Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფრთხეები აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს


სომხეთის საარტილერიო პოზიცია, მთიანი ყარაბაღი
სომხეთის საარტილერიო პოზიცია, მთიანი ყარაბაღი

4 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კვლავაც გრძელდებოდა საბრძოლო მოქმედებები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის ფარგლებში, სულ ცოტა, 30 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი კონფლიქტი სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება, რა ინტერესები ამოძრავებს რუსეთს და რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს?

კონფლიქტში ჩართული მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ: მაგალითად, სომხეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებულ ცნობებს მოწინააღმდეგის 30-მდე სამხედროსა და სამი ტანკის განადგურების თაობაზე. თავის მხრივ, ბაქოც უარყოფს, მაგალითად, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის სამი ტანკისა და ჯავშანმანქანის განადგურების თაობაზე. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ, როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების სამმართველო იტყობინება, კონფლიქტში მონაწილე მხარეთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2 და 3 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 30-ზე მეტი სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საუბარია ასევე 200–ზე მეტი დაჭრილის შესახებ.

ფაქტია, რომ კონფლიქტი მწვავდება – მეთვალყურეთა შთაბეჭდილებით, ის უკვე გასცდა ძალების მოსინჯვის პერიოდულ მცდელობას და მიიჩნევა, რომ ეს ბოლო შეიარაღებული დაპირისპირება არის ყველაზე უარესი მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომი დასრულდა და 1994 წლიდან ტერიტორია ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა. ამჟამინდელ ვითარებას ის ფაქტიც ართულებს, რომ შაბათს, 2 აპრილს, აზერბაიჯანის ჯარებმა აიღეს სტრატეგიული პოზიციები, რომელთა დაბრუნებასაც ახლა მთელი მონდომებით ცდილობენ მოწინააღმდეგეები. საერთაშორისო თანამეგობრობის უკიდურეს შეშფოთებას უერთდება საქართველოც და, როგორც 4 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ვითარების დეესკალაციის გასაღებს ისევ და ისევ საერთაშორისო ძალისხმევა წარმოადგენს. ვითარების სასწრაფოდ დარეგულირების აუცილებლობაზე ილაპარაკა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმაც:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„მთავარი ამოცანა დღეს არის ცეცხლის შეწყვეტა. როდესაც სროლებია ირგვლივ და როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბს აღწევს, რაც ჩვენ მთიანი ყარაბაღის პირობებში ვნახეთ, აქ სხვა ამოცანები აღარ დგას – აქ მთავარი ამოცანაა, შეწყდეს ცეცხლი. ამის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ლაპარაკი ყველაფერ დანარჩენზე“.

ეჭვი არავის ეპარება, რომ კონფლიქტის გამწვავება სერიოზულ დაღს დაასვამს სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივებს და ცხადია ისიც, რომ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოც. ლტოლვილების ნაკადის გამო მოსალოდნელ პრობლემებზე, ინვესტორების დაფრთხობის ალბათობასა და ეკონომიკის მოსალოდნელ დაღმასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველო კიდევ არაერთი სავარაუდო გამოწვევის წინაშე დგას. როდესაც საქართველოს წინაშე არსებულ განსაკუთრებულ საფრთხეებზე ლაპარაკობენ, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი, პირველ რიგში, რუსეთის მიერ გიუმრის ბაზის მომარაგების თემას იხსენებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ, არეულობის ფონზე, რუსეთმა დრო იხელთოს და პირდაპირ გაჭრას დერეფანი, სამცხე-ჯავახეთის გავლით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში მდებარე თავის სამხედრო ბაზამდე, მით უმეტეს, რომ, სწორედ ამ ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების ჭრილში, რუსეთმა თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს სამხედრო დახმარების პირობაც დაუდო.

გიუმრის ბაზის მომარაგების საკითხი უპირველეს საფრთხედ მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში ალეკო კვახაძეს, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველომ მაინც პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს:

„იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტი გამწვავდა, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოსთხოვოს საქართველოს საქართველოს გავლით გიუმრის ბაზისკენ სამხედრო ტვირთების გატარება, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს სომხეთის ღია მხარდაჭერას. ჩემი აზრით, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ამ წინადადებას და არ უნდა გაატაროს და თუკი გავა ასეთი ტვირთები, ისევ ჯობია, რომ თვითნებურად გაატარონ საჰაერო გზით რუსებმა, ვიდრე ეს ჩვენი ნებით მოხდეს“.

სომხეთის ქალაქ გიუმრიში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელსაც, 2010 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივდა, უკვე კარგა ხანია ვეღარ მარაგდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. გავიხსენოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 19 აპრილს გააუქმა რუსეთისა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული სამხედრო ბაზებისთვის პერსონალისა და სამხედრო ტვირთის ტრანზიტის ორგანიზების თაობაზე. თუმცა თუკი რუსეთმა მაინც მოინდომა საქართველოს ტერიტორიისა თუ საჰაერო სივრცის გამოყენება და კონტროლი დაამყარა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, მას ვერავინ შეაჩერებს და გარდაუვალი იქნება საქართველოსა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება.

ყარაბაღის პირველი ომი როცა იყო, იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ააფეთქეს სომხეთისკენ გამავალი გაზსადენი, ააფეთქეს ერევნისკენ მიმავალი მატარებელი...
თემურ ჩაჩანიძე

თუმცა ეს საკითხი პირველი რიგის საფრთხედ არ მიაჩნია სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მიმომხილველს თემურ ჩაჩანიძეს და, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთმა უკვე დიდი ხანია გამონახა მომარაგების ალტერნატიული გზები და გიუმრის ბაზა ამჟამად „კისრამდეა სავსე იარაღით, საბრძოლო საშუალებებითა და ტექნიკით“. აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების გამწვავების ჭრილში, თემურ ჩაჩანიძე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ტერორიზმს ასახელებს:

„ყარაბაღის პირველი ომი როცა იყო, იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ააფეთქეს სომხეთისკენ გამავალი გაზსადენი, ააფეთქეს ერევნისკენ მიმავალი მატარებელი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმავალი ავტობუსები იყო თბილისში დანაღმული და მერე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფეთქდებოდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ასეთი რაღაცები მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე“.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს, რადგანაც მოსკოვი საბრძოლო იარაღით ორივე მხარეს ამარაგებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი თვლიან, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება ამ ეტაპზე არც რუსეთის ინტერესებში შედის და მოსკოვს ახლა მხოლოდ საკუთარი როლის გაძლიერება სურს. შესაბამისად, როგორც ალეკო კვახაძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას რუსი სამშვიდობოების განთავსება რეგიონში, რადგანაც, ასეთ შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG