირით“.

ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების მზადყოფნას, თავის მხრივ, წლების განმავლობაში გამოხატავდა თურქმენეთის ხელისუფლება. თურქმენეთის პრეზიდენტი ახლო წარსულში სხვადასხვა დროს აცხადებდა, რომ მზად არის ევროპას 30 მილიარდზე მეტი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს. ამასთან, აზერბაიჯანული გაზისთვის „სამხრეთის გაზის დერეფნის“შემადგენელი TANAP-ის პროექტი ისე დაიგეგმა, რომ მას თურქმენული გაზის გატარების შესაძლებლობაც აქვს.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ამ პროექტებს, საქართველოს დიდი სატრანზიტო ინტერესის გარდა, უკავშირდება ევროკავშირის დიდი ინტერესი – მნიშვნელოვანწილად, დააღწიოს თავი დამოკიდებულებას არაპროგნოზირებადი რუსეთის მიერ მიწოდებულ გაზზე. „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სხვა პროექტებთან ერთად, ეს პროექტები უფრო ხელსაყრელ რეალობას შექმნის და ამის შესახებ საუბრობს რადიო „თავისუფლებასთან“ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლევან ფავლენიშვილი:

„სამხრეთის დერეფნის აზერბაიჯანული გაზისთვის გათვლილი პროექტები ევროპაში რუსეთის გაზის მოხმარებას, გარკვეულწილად, ჩაანაცვლებს, მაგრამ რუსეთის მიერ ექსპორტირებულ გაზს მაინც დარჩება საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი. მაგრამ თუ ამ ყველაფერს თურქმენეთის გაზის გასატარებლად ტრანსკასპიური გაზსადენიც დაემატება, ეს იქნება სრულიად სხვა პოტენციალი, რაც სრულიად სხვა მასშტაბის შესაძლებლობებს შექმნის“.

დიდწილად, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ტრანსკასპიური გაზსადენის პერსპექტივას თითქმის უტოპიურად მიიჩნევს და ასე ფიქრობს, მაგალითად, გია ხუხაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო „თავისუფლებას“, რუსეთს და ირანს შეუძლიათ ამ პერსპექტივის ძალიან მარტივად ჩაგდება და ინტერესთა საერთო სურათის გათვალისწინებით, ევროკავშირი, ამის გამო, ბრძოლას არ დაიწყებს. თუმცა ანალიტიკოსების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში დამტკიცებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერებას გულისხმობს, ასევე მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკული ზეგავლენების კონტროლს ევროპაში და ამან შესაძლოა, დამატებითი იმპულსი გააჩინოს, მათ შორის, ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის“ განვითარებისთვის.

ასეა თუ ისე, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში ტრანსკასპიური გაზსადენის ამოქმედება რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ცხადია, რომ – რუსეთი ყოველმხრივ ეცდება ხელი შეუშალოს ასეთ პერსპექტივას. თუმცა, ეს საკითხი დაუძლეველი არ არის და, შესაბამისად, ექსპერტების თქმით, დაინტერესებულ მხარეებს დიდი მონდომება და ძალისხმევის გაწევა მართებთ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG