Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ


8 ივნისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი რამაზ დავითაია, რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა 2012 წლის 20 ივნისს და მას შემდეგ მკურნალობდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ საქართველოში. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი – რამაზ დავითაია ISAF-ის მისიის ფარგლებში დაღუპული უკვე 30-ე ქართველი სამხედროა.

კაპრალის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი დროში დაემთხვა ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც წელს პირველად მასპინძლობდა საქართველოს დედაქალაქი და რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენელი და ექსპერტები მონაწილეობდნენ. 9 ივნისს, როცა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავდა, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალმა, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს წვლილისა და მსხვერპლის შესახებ გლობალური მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში. ასევე აღინიშნა, რომ როგორც საქართველო ასრულებს ერთგულად ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, ასევე ნატოც შეასრულებს თავის დაპირებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს. გენერალი პალომეროსი შემთხვევითობად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ქვეყანათა ხუთეულში მოხვდა და რომ თანამშრომლობის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნა.

ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრზე, რომელმაც ვაზიანში უნდა დაიდოს ბინა, სამშაბათს, კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და რომ ცენტრი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ამოქმედდება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმაც მიმართა. თინა ხიდაშელმა საქართველოს საბოლოო მიზნად ნატოში გაწევრიანება დაასახელა და იმედი გამოთქვა, ვარშავის სამიტზე (რომელიც 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება) საქართველო სასურველ შედეგს მიიღებს. მინისტრი ხიდაშელი ამბობს, რომ ამ მიზნისთვის მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ დღეიდან, გუშინდლიდან – ვარშავამდე მიმავალ გზაზე – რაც შეიძლება, რაც შეიძლება მეტად ვაჩვენოთ ყველა ფორუმზე (იქნება ეს სამხედრო თუ პოლიტიკური) ჩვენი მზადყოფნა, პირველ რიგში; მეორე, ის, რომ ქართული საზოგადოების და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების არჩევანი არის აბსოლუტურად ურყევი და უკომპრომისო. და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ვაჩვენოთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ გზაზე სიარულს, ანუ რა ღონისძიებებს, რა მოქმედებებს ვაპირებთ იმისათვის, რომ ეს გზა წარმატებით გავიაროთ“.

დიდწილად, სწორედ მომავალი წლის ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში განიხილებოდა საქართველოს მონაწილეობა ვროცლავის გლობალურ ფორუმში, რომელსაც პოლონეთი მიმდინარე კვირაში მასპინძლობდა. ფორუმის ორგანიზატორებს შორის იყვნენ: „ატლანტიკური საბჭო“, ქალაქ ვროცლავის მერია და „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტი“ (PISM). მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც თავს უყრის მრავალი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა თუ ექსპერტებს, მეტად მნიშვნელოვან ფორუმად მიიჩნევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში („The Road to Europe?“), რომელიც ევროპულ პერსპექტივებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობას ეძღვნებოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ნატოს საიმედო მოკავშირეა, ის უსათუოდ იმსახურებს წინსვლას და „ვარშავის სამიტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ღია კარის პოლიტიკა რეალურად მუშაობს“. ცხადია საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიასაც:

„ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო საქართველოში უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის აგრესიული ქმედებები, ანექსიისკენ ბოლოდროინდელი გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ ზოგადევროპულ უსაფრთხოებას – ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას... და ეს არ არის მხოლოდ უკრაინა, ეს არის საქართველო, რომელმაც პირველად იწვნია რუსეთის აგრესია“.

რუსეთის აგრესიული ქმედებები მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს საგარეო უწყების უკიდურესი შეშფოთების საფუძველი. ამჯერად, საუბარია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებზე, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის სამხედრო ბაზაზე დაიწყო. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, წვრთნებში მონაწილეობას იღებს 1,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.

უნდა იყოს პრინციპული კურსი: რუსეთი არის ოკუპანტი, ის სრულ იგნორირებას უკეთებდა და დღესაც უკეთებს და აუარესებს თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ...
დავით დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო საპარლამენტო უმცირესობა რუსეთის მიმართ საქართველოს მთავრობის არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ პოლიტიკაზე ლაპარაკობს.

„ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე, კარასინზე ოპტიმისტური ნოტები და მეორე მხრივ, პროტესტები – მთლად კარგად არ თავსდება ერთმანეთთან. უნდა იყოს პრინციპული კურსი: რუსეთი არის ოკუპანტი, ის სრულ იგნორირებას უკეთებდა და დღესაც უკეთებს და აუარესებს თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ“, – განაცხადა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა.

რუსეთი არ მალავს, რომ სასტიკად უკმაყოფილოა საქართველოს სწრაფვით ევროკავშირისა და ნატოსკენ. მიმდინარე კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების „სრულფასოვან ნორმალიზებას“ ეს საკითხებიც აფერხებს. სხვა შემაფერხებელ ფაქტორებად კი დასახელებულია ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები და ასევე ის, რომ თბილისი უარს არ ამბობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებად ჩათვლაზე.

მიმდინარე კვირაში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოქვეყნა პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემები, რის მიხედვითაც ვლინდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირება. ამ მომაცემების თანახმად, პირველ სამ თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 175 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 34%-ით შემცირებულია, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. თუკი ეკონომიკის სფეროს ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით დასვნების გამოტანა არ ღირს, მეორე ნაწილი თვლის, რომ სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ასეთი მდგომარეობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის საგანგებოდ სახელდება სავიზო რეჟიმის გამკაცრება და ეროვნული ვალუტის არასახარბიელო მდგომარეობა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირების ფონზე საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა იმედმა, რომელიც საუდის არაბეთის პრინცმა გააჩინა საქართველოში. არაბული სამყაროს ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი თბილისს 10 ივნისს ნახევარი დღით სტუმრობდა. ჯერჯერობით, მოლოდინი რიცხვებში არ კონკრეტდება, მაგრამ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას რომ გეგმავს, თითქმის 23 მილიარდი დოლარის მფლობელმა პრინცმა, ეს ოთხშაბათს, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა. „მოუთმენლად ველოდებით გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას ამ დიდებულ ქვეყანაში“ – თქვა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდმა, რომელსაც პრეზიდენტმა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

სასტუმროების ბიზნესი, გართობის ბიზნესი, კომუნიკაციებისა და სოფლის მეურნეობის სექტორები – ასეთია საუდის არაბეთის პრინცის ძირითადი ბიზნესინტერესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად, საქართველოც უპირველეს ყოვლისა ამ მიმართულებებით მოელის ინვესტიციებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიმედებულია, რომ საუდის არაბეთის პრინცი დანაპირებს შეასრულებს:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ისეთი მსოფლიოში ცნობილი, გამორჩეული ბიზნესმენები, როგორიც არის საუდის არაბეთის პრინცი, გამოხატავს ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ მისი ვიზიტი იყო საკმაოდ ძლიერი გზავნილის შემცველი და მიმაჩნია, რომ ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ... პრინცი აპირებს, რომ უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად კონკრეტულ პროექტებზე დაიწყებს მუშაობას“.

12 ივნისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც 2012-2014წლებში, თვითმმართველობის ორგანოების დონეზე, მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიებისა და დანამატების ჯამმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. როგორც ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა გიგა გვილავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ არ ხდება დასაბუთება იმისა, თუ რის საფუძველზე გაიცემა თანხა ამა თუ იმ თანამშრომლისთვის. გათვალისწინებული არ არის 2014 წლის ივლისში გამოცემული მთავრობის განკარგულება, რომელიც საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცებას ეხება და რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გაეწიათ რეკომენდაცია პრემიების ოდენობის გაცემის წესის მიღების თაობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ამ გამოკვლევის თანახმად, თბილისის მერიასა და საკრებულოში, 2012-2014 წლებში, პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 40 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. გამოკვლევის მიხედვით, თბილისში პრემიებისა და დანამატების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG