Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუმჯობესებული, მაგრამ არასრულყოფილი მექანიზმი


ეკატერინე სხილაძე, უჩა ნანუშვილი, ანა ილურიძე
ეკატერინე სხილაძე, უჩა ნანუშვილი, ანა ილურიძე

სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო სპეციალური ანგარიში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების შესახებ. როგორც ირკვევა, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა კვლავ მძიმე პრობლემად რჩება. ანგარიშის მიხედვით, მოძალადეთა 92 პროცენტი კაცია, ხოლო მსხვერპლთა 87 პროცენტი - ქალი. ამასთან, გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მაჩვენებელი.

გადმოწერა

სახალხო დამცველი წლებია მოითხოვს, გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევათა როგორც სტატისტიკის წარმოებას, ასევე ანალიზს, თუმცა, როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, დღემდე ასევე არ არსებობს ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკების შეფასების სისტემა. შესაბამისად, ომბუდსმენის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ვითარება მნიშვნელოვნად არ იცვლება:

„ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ისევე როგორც მაღალი იყო ფემიციდის გამოვლინებები: 21 ქალი იქნა მოკლული 2016 წლის განმავლობაში მეუღლის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ ოჯახური ძალადობის პირობებში, რის გამოც ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა“.

მთავარი პრობლემაა პოლიციის მხრიდან შემაკავებელი და დამცავი ორდერების არაადეკვატური მონიტორინგი, რაც ან არსებობს, ან კარგად არ მოქმედებს. ასევე არ არსებობს რისკების შეფასების მექანიზმი, რათა ინდივიდუალურ საქმეებზე რისკები შეფასებული იქნეს ინდივიდუალურად და გატარდეს ის დამატებითი დამცავი ღონისძიებები, რაც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს უნდა ახლდეს თან...
ანა ილურიძე

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალები ყველაზე ხშირად პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2016 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების ანალიზის თანახმად, ძალადობის ფაქტი გამოვლინდა 3 012 ოჯახში, აქედან შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა 2 877-ჯერ. სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ილურიძის, თქმით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მაჩვენებელი, რაც ძალადობასთან ბრძოლის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

„მთავარი პრობლემაა პოლიციის მხრიდან შემაკავებელი და დამცავი ორდერების არაადეკვატური მონიტორინგი, რაც ან არსებობს, ან კარგად არ მოქმედებს. ასევე არ არსებობს რისკების შეფასების მექანიზმი, რათა ინდივიდუალურ საქმეებზე რისკები შეფასებული იქნეს ინდივიდუალურად და გატარდეს ის დამატებითი დამცავი ღონისძიებები, რაც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს უნდა ახლდეს თან“, უთხრა ანა ილურიძემ რადიო თავისუფლებას.

მონიტორინგისა და რისკების შეფასების მექანიზმის არარსებობაზე მეტყველებს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვედრილი ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე: 2016 წლის 31 მარტს ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრები ქალი მ. ფ. მოკლა ქმარმა, თუმცა დანაშაულის ფაქტამდე პოლიციაში, შესაძლოა, ძალადობის შესახებ შვიდი შეტყობინება შევიდა. ეს და სხვა მსგავსი ფაქტები სახალხო დამცველს აფიქრებინებს, რომ ოჯახში ძალადობისაგან დამცავი მექანიზმები შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

„ზოგადად, ბოლო წლებში მექანიზმი აშკარად გაუმჯობესდა. ამაზე მეტყველებს ის, რომ უფრო მეტია ძალადობის გამოვლინების მაჩვენებელი, ასევე რეაგირების შემთხვევები არის ბევრი, მაგრამ მთელი რიგი ფაქტები გვაქვს ისეთი, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ეს მექანიზმი რიგ შემთხვევებში არ არის ეფექტიანი, მათ შორის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განმეორებით ძალადობას აქვს ადგილი და ამ მიმართულებით იყო არაერთი პრობლემური შემთხვევა. ზოგადად, არის გარკვეულწილად პროგრესი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და რეაგირება ასეთ ფაქტებზე ხდება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მაინც მთელ რიგ შემთხვევებში საკმაოდ ეფექტური არ არის იგივე პოლიციის საქმიანობა და უფრო მეტი არის გასაკეთებელი. საუბარია რამდენიმე ათას ფაქტზე წლის განმავლობაში და ეს არის საგანგაშო“, უთხრა უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სახალხო დამცველის პასუხად გუგული მაღრაძე, დეპუტატი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ამბობს, რომ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა მოწადინებულია გააუმჯობესოს როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკა:

„კანონი დაიხვეწა. მარტო 2014 წელს ჩემ მიერ ინიცირებული იქნა 13 შესწორება. წელს პარლამენტმა მიიღო დანარჩენი შესწორებები, რაც საჭირო იყო სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის. გამოცოცხლდა აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა. ტრენინგები უტარდებათ პოლიციელებს, მოსამართლეებს და ის, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, იმაზე მეტყველებს, რომ გაიზარდა მიმართვიანობა. ადამიანებმა ირწმუნეს, რომ თუ მიმართავენ სახელმწიფო ორგანოებს, უფრო დაცული იქნებიან. ამასთან ერთად, გაცილებით მეტი ადამიანი იხდის სასჯელს იმისთვის, რომ დაარღვია ოჯახური ძალადობის კანონი“.

ნათია გვიანიშვილი
ნათია გვიანიშვილი

თუმცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კანონის გამკაცრება და დამნაშავის დასჯა საკმარისად არ მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. უნდა შეიცვალოს პოლიტიკოსებისა და სხვა გავლენიანი ინსტიტუტების წარმომადგენელთა დამოკიდებულება ოჯახში ძალადობაზე, რომელიც, ფემინისტი აქტივისტის, ნათია გვიანიშვილის, თქმით, ხმამაღლა და საჯაროდ დასაგმობია.

„მსგავსი მესიჯები არ ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით. ის ადამიანები, ვინც პოლიტიკის დღის წესრიგს ადგენენ და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებენ, არ აჟღერებენ ამ მესიჯებს. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ეკლესიასაც არაერთხელ გამოუთქვამს არაერთგვაროვანი მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებთი და თითქოს ქალების დადანაშაულება ხდება და მოძალადის გამართლება, რაც ძალიან დიდ დისონანსს იწვევს საზოგადოებაში. შესაბამისად, სანამ ჩვენ არ გვექნება ჰარმონია და სინქრონი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე დადებით რეფორმებსა და მმართველი პოლიტიკური გუნდის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა ინსტიტუციების მესიჯებს შორის, დიდი დრო დაგვჭირდება, რომ შედეგს მივაღწიოთ“, - უთხრა ნათია გვიანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მასშტაბების ზრდას ხელს უწყობს საზოგადოებაში ჭარბად გამჯდარი გენდერული სტერეოტიპები, ოჯახში ძალადობა კი განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე ქალებზე, არასრულწლოვნებზე, ეთნიკურად არაქართველ ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG